პროზა მე დამოუკიდებლობა მქვია და საქართველოში ვცხოვრობ 2017, 2 ოქტომბერი, 1:58 დაიბადა! დაიბადა! დაიბადა! ასე ყვიროდა მამაჩემი იმ დღეს, როდესაც ექიმებმა ჩემი გაჩენა ახარეს და სიხარულისგან გონება დაკარგულმა დამოუკიდებლობა დამარქვა. მთელი ბავშვობა ტვირთი იყო ამ სახელის ტარება, რადგან საქართველოში, მხოლოდ მე მერქვა დამოუკიდებლობა. ზოგი მამაჩემს გმირს ეძახდა, ზოგი კი გიჟს, რადგან 1982 წელს მართალია შესუსტებული, მაგრამ სოციალისტური იდეოლოგია, მაინც სულით ხორცამდე გამჯდარი ჰქონდა ქართულ „საზოგადოებას“. ახლობლები საყვედურობდნენ ჩემი უმსგავსო სახელის გამო. ბევრმა მეგობარმა კონტაქტი გაწყვიტა, მას შემდეგ რაც მოვევლინე ამ ქვეყანას. მართლაც მძიმე ბავშვობა მქონდა. მარტოს მიწევდა ჭუჭყიან მიწაში თამაში. ვაშენებდი სახლებს, ეკლესიებს, სკვერებს, ბაღებს. წარმოდგენაში ვაწყობდი სახალხო ზეიმებს, გამოფენებს, პოეზიის საღამოებს, მშვიდობიან თეატრალურ წარმოდგენებს. ვქმნიდი ჩემს სამყაროს, სადაც სიყვარული და ერთგულება იყო მთავარი. სწორედ ამიტომ ზოგს გიჟი ვეგონე, ზოგს კი შეჩვენებული. 1988 წლის 1 სექტემბერი პირველი ზარი! არამარტო სკოლაში, არამედ ჩემ ცხოვრებაშიც ჩამოკრა, როდესაც დამრიგებელმა სიის ამოკითხვისას სოცსილა ივერად მომიხსენია. ტირილით და ზლუქუნით დავიწყე იმის მტკიცება, რომ დამოუკიდებლობა მერქვა. თმა გათეთრებულმა, სახე და ხელებ დანაოჭებულმა მასწავლებელმა, ჯერ გაოცებით შემომხედა, მერე სათვალე შეისწორა და გულიანად გადაიხარხარა, თანაგრძნობით გადამისვა თავზე ხელი და მითხრა, რომ დამოუკიდებლობა არ არსებული სახელია. დამოუკიდებლობა მხოლოდ ადამიანის წარმოსახვაში არსებობს და არ შეიძლებოდა ის ჩემი სახელი ყოფილიყო. ცდილობდა ჩემ დამშვიდებას და დრწმუნებას, რომ სოცსილა ეს იყო უსაზღვროდ აზრიანი, სიძლიერით და სიამაყით სავსე სახელი. მიმიხუტა გამხმარ გულზე და ისე ჩამებღაუჭა შემეშინდა კიდეც ძვლები არ დამტვრეოდა. აი ასე ვიქეცი ჩემი მასწავლებლისთვის საყვარელ მოსწავლედ. თმა გადატკეცილი, თეთრ პერანგსა და წითელი ბარხატის მაქმანით მორთული კაბით ვიჯექი 40 წუთი და ვფიქრობდი, მხოლოდ ჩემს სახელზე. ვფიქრობდი რა იყო სოცსილა და რატომ მეძახდნენ დამოუკიდებლობას?! ცრემლით სავსე თვალებით ვიჯექი გაუნძრევლად სახლში წასვლის მოლოდინში. გაქცევა მინდოდა და უკან აღარასდროს დაბრუნება. ექოთი შორიდან მესმოდა - სოცსილა ივერი. - სოცსილა ივერი და ვგრძნობდი როგორ მასხავდა ცივი ოფლი. ბავშვური გონებით ვერ მივხვდი თუ რას ნიშნავდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ შავით მოსილი, გაურკვეველი და ბოროტების მატარებელი სახელი იყო. გავიდა ნანატრი 40 წუთი და დაირეკა მეორე, ჩემთვის მესამე ზარი. მე უსიტყვოდ გამოვედი გარეთ, სადაც დედა მოუთმენლად მელოდება საკლასო ოთახის კართან. ისე ჩავუარე ხმა არ გამიცია. მესმოდა ჩემი სახელით აღტაცებული მასწავლებელი, როგორ ესაუბრებოდა მას. წამოვედით. შეიცვალა სამყარო. შეიცვალა დედა, შევიცვალე მეც და საერთოდ ყელაფერს ფერი ქონდა შეცვლილი. ხმას არ ვიღებდი. მხოლოდ საკანცელარიო მაღაზიას, როცა მივუახლოვდით დაარღვია სიჩუმე დედამ მთხოვა შესვლა. - შეხედე დამოუკიდებლობა! რაც გინდა იმას გიყიდი. შენ ოღონდ რამე თქვი და ხმა ამოიღე. გულისტკივილით მითხრა დედამ. მე ხმა არ ამომიღია, უბრალო ხელის