ადამიანის მორალურ-ზნეობრივ პრინციპს, რომელიც გამოუხატება უანგარო ზრუნვაში სხვისი კეთილდღეობისთვის, მზადყოფნაში - სხვას შესწიროს პირადი ინტერესები და ზოგჯერ სიცოცხლეც, ალტრუიზმი ეწოდება. ალტრუიზმის ცნების არსი ფილოსოფიურ მოძღვრებებში, როგორც წესი, ერწყის რელიგიურ-მორალურ მოძღვრებას მოყვასის სიყვარულზე.
ალტრუიზმი ეგოიზმის საპირისპირო მოვლენაა და ეთიკური ნორმებით მასზე მაღლა დგას. ფრანგმა ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა ოგიუსტ კონტმა (1798-1857) ჩამოაყალიბა მორალური პრინციპი “სიცოცხლე სხვისთვის”, რომელიც საფუძვლად დაედო მის ეთიკურ სისტემას.
ო. კონტის გაგებით ალტრუიზმი ადამიანთა თანდაყოლილი თვისებაა და მათი გაერთიანების საშუალებას იძლევა. საზოგადოების მორლური სრულყოფა დამოკიდებულია ადამიანებში ალტრუისტული თვისებების გამომუშავებაზე.
ჰ.სპენსერი ალტრუიზმს განიხილავს ევოლუციის პროცეში ჩამოყალიბებულ ადაპტაციურ თვისებად. ფრიდრიხ ნიცშეს გაგებით, ალტრუიზმი სუსტ ადამიანთა საშუალებაა გაექცნენ სრულყოფას, შექმნან ზეკაცი, რაშც მათ ხელს უწყობს კოლექტიური ეგოიზმი.
ნეორეალიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ავსტრიელმა ფილოსოფოსმა და ფსიქოლოგმა ალექსიუს მეინონგმა ჩამოაყალიბა ღირებულებების ზოგადი თეორიაა, რომლის მიხედვითაც, ოჯახის სიყვარული წარმოადგენს ვიწრო ალტრუიზმს, ადამიანთა სიყვარული კი ფართო ალტრუიზმს.
ფსიქოანალიზურ კონცეფციაში, ზიგმუნდ ფროიდის მიერ ადამიანთა ალტრუისტული მისწრაფება განიხილება როგორც ნევროზული მდგომარეობა პირველადი ეგოიზმის გასანეიტრალებლად.
ტერმინი ალტრუიზმი ო. კონტის მიერაა შემოღებული. ალტრუიზმით გამსჭვალულ პიროვნებას ალტრუისტი ეწოდება. ალტრუისტული ქცევის ჩამდენს დონორალტრუისტი, ხოლო ალტრუისტული ქცევის შედეგით სარგებლის მიმღებს რეციპიენტალტრუისტი.
ალტრუისტული ქცევა ახასიათებს არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც. მაგალითად, მამრი მაიმუნები საფრთხის შემთხვევაში ჯგუფის დასაცავად იკავებენ ყველაზე მეტად საფრთხის შემცველ პოზიციებს. როდესაც ჯგუფი შორდება საფრთხეს, მამრი მაიმუნები საკუთარ სიცოცხლე საფრთხეში აგდებენ და ჯგუფის დაცვის მიზნით, მას უკან მოჰყვებიან. დელფინები დაზარალებული “მოძმის” გადარჩენის შთამბეჭდავ მაგალითს იძლევიან. დელფინები ძუძუმწოვარი ცხოველები არიან და მათ სუნთქვისთვის ჰაერი სჭირდებათ. თუ ღონემიხდილი დელფინი წყალში ჩაიძირა, ის მოკვდება. ასეთ შემთხვევაში, დელფინები ეხმარებიან გასაჭირში მყოფ პარტნიორს. ცნობილია, შემთხვევა, როდესაც წყალში აფეთქების გამო, დელფინს შოკური შეტევა დაემართა, ორმა დელფინმა მასთან დასახმარებლად მიცურა და მანამ ეკავათ ზედაპირზე, სანამ დაჭრილმა დელფინმა დამოუკიდებლად მოძრაობა არ შესძლო. ცხოველების ბევრი სახეობის შემთხვევაში მშობლები თავს სწირავენ საფრთხეში მყოფი ნაშიერის გადასარჩენად.
