როგორ გადაიქცა სამოთხე ჯოჯოხეთად ანუ სოციალური ექსპერიმენტი «სამყარო-25», რომელიც თაგვების ერთ პოპულაციაზე ჩატარდა: საკვები და სასმელი შეუზღუდავი, მტაცებლებისა და ავადმყოფობების არ არსებობა და საკმარისად დიდი ფართობი გამრავლებისთვის. ეს ის პირობებია, რომელშიც თაგვები აღმოჩნდნენ და ყოველივე ამის მიუხედავად, მთელი კოლონა ამოწყდა. რატომ მოხდა ეს? და რა დასკვნა უნდა გააკეთოს ამ ექსპერიმენტის შედეგების გაცნობის შემდეგ საზოგადოებამ?
ჯონ კელჰუნი ექსპერიმენტებს თაგვებზე 60-იან წლებშიც ატარებდა, მაგრამ 1972 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტებში მონაწილეობა აშშ-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმაც მიიღო (NIMH). ექსპერიმენტის მიზანი იყო, მზარდ სიმჭიდროვეზე, მღრღნელების პოპულაციის რეაქციის ანალიზი.
ექსპერიმენტი ლაბორატორიაში ჩატარდა, რომელშიც მეცნიერმა ნამდვილი სამოთხე შექმნა თაგვებისთვის: მოეწყო სპეციალური ზომით 2X2X1, 5 ავზი. შიგნით ტემპერატურა მუდმივად +20 °C იყო (ყველაზე კომფორტული ტემპერატურა თაგვებისთვის), საკვები და წყალი ულევი, მოწყობილი იყო სპეციალური ორდონიანი ბუდეები მდედრი თაგვებისთვის. ყოველ კვირას სათავსო სუფთავდებოდა და სისუფთავე მუდმივად კონტროლდებოდა, ობიექტი ყველანაირად დაცული იყო ინფექციებისგან და მტაცებლებისგან (ლაბორატორიის სიახლოვეს კატას არ აჭაჭანებდნენ, რომ თაგვებს ნერვები არ აშლოდათ). თაგვები მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. სისტემა გათვლილი იყო 9 500 თაგვზე ანუ ამ რაოდენობის თაგვს შეეძლო ერთდროულად ეჭამა საჭმელი და დაელია წყალი ისე, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალა. ფართიც საკმარისად დიდი იყო, იმისთვის რომ თაგვებს თავისუფლად ეცხოვრათ.
ექსპერიმენტი 8 (4 წყვილი) ჯანმრთელი თაგვით დაიწყო. სულ ცოტა დრო დასჭირდათ თაგვებს იმის გასაცნობიერებლად, რომ ზღაპარში მოხვდნენ. მალე აითვისეს ახალი «სახლი» და ელვის სისწრაფით დაიწყეს გამრავლება. ექსპერიმენტის დაწყებიდან, თაგვების რიცხვი, ყოველ 55 დღეში ორმაგდებოდა, ხოლო ექსპერიმენტის დაწყების 315-ე დღიდან, პოპულაციის რაოდენობის ზრდის ტემპი შემცირდა და თაგვების რაოდენობის გაორმაგება 145 დღეში ერთხელ ხდებოდა. როდესაც მათმა რაოდენობამ 600-ს მიაღწია, თაგვების საზოგადოებაში, გარკვეული იერარქია და სოციალური ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ფიზიკურად, თავისუფალი ფართობი შემცირდა.
გაჩნდა კატეგორია «საბრალონი», რომლებსაც ავზის ცენტრში აგდებდნენ და ხშირ შემთხვევაშ, მათ მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. ეს ჯგუფი სხვა თაგვებისგან, გამობდღვნილი ბეწვით და მოკვნეტილი ან მოგლეჯილი კუდებით გამოირჩეოდა. «საბრალოების» ჯგუფში, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა თაგვები შედიოდნენ, რომლებმაც სოციალური ადგილი ვერ მოძებნეს თაგვების იერარქიაში. სოციალური როლების დეფიციტი იმით იყო გამოწვეული, რომ იდეალურ პირობებში, თაგვები ძალიან დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ და უხუცესი თაგვები, თავიაანთ ადგილს არ უთმობდნენ ახალგაზრდა თაგვებს. ამიტომ, აგრესია სწორედ ახალგაზრდა თაგვებისკე იყო მიმართული. საბრალოების კატეგორიაში მამრი თაგვები ხვდებოდნენ, რომლებიც ფსიქოლოგიურად ტყდებოდნენ და აგრესიას თითქმის არ გამოხატავდნენ, ისინი არც თავიაანთ ფეხმძიმე მეწყვილეებს იცავდნენ. ამის გამო, მდედრი თაგვები ნერვიულები და აგრესიულები ხდებოდნენ და აგრესიას მხოლოდ სხვა თაგვების მიმართ კი არა, საკუთარი შვილების მიმართაც იჩენდნენ. ისინი მათ ხოცავდნენ, ბუდეების მეორე დონეზე ადიოდნენ, რითაც გამრავლებაზე უარს ამბობდნენ. შედეგად, შობადობის ტემპი საგრძნობლად შემცირდა, ხოლო ახალშობილების სიკვდილიანობა გაიზარდა.