მოძრაობით საქართველოს რუკაზე მივანიშნე, რომელიც იქვე კუთხეში გამოუსადეგარი ნივთივით იყო მიგდებული. ალბათ არავინ ყიდულობდა და ჩამოუხსნიათ ვიტრინიდან. დედამ გამყიდველს 20 კაპიკიანი გაუწოდა და თხოვა რუკა მოეცა. (ალბათ ივარაუდა მისი ფასი). გამყიდველს ჯერ ჩაეცინა, მერე მე გამომხედა და მითხრა: - რად გინდა პატარავ? რაში უნდა გამოიყენო? გამყიდველს კვლავ ჩაეცინა და ცოტა ხმადაბლა. თითქმის ჩურჩულით თქვა: - არ მინდა ფული. ჩამოფასებული საქონელია. მაინც არავინ ყიდულობდა. უკვე წლებია ვიტრინაში გვიდევს და არავის უკითხავს. დასაწვავად გამზადებული, ნაგავიდან ამოღებული, როგორ მოგყიდოთ?! თავაზიანად გადაუხადა მადლობა დედამ და გამოვედით მაღაზიიდან. რუკა ჩემზე დიდი იყო, გამოვგლიჯე ხელიდან და გულზე მივიხუტე. ჩავიკარი და უცნაური სითბო ვიგრძენი. თითქოს ჩემ სულში შემოვიდა, თითქოს ჩემი სახლი ვიპოვე და კმაყოფილებით, ჩურჩულით ნაძალადევად წარმოვთქვი: - მადლობა. - არაფრის შვილო. დედამ ნაზად გადამისვა თავზე ხელი. მტკივნეულად ამოიხვნეშა და წინ უსასრულობაში დაიწყო ყურება. ასე უხმოდ მოვედით სახლამდე, სადაც ბაბუ დაგვხვდა. ოთახი ოთახში, სადაც ბაბუს ეძინა იშვიათად თუ გაბედავდა ვინმე შესვლას. ჩემი ბავშვობის ინტერესი, მხოლოდ ამ ოთახს მიჯაჭვოდა და ფიქრებში წასულს წარმომიდგებოდა ხოლმე ის დღე, როცა შევაღებდი კარს, რომელსაც არასდროს კეტავდა. სკოლიდან დაბრუნებულს, ჩემდა გასაკვირად ბაბუ თავის ოთახში, ლოგინში მწოლიარე დამხვდა. ისედაც დამუნჯებულმა ხმა ვეღარ ამოვიღე და გაშეშებულმა შორიდან დავუწყე ყურება. - დამოუკიდებლობა შემოდი! მზრუნველი ხმით დამიძახა ბაბუმ. ადგილიდან დაძვრა მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. შიშს და ძრწოლვას ერთდროულად ავეტანე და შეზავებული განცდით, გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფს არ ვიცოდი რა მექნა.?! ადგილიდან დაძვრა ვცადე, მაგრამ თითქოს რაღაცა უხილავ ძალას მხრებით ვეკავე და არ მაძლევდა ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. - დამოუკიდებლობა ნუ გეშინია შემოდი. ისევ გამიმეორა მზრუნველი, თბილი ტონით ბაბუმ. მთელი არსებით მოვიკრიბე ძალა და გავბედე ოთახში შესვლა. სუნთქვა შემეკრა. შიშმა ამიტანა და გაოგნებული ვუყურებდი მუდამ მოსიყვარულე ბაბუს. ბაბუ ლოგინიდან არ წამომდგარა . ირგვლივ უამრავი ძველებური ლამაზი ნივთი იყო, იქვე ფანჯარასთან თვალში საცემად ლამაზი ფეხებითა და ზედაპირით მორთული საწერი მაგიდა იდგა, ზედ ძველებური სანათურით, რომელისაც ყოველ საღამოს ანთებდა წიგნების კითხვისას. ოთახს უცბად მოვავლე თვალი და ჩემი მზერა მხოლოდ ერთ ნივთზე შეჩერდა. გულმა ხმაურიანად ბაგაბუგი დაიწყო. ვიგრძენი როგორ მიკანკალებდა პატარა ხელები. ლოგინის პირდაპირ უშველებელი სურათი ეკიდა კაცის გამოსახულებით, დიდი ულვაშითა და ჩიბუხით. მეხსიერებაში მისი თვალებით და გამომეტყველებით გამოწვეული უსიამო შეგრძნება დამრჩა. ერთი შეხედვით უწყინარი, კეთილი კაცი, ხოლო დაკვირვების შემდეგ შეამჩნევდით მედიდურ და მკაცრ სახეს, სიცივისაგან გაშეშებულ ნაკვთებს და თვალის სიღრმეში ჩახედვისას მიხვდებოდი, რამხელა სიბოროტის მატარებელი იყო?! იმ წუთას ამდენი ფიქრი არ დამიწყია. ბაბუს ბავშვური უმანკოებით ვკითხე: - ბაბუ ეს კაცი ვინ არის სურათზე? - ეგ ბაბუ დიდი კაცი იყო. ჩვენი