ცნობილია ალტრუიზმის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც შეიმჩნევიან ადამიანებშიც და ცხოველებშიც. პირველი- აბსოლუტური ალტრუიზმი; ქცევა, რომელიც იწვევს ერთობლივი შეგუებულობის შემცირებას. იგი არ არის სასარგებლო პოპულაციისთვის და არ უნდა განხორციელდეს. მეორე- მოჩვენებითი ალტრუიზმი; ეს ალტრუიზმის ისეთი ფორმაა, რომელიც ერთი შეხედვით ტოვებს ალტრუიზმის შთაბეჭდილებას, მაგრამ მისი დეტალური ანალიზი გვიჩვენებს, რომ იგი მხოლოდ სასარგებლოა დონორი ალტრუისტისთვის. მესამე - გენეტიკური ეგოიზმითაა განპირობებული. ამ შემთხვევაში, ინდივიდი ცდილობს ნათესავთა გადარჩენას და ხელს უწყობს მათ გამრავლებას. ამავე ფორმის ალტრუიზმია ზრუნვა შთამომავლებზე. მეოთხე - რეციპროკული (ორმხრივი) ალტრუიზმია, რომელიც ურთიერთახმარების სახით იჩენს თავს. (“მე-შენ, შენ-მე”) მეხუთე- კოოპერაციული ალტრუიზმი, რომლიც თავს იჩენს ცხოველთა კოოპერაციაში. ანალოგიურ სურათს ვხვდებით ადამიანთა გაერთიანებებშიც.
ადამიანთა ურთიერთობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რეციპროკული ალტრუიზმის ის ფორმა, რომელიც არანათესავთა სასარგებლოდ ხორციელდება. ადამიანს კარგად აქვს განვითარებული გრძელვადიანი მეხსიერება და ხატების ამოცნობის მექანიზმი. ალბათ, ამ თვისებების გამო რეციპროკულმა ალტრუიზმმა დიდი გავლენა მოახდინა მის ევოლუციაზე. ტრაივერსის აზრით, ისეთი ფსიქოლოგოური თვისებები, როგორიცაა: დანაშულის გრძნობა, შური, მადლიერბა და სიმპათია და ა.შ. გამომუშავდა ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმის ზემოქმედებით. ადამიანმა გამოიმუშავა ეს თვისებები, რადგან კარგად ითაღლითოს, გაშიფროს სხვისი ცბიერება, თავისი კი - დაფაროს. ამ მხრივ საინტერესონი არიან “ინტელექტუალური თაღლითები”, რომლებიც თვითონაც შეიძლეა გახდნენ სხვისი თაღლითობის მსხვერპლნი, მაგრამ მოიპოვებენ გაცილებით მეტს, ვიდრე გასცემენ. საინტერესოა ტრაივერსის შეხედულება, რომ მათემატიკური აზროვნების განვითარება თავის ტვინში განპირობებულია შესაძლო თაღლითური ვარიანტების გათვლით და სხვისის აღმოჩენის სურვილით. ფული არის რეციპროკული ალტრუიზმის ფორმალური ნიშანი, რომელიც აფართოვებს ადამიანის ქცევით რეპერტუარს.
ტრაივერსმა, ასევე, გააფართოვა ნათესაური გადარჩევის თეორია, დაუმატა მას ურთიერთდახმარების ქცევა, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც არათუ ნათესავები არ არიან, არამედ მიეკუთვნებიან სხვადასხვა რასას. ტრაივერსის მიხედვით, ყველა კულტურისთვის არსებობს რეციპროკული ალტრუიზმის შემდეგი ფორმები: 1) ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს უბედურების, კატაკლიზმების, ქურდობის და აგრესიის შემთხვევაში; 2)სამართლიანად იყოფენ საკვებს; 3) ეხმარებიან ავადმყოფებს, დაჭრილებს უმწეო ბავშვებსა და მოხუცებს; 4) ეხმარებიან იარაღით და ცოდნით.
ფილოსოფოს ვლადიმირ სოლოვიოვს მიაჩნია, რომ ალტრუისტული ქცევები ხორციელდება შეცოდების გრძნობის მოტივაციის საფუძველზე. იგი აყალიბებს ალტრუიზმის ორ კანონს - უარყოფითს და დადებითს. პირველი - არ გაუკეთო სხვას არაფერი ისეთი, რაც არ გინდა რომ გაგიკეთონ სხვებმა. მეორე - გაუკეთე სხვას ყველაფერი ის, რასაც ისურვებდი სხვებისგან. უარყპფითი ალტრუიზმის ფორმა არის სიმართლის გამოხატულება, ხოლო დადებითი - გულმოწყალების. ალტრუიზმის ეს ფორმები განსხვავებული, მაგრამ მათ შორის არ არსებობს წინააღმდეგობა. ეს კი საფუძველია იმისა, რომ არსებობდეს ჰარმონია კანონსა და ზნეობას, პოლიტიკასა და საზოგადოების სულიერ ცხოვრებას შორის.
ალტრუიზმის მაგალითს წარმოადგენენ იაპონელი კამიკაძეები მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი იყვნენ იაპონელი მფრინავები, რომლებიც აჯახებდნენ თავიანთ თვითმფრინავებს ამერიკის საბრძოლო ხომალდებს და იღუპებოდნენ იაპონელი მოსახლეობის სასარგებლოდ. განხორციელებულია ალტრუიზმის ერთ-ერთი პირობა - სხვის სასარგებლოდ შესრულებული თვითდესტრუქციული “ქცევა”. ცნობილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ჰანს სელიეს მიაჩნია, რომ ალტრუიზმი უნდა გახდეს ადამიანის ზნეობის ძირითადი დევიზი.