ფოტოგრაფია «შავ–თეთრი სილამაზე» – ცნობილი ვარსკვლავები, არანაკლებ ცნობილი ფოტოგრაფის ობიექტივში (+18) 2019, 5 აგვისტო, 12:40 ვინსენტ პიტერსი (Vincent Peters), უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფების ათეულში შედის და განსაკუთრებით მოთხოვნადი მოდის სამყაროშია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის წარმოუდგენლად თავმდაბალი ადამიანია. ბერლინელი ფოტოგრაფის კარიერა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, ტაილანდში მოგზაურობის შემდეგ. მის მიერ აზიაში გადაღებული ფოტოები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჟურნალ GEO–ში დაიბეჭდა. 1989 წელს ვინსენტი ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა ფოტოგრაფის თანაშემწედ დაიწყო. მალე ის კომერციულ ფოტოგრაფიას ჩამოშორდა და საკუთარ შემოქმედებით პროექტებზე, ფოტოხელოვნების მიმართულებით დაიწუო მუშაობა. მისი ნამუშევრები არაერთხელ გამოფენილა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გალერეებში და უამრავჯერ გამოცემულა საერთაშორისო ჟურნალებში. 1990 წელს ვინსენტ პიტერსი მოდის ინდუსტრიას და სარეკლამო ფოტოგრაფიას დაუბრუნდა. პიტერსი ყოველთვის ფირზე იღებს. მას არსად უსწავლია, მაგრამ გენიალურად იყენებს განათებას. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მის შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა ფილმმა – «ველოსიპედების გამტაცებლებმა» (Ladri di biciclette, 1948 წ) იქონია. «მე არსად მისწავლია. პატარა რომ ვიყავ, გერმანიაში მხოლოდ 3 სატელევიზიო არხი მუშაობდა და შაბათ საღამოს, I არხზე ძველ შავ-თეთრ ფილმებს აჩვენებდნენ. ჩემი განათლება ამ სფეროში მხოლოდ ეს იყო», – აღნიშნა ფოტოგრაფმა. ვინსენტის საყვარელი თემა – ქალებია და სწორედ მათ მიუძღვნა ფოტოალბომი – «პირადი» («Personal»). წიგნში შესულია პორტრეტები და ცნობილი ვარსკვლავების ფოტოები, რომელთა შორის არიან: პენელოპა კრუსი, ირინა შეიკი, ლინდა ევანგელისტა, შარლიზ თერონი, სკარლეტ იოჰანსონი, ლეტიცია კასტა, მონიკა ბელუჩი და სხვა. 571 5-ს მოსწონს
|