რა არის დალაგებაზე უფრო მარტივი? ეს ხომ, ბოლოს და ბოლოს უმაღლესი მათემატიკა არ არის. ჩვენს სუპერაქტიურ დროში, მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, რომ სახლი სუფთა იყოს, არამედ ის – რომ ეს სისუფთავე, რაც შეიძლება მცირე დროის პერიოდში მიიღწეოდეს!
დალაგების პროცესის გასამარტივებლად და დაჩქარებისთვის, არსებობს მარტივი, მაგრამ მეტად საჭირო ხრიკები, მათ შორის, სააბაზანოს ოთახისთვისაც.
მაშ, ასე, პასუხი კითხვაზე, თუ რა შეიძლება დალაგებაზე უფრო მარტივი იყოს? – პასუხი ასეია: დალაგება ხრიკებით, დროის მცირე მონაკვეთში! აქ წარმოგიდგენთ სააბაზანოს მოწესრიგების სწრაფ ხერხებს, რომელზეც, სულ რაღაც, 1 სთ. დაგეხარჯებათ.
თოვლივით თეთრი აბაზანა
აბაზანისთვის ყვითელი ნადების მოსაცილებლად და მისთვის პირველადი სითეთრის დასაბრუნებლად, აგრეთვე, ბაქტერიების გასანადგურებლად, ეს შესანიშნავი საშუალება გამოგადგებათ!
4 ლ. თბილ წყალს დაამატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი, ერთი ჭიქა სპირტი და მეოთხედი ჭიქა სოდა. დაიტანეთ ეს საშუალება აბაზანის ზედაპირზე და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ, ცივი წყლით გადარეცხეთ.
სუფთა შხაპი
თუ ცხოვრობთ რეგიონში, სადაც წყლის სიხისტე მაღალია, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დროთა განმავლობაში, შხაპიდან წყლის ნაკადი მცირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ საშხაპეში მარილების დაგროვება ხდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არ არის საჭირო ახალი შხაპის შეძენა — ძმრის და სოდის გამოყენებით, დალექილი ქვების დაშლა და შხაპის განახლება შეიძლება.
ჭურჭელში ჩაასხით 1 ჭიქა ძმარი და დაუმატეთ 1/3 ჭიქა სოდა, მოათავსეთ შიგნით შხაპის თავი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შხაპს თავი არ ეხსნება — ეს ხსნარი პოლიეთილენის პარკში ჩაასხით, მოათავსეთ მასში შხაპი და პარკი ფრთხილად შეკარით. გააჩერეთ შხაპის თავი ხსნარში 2-3 საათით და თბილი წყლით გარეცხეთ.
გამჭვირვალე სარკე
სარკის გაწმენდა ძალიან მარტივია, მაშინაც კი თუ სპეციალური საწმენდი საშუალება არა გაქვთ! შეასხურეთ მას 3 % წყალბადის პეროქსიდი (პერეკისი) და მშრალი ხელსახოცი გადაუსვით.
სარკის გაწმენდა საპარსი კრემითაც შეიძლება. ამ შემთხვევაში, სარკე სუფთაც იქნება და აღარ დაიორთქლებს!
სუფთა ტუალეტი
ერთმანეთს შეურიეთ 100 მლ. თბილი წყალი, 2 ს. კ. სოდა და 4 ს. კ. ლიმონის წვენი (წვენის დასხმისას, ურიეთ). ამ საშუალების გამოყენება უნიტაზის, ჯაგრისისთვის ძნელად მისაწვდომ, რკალის ქვედა ნაწილებისთვის შეიძლება. გაიკეთეთ ხელთათმანები, დაასველეთ ხსნარში ტუალეტის ქაღალდი და ხსენებულ ადგილებზე მიაფინეთ. გააჩერეთ 2 საათი და შემდეგ წყალი ჩარეცხეთ.
ტუალეტის ჯაგრისი
იმისთვის, რომ უნიტაზის ჯაგრისი ახალივით სუფთა იყოს, აიღეთ კონტენერი, რომლის გადაგდებაც არ დაგენანებათ. ჩაყარეთ 1/2 ჭიქა სოდა, 2 სუფრის კოვზი მარილი, დაასხით 1/4 ჭიქა ძმარი, მოათავსეთ შიგნით ჯაგრისი და დაასხით მდუღარე წყალი, იმდენი, რომ ჯაგრისი დაიფაროს. 1 საათის შემდეგ, ამოიღეთ ჯაგრისი ხსნარიდან და წყალი გადაავლეთ.
ბრჭყვიალა ონკანი
ჟანგის მოცილება ონკანებიდან ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ამისთვის, სადილის მარილი (ქვამარილი) დაყარეთ დაჟანგებულ ადგილებზე და ზემოდან ლიმონის წვეი მოასხით.
ლიმონის წვენი ჟანგს გახსნის, მარილი კი შეიწოვს მას. ეს სნარი ღამის მანძილზე ასე დატოვეთ, ხოლო დილით სუფთა წყლით გადარეცხეთ. თქვენ შედეგით კმაყოფილი დარჩებით!
სუფთა ჭერი და კედლები
ჭერიდან ლაქების და მტვრის მოცილება მარტივად შეიძლება, ძმრიანი წყლით, პროპორციით 1:1. ამ ხსნარით გაწმინდეთ სააბაზანოს ჭერი.
რჩევა: მტვრისგან და ძმრიანი ხსნარისგან თვალების დასაცავად, დალაგების წინ, სათვალე გაიკეთეთ.
რაც შეეხება კედლებს, მის გასაწმენდად შეგიძლიათ ძმარი გამოიყენოთ. ის კაფელის ფილების საუკეთესო გამწმენდია. გარდა ამისა, მას ბაქტერიოციდული თვისებაც გააჩნია და ღრუბელს ობის სოკოსაც აცილებს.
თუმცა, ამ მეთოდით კედლების გასუფთავება, ძმრის მძაფრი სუნის გამო, ყველას არ გამოადგება. ძმრის ჩანაცვლება ლიმონის მჟავით შეიძლება: ღრუბელი დაასველეთ წყალში, გაწურეთ, ზემოდან ლიმონის მჟავის კრისტალები მოაყარეთ და კაფელის ფილებს გადაუსვით.
ანალოგიურ სიტუაციაში, კარგი გამწმენდი საშუალება არის სპირტიც: 4 ლ. წყალში გახსენით ნახევარი ჭიქა სუფთა სპირტი და ამ ხსნარით გაწმინდეთ აბაზანის კედლები.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
20 ხრიკი სახლის სწრაფად და ხარისხიანად დალაგებისთვის
10 ეშმაკობა ცხოვრების გასამარტივებლად
თუ გინდათ, რომ ფული დაზოგოთ... რჩევები საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხანგრძლივი მოხმარებისთვის
დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ! პატარა ხრიკები, რომლებიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს