ბიოგრაფია სიცოცხლეშივე უსამართლოდ მივიწყებული მოღვაწე დაკრძალეს პატივით, ხალხმრავალი პროცესიით, გვირგვინებით, მგზნებარე გამოსათხოვარი სიტყვებით 2017, 14 ნოემბერი, 0:53 ცხოვრების ვაი-ვაგლახმა, განუწყვეტლივ ვალებში ყოფნამ, სახლისა და ავლადიდების გაყიდვამ, ცოლშვილიანად ქუჩაში დარჩენამ, თავშესაფრის ძებნამ, მრავალი წლის ნაამაგარი, სანუკვარი "ცისკრის" გამოცემის შეწყვეტამ ნაადრევად მოტეხა ივანე კერესელიძე...
1829 წელს გააზნაურებული გლეხის ოჯახში დაიბადა. მომავალი მწერალი, საზოგადო მოღვაწე ერთი წლისა დაობლდა... იგი თეკლა ბატონიშვილის თხოვნით თბილისის გიმნაზიაში ჩარიცხეს, მისი დახმარება იმიტომ დასჭირდა, რომ გიმნაზიაში მხოლოდ თავადაზნაურთა ოჯახის შვილებს იღებდნენ. ქართულის მასწავლებელი ივანე მალევე დაითხოვეს სამსახურიდან, რადგან მას არ ჰქონდა აზნაურობის დამადასტურებელი მოწმობა...
გიმნაზიიდან გათავისუფლებული, ულუკმაპუროდ დარჩენილი ახალგაზრდა დავით დადიანმა, სამეგრელოს მთავარმა, ზუგდიდში მიიწვია შვილების მასწავლებლად. ზუგდიდიდან მატერიალურად მოღონიერებული დაბრუნდა და შეუდგა ოცნების ასრულებას-1857 წელს მან დააფუძნა, განაახლა გიორგი ერისთავის მიერ ნაანდერძავი "ცისკარი"; აქედან დაწყებული 18 წლის განმავლობაში "ცისკარს" შესწირა მთელი თავისი ნიჭი, შრომა, ოჯახური სიმშვიდე, ქონებრივი კეთილდღეობა თუ შემოქმედებითი უნარი. მატერიალურად თვითონ შეჭირვებული, ხელს უმართვადა რუსეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს, მართავდა საქველმოქმედო საღამოებსა და წარმოდგენებს, ხოლო შემოსულ თანხას ხელმოკლე ქართველ სტუდენტებს უგზავნიდა რუსეთში. "ცისკრის" რედაქცია სახლში ჰქონდა მოწყობილი, რაც თავისებურად ლიტერატურულ სალონსაც წარმოადგენდა. აქ იკრიბებოდნენ სხვადასხვა თა ობის მწერლები, ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები და მსჯელობდნენ ქართული კულტურის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 1875 წელს შეწყდა "ცისკრის" გამოცემა... 1878 წელს გარდაეცვალა ერთგული მეუღლე 36 წლისა... სიცოცხლის უკანასკნელი წლები ძირითადად სოფელ ბოგვში გაატარა. 1892 წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ნაქირავებ ბინაში, უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა ივანე კერესელიძე... დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. სიცოცხლეშივე უსამართლოდ მივიწყებული მოღვაწე დაკრძალეს პატივით, ხალხმრავალი პროცესიით, გვირგვინებითა და მგზნებარე გამოსათხოვარი სიტყვებით... 924 11-ს მოსწონს
|