რელიგია პატრიარქის განცხადებამ სამი ცხვრის შესახებ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია 2017, 10 ოქტომბერი, 21:53
საქართველოს კათალიკოს -პატრიარქის ილია მეორეს განცხადებას საკვირაო ქადაგების დროს"სამი ცხვრის შეწირვის" შესახებ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რის გამოც საქართველოს საპატრიარქო იძულებული გახდა ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გაეკეთებინა.განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა:
"შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა გასული კვირის ქადაგებაში ბრძანა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად კარგი იქნება, თუ დასალოცად მოსული ესა თუ ის გვარი მთელი გვარის სახელით შემოწირავს სამ ცხვარს, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა. ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით, რითაც ღვთივსათნო საქმე აღესრულება. წარმოგიდგენთ საქართველო კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს საკვირაო ქადაგების დროს წარმოთქმულ ტექსტის ფრაგმენტს: "ჩვენ ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ალბათ ეს არ არის საკმარისი. რაღაც უფრო უნდა გაძლიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან. ჩვენ ბევრი გვიფიქრია იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. თქვენ გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა ლოცვითა და მარხვით განიდევნება. შემოვიდა აზრი და მე ძალიან მომწონს ეს, რაც ძნელი არ არის – ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები – მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები, ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამებით, ამ წმინდა ტაძრიდან. დავუშვათ, დღეს 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს. შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. ვფიქრობ, ეს საოცარ შედეგს მოიტანს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ხალხში სიყვარული და პატივისცემა. ძველი რომაელები ამბობენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ამას ვერ ვიტყვით, ვერ ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის სიყვარულია, ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ძმებს დავეხმაროთ, ვინც არ უნდა იყოს. მით უმეტეს, თუ გაჭირვებულია ადამიანი და არის ცოდვაში ჩავარდნილი, მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ ამ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც სასუფეველში მიგვიყვანს" 226 8-ს მოსწონს
|