x
ჯაზი- ეს ურთიერთობის მუსიკაა

ჯაზი ეს განსაკუთრებული მოვლენაა მუსიკალურ სამყაროში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა წარმოდგენა არა მარტო მუსიკაზე, არამედ ადამიანთა ურთიერთობებზეც კი.

image

ჯაზური საშემსრულებლო შედევრებისათვის დამახასიათებელია გახსნილობა, დიალოგურობა, სპონტანურობა. კომპოზიტორები სულ უფრო დიდი ინტერესით ეკიდებიან ჯაზს და ცდილობენ გაითავისონ მისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციის კანონები, სპონტანური, თავისუფალი მუსიცირება. ჯაზი გვასწავლის, როგორ გათავისუფლდეს მუსიკოსის აზროვნება არსებული დოგმებისა და შაბლონებისგან.

გია ყანჩელი: „ყველა ჩემს ნაწარმოებში, იქნება ეს სიმფონია თუ სიმღერა, უფრო ქვეცნობიერად ვლინდება ჩემი ჯაზის გრძნობა. ბუნებრივია, ეს არ არის „სუფთა“ ჯაზი, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით, არამედ ჯაზის ხატება, გადატეხილი ჩემს საკომპოზიტორო აზროვნებაში“.

image

არაფერია უცნაური იმაში, რომ ჯაზის ელემენტები და მისი ესთეტიკა ვლინდება ნაწარმოებებში, რომელთაც პირდაპირი კავშირი ჯაზთან არ აქვთ. აქ ვლინდება პირუკუ გავლენაც. დღეს ჯაზის ჟღერადობა შეიძლება აღვიქვათ სიმფონიაშიც, ბალეტშიც, სიმღერაშიც და ყოფით ცეკვაშიც, რაც არავისთვის აღარაა გასაკვირი. ეს დღევანდელი მუსიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.

ნორვეგიელი საქსოფონისტი იან გარბარეკი აღნიშნავს: „ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ ის ძალიან ღიაა, თქვენ შეგიძლიათ მასში შეიტანოთ ნებისმიერი მსოფლიო მუსიკალური მონაპოვარი, რომელიც ჯაზში იმუშავებს, როგორც იდიომა. სწორედ ამაში ვხედავ ამ მუსიკის მთავარ ძალას და უპირატესობას“.

როგორც ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი სერგეი კუსევიცკი წერდა, „ჯაზი თანამედროვე მუსიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მას ეპოქალური მნიშვნელობა აქვს, ის არ არის ზედაპირული, იგი ფუნდამენტურია. ჯაზი სულიდან მოდის, საიდანაც ყველა სახის მუსიკა იწყება“.

image

საერთოდ ჯაზის სამშობლოდ ახალი ორლეანი ითვლება. ისტორიაში პირველ ჯაზმენად მიიჩნევენ ამ ქალაქში მცხოვრებ მესაყვირეს -ბადი ბოლდენს. ახალი ორლეანიდან ჯაზი თანდათანობით მდინარე მისისიპს აუყვა და ამერიკის ჩრდილოეთ შტატებშიც მოიპოვა პოპულარობა, განსაკუთრებით კი ჩიკაგოში.

პირველი სერიოზული შავი ჯაზის ანსამბლი შექმნა 1918 წელს ახალი ორლეანიდან ჩამოსულმა კინგ ოლივერმა, რომელიც ჩიგაკოს სამეფოს ბაღის კაფეში უკრავდა და სახელიც გაუთქვა ამ ადგილს, მისივე ანსამბლში უკრავდა ახალგაზრდა ლუი არმსტრონგიც.

image

ერთხელ, როცა არმსტრონგი ქუჩაში მისეირნობდა, გაიგო, რომ ქუჩის მუსიკოსები მის ნაწარმოებს უკრავდნენ და საკმაოდ კარგადაც. ლუიმ ზრდილობიანად დაუკრა ტაში, მაგრამ მუსიკოსს, რომელიც ამ ორკესტრში არმსტრონგის როლს ასრულებდა, ურჩია ნელა დაეკრა. შენ საიდან იცი როგორ დავუკრაო? ჰკითხა მუსიკოსმა. მე ლუი არმსტრონგი ვარ და ეს მუსიკა ჩემი შექმნილიაო, უპასუხა არმსტრონგმა. როდესაც მეორე დღეს იმავე ქუჩაზე გაიარა, დაინახა, რომ ამ ანსამბლს გვერდით დაფა მიეყუდებინათ წარწერით „ლუი არმსტრონგის მოწაფეები“.

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0