პატრონი და გადამრჩენელი. მაგის გარეშე არაფერი ხდებოდა მთელს ქვეყანაზე. - მკვდარია? - ხო ბაბუ! მკვდარია. - ჩვენ სახლში რატომ არის მისი სურათი? იცნობდი? - ბაბუ! მაგ კაცს ყველა იცნობდა და ეგ კაცი ყველას იცნობდა. - ბაბუ შენ იცნობ ყველას? - არა ბაბუ! მე არ ვიცნობ ყველას. - აბა ეს კაცი როგორ იცნობდა? - ეგ გრძელი ამბავია, რომელსაც ჯერ შენ ვერ გაიგებ. - ბაბუ გავიგებ. - მერე სხვა დროს მოგიყვები. - ჩვენ სახლში რატომ კიდია კედელზე მისი სურათი? - იმიტომ ბაბუ, რომ დიდი ადამიანის სურათები, ყოველთვის კედლებზე კიდია ოჯახში გარდაცვალების შემდეგ. - ბაბუ ნახე მე დღეს საქართველოს რუკა ვიყიდე. მე ამას გავაკრავ ჩემთან ოთახში. - გააკარი ბაბუ. - ბაბუ რატომ წევხარ? რატომ არ ადექი დღეს? - ცოტა შეუძლოდ ვარ შვილო. მიდი დაისვენე და მერე მეც ავდგები. - კარგი ბაბუ. მივედი ბაბუს კისერზე მოვეხვიე, ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა. მალევე გამოვბრუნდი და მისაღებ ოთახში გამოვედი. 1989 წელი გაზაფხული ჩემთვის დაბადებასთან ასოცირდება. სტიმულითა და ბედნიერების დღეებით სავსე. ცივ ზამთარს დამშვიდობებული უყურებ, როგორ ცოცხლდება თვალწინ ბუნება. ჩიტების დაბრუნება მახსენებს ხოლმე, რომ მეც შემიძლია ფრენა. სწორედ ასეთ ბედნიერი დილა იყო. გახარებული წამოვარდი ლოგინიდან და უსიტყვოდ გავემზადე სკოლაში წასასვლელად. გამოვედი მამასთან აივანზე, რომელიც კოპებშეკრული იჯდა და გაზეთს კითხულობდა. - სკოლაში არ მივდივართ მამა? - დღეს არა შვილო. მშრალად მიპასუხა და გააგრძელა კითხვა. - რატომ მამა? - არეულობაა ქუჩებში. - რისთვის მამა? - დამოუკიდებლობისთვის. მივხვდი, რომ ჩემი სახელი იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე მე ვაცნობიერებდი. გაკვირვებული იქვე ჩამოვჯექი სკამზე და ნელი ტონით ვთხოვე მამას ხმამაღლა წაეკითხა. 1989 წლის 9 აპრილს, დილის 4 საათზე, მთავრობის სასახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს... გაზეთი ამცნობდა მოსახლეობას იმ ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც რუსული არმიის სისხლიანი დარბევის შედეგი იყო. 16 დაღუპული კაცი, მათ შორის 14 ქალი. ერთ-ერთი ორსული. ყველაზე პატარა კი 16 წლის. მე დღემდე მძვინვარებს ჩემ მოგონებებში განვლილი დღეები. განცდილი ემოციები და ბავშვური ჭიდილი მოგონებებთან. მახსოვრობაში ჩაბეჭდილი გაუაზრებელი ქცევები და ემოციისაგან სავსე თვალები. მაგრამ დღეს უკვე გავიზარდე და მივხვდი, რომ ცხოვრებას ისე ჩავეჭიდე, ხელის გაშვება მენანება. მოვებღაუჭე და მივხვდი აზარტულ მოთამაშედ ვიქეცი. მიმაქანებს არ ვიცი სად და მაინც მივყვები. ჭიდილი სიამოვნებას მანიჭებს და მჯერა, რომ ერთ დღეს, გამარჯვებულის სტატუსით ხელს გავუშვებ და ვეტყვი მშვიდობით. გადავინაცვლე დროსა და სივრცეში. ფიქრიდან ფიქრში, ემოციიდან ემოციაზე და მივხვდი, რომ ადამიანებს, მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება ცხოვრებაში, რომელის სიტყვიერი ახსნა თითქმის კაცობრიობის მანძილზე ვერავინ შეძლო. ზოგმა სიყვარული დაარქვა, ზოგი კი ბედნიერების ქვეშ მოიაზრებს, თუმცა იმდენად მრავალფეროვანი ემოციაა, ნებისმიერ მოაზროვნეს გაუჭირდებოდა ერთ სიტყვაში მისი მოქცევა. . . დიახ! მე დამოუკიდებლობა მქვია და ვამაყობ, რომ საქართველოში ვცხოვრობ. 53 17-ს მოსწონს
|