საქართველო დემო(ნ)კრატია 2012, 4 აპრილი, 18:09 ოცდამეერთე საუკუნეა, დემოკრატიაა გამეფებული მსოფლიოში, ასე ჩვენთანაც... უფრო სწორედ ჩვენთან დემოკრატიაა გამეფებული, აი მსოფლიო მაშტაბით მსჯელობაზე კი ამ ეტაპისთვის თავს შევიკავებ...
მოკლედ დღეს ყველა შეთანხმებულნი ვართ, რომ დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე ოპტიმალური ფორმა, რომელიც კაცობრიობამ გამოსცადა თავისი ისტორიის მანძილზე. ამ დროს ხომ ყველაფერი ხალხის ხელშია, (ისე ხანდახან რას არ დავიჭერთ ხოლმე ხელში ჩვენ - ხალხი... თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით) ვირჩევთ ვისაც გვინდა და "მოვისვრით" ვისაც გვინდა, გვაქვს ბატონო ამის კანონიერი უფლება - ჩვენ ხომ მმართველობის ყვეეელაზე მიღებული და ოპტიმალური ფორმა ავირჩიეთ.
დემოკრატია გულისხმობს ასევე დემოგრაფიულ, რელიგიურ, გენდერულ თუ კიდევ სხვა უამრავ თანასწორობას, იკრძალება რასისტული დისკრიმინაციაც. არა, ნამდვილად კარგი კურსი გვაქვს არჩეული, ჩვენ - დემოკრატები ვართ!
წეღან ხელში გვეჭირა რაღაც, ვნახოთ იქნებ რამე ცუდია?! არა, ცუდი არ არის, ჩვენს ხელშია უფლებები, ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება.
მოდით სიტყვის თავისუფლებაზე - დემოკრატიის ამ ერთობ პატივცემულ პრინციპზე შევჩერდეთ ცოტა ხნით, იქნება და მართლა ცუდი რამე გვიჭირავს ხელში კაცო.
მოვწყდეთ ცოტა თეორიას და გადავხედოთ ამ ჩვენი ბედოვლათი დემოკრატიის რეალურ შედეგებს: დღეს ბატონო სიტყვის თავისუფლებაა გავრცელებული, იცის ეს ღრმად პატივცემულმა ანზორმა(რა მნიშვნელობა აქვს ანზორი იქნება თუ ლევანი?!) და დამდგარა ამ ჩვენი "კრატიის" მფლობელი "დემოსის" წინ და დედას აგინებს დემოკრატიის კიდევ ერთ გამოვლინებას და აღმოჩენას ნოდარს(აქაც ნუ მიწყენთ სახელის გამო...) ეს ესმით ამ "პატივცემული" დემოკრატების ნაშიერებს და სახლში მისულები უამრავ "გამოთავისუფლებულ სიტყვებს" პოულობენ. ოოო, ეს კი უკვირთ "დემოკრატ" მშობლებს - რას ბედავს კაცო ეს ბავშვიო?! და... ვაი, საწყალი ბავშვი, იწყება დემოკრატიული დესპოტიზმის კლასიკური გამოვლინება... მოდით ზემოხსენებულ ერთ-ერთ "დემოსის" წევრს - "ნოდარს" დავუბრუნდეთ, რომელმაც ბევრი იბრძოლა დემოკრატიისთვის, სხვა, მაშინ მისნაირ, "დემოსთან" ერთად, "მოისროლა" მონარქი, რომელიც იგივე "დემოსმა" სულ ცოტა ხნის წინ დემოკრატად "აირჩია" და დაიკავა მისი ადგილი, გავიდა კიდევ ცოტა ხანი და ამ ჩვენმა ღრმადპატივცემულმა "დემოსმა" აღმოაჩინა, რომ შეცდა... მაგრამ არაუშავს, ჩვენ ხომ დემოკრატიის ეპოქაში ვცხოვრობთ, ავირჩევთ სხვა "დემოკრატს". და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად, სანამ არ შევიცვლით კურსს და არ დავუბრუნდებით... უი, მაპატიეთ, ეს რა წამოვროშე?! არა ბატონო არა, ჩვენ წარსულში აღარასოდეს დავბრუნდებით, (ალბათ მაპატიებს ბატონი "ნოდარი" მისი სიტყვების გამეორებას...) ჩვენ ხომ დემოკრატები ვართ, დემოკრატია კი არის წყობა, რომელიც მსოფლიომ აღიარა, ესე იგი არის იქ რაღაც ღირებული, მაშინ სად გაგვეპარა შეცდომა? რატომ აღმოჩნდნენ ბატონი "ნოდარი" და ბატონი "ნოდარამდედემოკრატი" საკუთარი დემოკრატიის მსხვერპლი?! ბატონი "ანზორიც" არ დაგვავიწყდეს, მას ხომ ბატონი "ნოდარის" მიმართ წარმოთქმულმა "დემოკრატიით გაჟღენთილმა თავისუფალმა სიტყვამ" პრობლემები შეუქმნა თავის ნაშიერებთან?! მოდით ახლა ერთ ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას გაგნდობთ ამ საკითხზე იქნებ აქ იყოს შეცდომა... თუ არ დამეთანხმებით და აგერაა ბატონო ბურთიც და მოედანიც, გადაიბარეთ სიტყვა, ვინ დაგიშლით, ჩვენ ხომ დემოკრატები ვართ... მოკლედ, პატივცემულო "დემოსო", ჩვენ არასწორად გავიგეთ და აღვიქვით დემოკრატიის პრინციპები, დემოკრატია რომ სიტყვის თავისუფლებას ქადაგებს, ეს არ ნიშნავს რომ რაც გვინდა ის ვილაპარაკოთ, დემოკრატია მაშინ არის დემოკრატია, როცა მისი რომელიმე პრინციპის შესრულება არ ეწინააღმდეგება სხვა მისივე პრინციპს, ასე მაგალითად, როცა ბატონი "ანზორი" დედას აგინებდა ბატონ "ნოდარს" იგი ხომ არღვევდა დემოკრატიის სხვა პრინციპს?(აღარ გავაგრძელებ, რადგან იმედი მაქვს თავად მიხვდებით დარღვეულ პრინციპს...) აი სად არის ჩვენი შეცდომა, ჩვენ - "დემოსი" დემოკრატიის მხოლოდ იმ პრინციპებს მოვიხსებენთ არგუმენტებად, რომელიც ჩვენ გვაწყობს მოცემულ მომენტში, და სწორედ ამ დროს მივდივართ იმ უსასრულობამდე რაც წეღან მივიღეთ, ძნელი დასაჯერებელია ალბათ, მაგრამ სწორედ ეს პატარა შეცდომა იზრდება და მიდის იმ დიდ შეცდომათა კონამდე რამაც საზოგადოება დემოკრატიის გინებამდე მიიყვანა. მე გეტყვით, რომ დემოკრატიას მართლაც შეუძლია ნანატრი იდილიის მოტანა მთელი საზოგადოებისთვის, იგი მართლაც არის ყველაზე ოპტიმალური მმართველობის ფორმა და წყობა, მთავარია დავუჯეროთ მის პრინციპებს ისე როგორც უკვე ვთქვით - არცერთი მისი პრინციპი არ იყოს დარღვეული სხვა რომელიმე პრინციპის შესრულების დროს! 70 2-ს მოსწონს
|