ამის შემდეგ, ე. წ. სამოთხეში, სიკვდილის ფაზა დაიწყო, როგორც მას ჯონ კელჰუნმა უწოდა. ამ სტადიის სიმბოლოდ, ახალი კატეგორიის – «ლამაზების» გაჩენა იქცა. ამ კატეგორიას ეკუთვნოდნენ მამრი თაგვები, რომლებიც უარს ამბობდნენ მდედრებისთვის ბრძოლაზე. მათ შეჯვარების არანაირი სურვილი არა ჰქონდათ. მხოლოდ ჭამდნენ, სვამდნენ და ბეწვს ისუფთავებდნენ. თავს არიდებდნენ კონფლიქტურ სიტუაციებს და რაიმე ტიპის სოციალური ფუნქციის შესრულებას. გარდა ამისა, ბოლო თაობის თაგვებში, გაჩნდნენ მდედრი მარტოხელები, რომლებიც ასევე უარს ამბობდნენ გამრავლებაზე. ისინი მეორე დონეზე განთავსებულ ბუდეებში გარბოდნენ და თავს იცავდნენ პოტენციური პარტნიორებისგან. ანუ გაჩნდა თაობა, რომელსაც მომავალში მემკვიდრეები აღარ ეყოლებოდა.
თაგვების საშუალო ასაკი, ექსპერიმენტის ბოლო სტადიაზე, 776 დღე იყო, რაც 200 დღით აღემატებოდა თაგვების რეპროდუქციის ასაკს. ახალდაბადებულების სიკვდილიანობა 100% იყო, ხოლო ფეხმძიმეების რაოდენობა მინიმალური გახდა. სულ მალე მათი რიცხვი 0-ს გაუტოლდა. თაგვებმა თანდათანობით ამოწყვეტა დაიწყეს და ექსპერიმენტის დაწყებიდან 1780-ე დღეს, «თაგვების სამოთხეში» უკანასკნელი თაგვი მოკვდა.
9 500 მოსახლეზე გათვალისწინებულ სამოთხეში, მათი ყოფის საუკეთესო პერიოდში, მხოლოდ 2 200 თაგვი ცხოვრობდა.
როდესაც თაგვებმა გამრავლება შეწყვიტეს, მეცნიერებმა ახალი თაობიდან შეარჩიეს 4 წყვილი და ისინი იგივე პირობებში მოათავსეს, როგორშიც ექსპერიმენტის დასაწყისში, პირველი 8 თაგვი იყო. მაგრამ მათდა გასაკვირად, თაგვებმა უარი თქვეს გამრავლებაზე. «ლამაზები» და მარტოხელა მდედრები ისევე იქცეოდნენ, როგორც ძველ ავზში. შედეგად, ახალი თაობა აღარ დაიბადა და ექსპერიმენტში მონაწილე ყველა თაგვი მოკვდა.
დასკვნა კი ასეთია: საყოველთაო კეთილდღეობის პირობებში, ძუძუმწოვრები ამ კეთილდღეობით მხოლოდ სარგებლობენ: სვამენ, ჭამენ, თავს უვლიან და გამრავლებაზე არა ფიქრობენ, რაც საბოლოო ჯამში, მათ გადაშენებას იწვევს.
P.S. რაც შეეხება ექსპერიმენტის სახელს. ვიდრე საბოლოო დასკვნას დაწერდნენ, ექსპერიმენტი 25-ჯერ ჩაატარეს და შედეგი ყოველთვის ერთნაირი იყო. ამიტომ დაარქვეს ექსპერიმენტს – «სამყარო -25».