x
როგორ ვმართოთ რისხვა?
ხშირად რისხვა კონფლიქტს განაპირობებს. ადამიანი, რომელიც განრისხებულია კარგას კონტროლსა და პიროვნულ სიძლიერეს. ამ დროს იგი მარიონეტს ემსგავსება, რომელსაც ვიღაც ძაფებით ათამაშებს. უმართავი რისხვა პიროვნებისა და საზოგადოებისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. რისხვის კონტროლი კი ადამიანის შინაგან ძალაზე მიუთითებს. სიმშვიდის შენარჩუნება ძლიერების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
რისხვის დროს ადამიანები სხვადასხვაგვარად იქცევიან: ზოგი გარბის, ზოგი ჩხუბობს, ზოგი დამშვიდებას და პრობლემებთან განმკლავებას ცდილობს. რისხვაზე იმპულსური რეაქცია შეიძლება იყოს გაქცევა ან ჩხუბი. ჩხუბი გულისხმობს ფიზიკურ ან სიტყვიერ აგრესიას. ხოლო გაქცევა გულისხმობს ძლიერი ემოციების მოთოკვას და იმის აღიარებაზე უარის თქმას, რომ პრობლემა გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გაქცევა ძალადობის აცილების ერთ-ერთი გზაა, მან შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და/ან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები (თავის, მუცლის ტკივილი, მოუსვენრობა, გაღიზიანება, სევდიანობა და სხვა).რაც მთავარია, ამით პრობლემა კი არ გვარდება, არამედ კიდევ უფრო მძიმდება- ურთიერთობა უარესდება, ადამიანები ფიქრობენ, რომ შენი დაჩაგვრა შესაძლებელია. გარდა ამისა, თუ რისხვას ჩაიხშობ ( არ აღიარებ ან არ გამოხატავ), მან შეიძლება მოგვიანებით ამოხეთქოს, მაგალითად, სკოლაში თანაკლასელებთან ან მასწავლებლებთან სერიოზული შელაპარაკების შედეგად, სახლში მოსულმა შეიძლება ოჯახის წევრთან უმიზეზოდ იჩხუბო, ან მშობლის უწყინარ ხუმრობაზე გაღიზიანებულად, აგრესიულად უპასუხო და ა.შ. შეკავებული რისხვა აუცილებლად ამოხეთქავს სხვა დროს, სხვა სიტუაციაში. ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პრობლემა ძალადობის გარეშე მოვაგვაროთ და არც ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი, არის საკუთარი თავის რისხვის კონტროლისა და მართვის უნარის გამომუშავება.

როგორ ვაკონტროლოთ რისხვა?

ნაბიჯი1. დააკვირდით, როგორი შეგრძნება გაქვთ სხეულში.

აუცილებელია რისხვის ნიშნების დადგენა- რა შეგრძნებები, ფიზიკური მახასიათებლები მიანიშნებენ თქვენი რისხვის შესახებ ( თავისა და კისრის დაჭიმვა, წარბებს შორის ნაოჭის გაჩენა, დაძაბულობის გრძნობა, კანკალი, სიცივის ან სიცხის შეგრძნება, გულისცემის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება და სხვა)


ნაბიჯი2. განსაზღვრეთ რისხვის გამომწვევი მოვლენა;

მაპროვოცირებელი მოვლენა არის ისეთი მოვლენა ან სიტუაცია, რომელიც ადამიანს რისხვისკენ უბიძგებს.
ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სიტუაციას. ერთი ადამიანი მეორესთან შედარებით უფრო იოლად ბრაზდება. რისხვის გამომწვევ მოქმედებებს შეიძლება ჰქონდეთ როგორც წინასწარგანზრახული, ასევე შემთხვევითი ხასიათი. ადამიანები, რომლებიც იოლად ბრაზდებიან, ხშირად ამ განსხვავებას ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, ერთმა ბავშვმა სკოლის დერეფანში სხვა ბავშვთან შეჯახება შეიძლება აგრესიის გამოვლენად ჩათვალოს, მაშინ, როცა სხვამ ეს თამაშად ან შემთხვევითობად მიიღოს. ამისდამიხედვით, ეს უკანასკნელი სულაც არ გაბრაზდება ხოლო ის, რომელმაც ჩათვალა, რომ შეჯახება მისდამი მტრული დამოკიდებულების გამოვლენა იყო და არა შემთხვევითი მოვლენა- განრისხდება და მისი საპასუხო ქცევაც ამ რისხვაზე იქნება დაფუძნებული. ასე რომ, ნაჩქარევ შეფასებებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებამდე და იმპულსურ ქცევამდე მივყავართ.

ნაბიჯი3. შეეცადეთ დამშვიდდეთ:
-განმარტოვდით, სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ, სუნთქვა შეიკავეთ და ბოლომდე ამოისუნთქეთ

-დაითვალეთ 10-მდე, თუ ჯერ ისევ აღელვებული ხართ განაგრძეთ თვლა 20-მდე;

-უთხარით საკუთარ თავს: "-დაწყნარდი", "მე ამას მოვერევი", "მე ეს გამომივა" და ა.შ.

-პირი ცივი წყლით დაიბანეთ.

დამშვიდების საშუალებებია აგრეთვე სასიამოვნო ან გასართობ თემებზე ფიქრი, სუფთა ჰაერზე გასეირნება, მშვიდი მელოდიები მოსმენა, ბუნების ლამაზი პეიზაჟების წარმოდგენა და ა.შ.

image

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:მარი შეყილაძე
მარი შეყილაძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0