x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რა არის ბულინგი?

image
ტერმინი “ბულინგი" ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. „ბულინგი“ სოციალური მოვლენაა, რომელიც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა. თუმცა, არასწორია მოსაზრება, რომ როლური ურთიერთობა „ლიდერი–გარიყული“ მხოლოდ სასკოლო ასაკიდან იღებს სათავეს და უფრო ადრეულ ასაკში მას ადგილი არ აქვს. დღესდღეობით არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება, ვიდრე ეს იყო წინა თაობაში. ასე რომ, როლური ურთიერთობები და თუნდაც ჯერ კიდეც გაუაზრებლად, მაგრამ სხვაზე ზეგავლენის მოპოვების სურვილიც ადრეულ, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს.
„ბულინგი“ აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე საქართველოშიც. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება.შედეგად კი ძალიან ცუდ მდგომარეობას ვიღებთ, ხშირ შემთხვევაში ბავშვების სწორი მიმართულებით განვითარება წყდება და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ. ბულინგის შედეგები უშუალოდ შეიძლება დავუკავშიროთ თვითშეფასებას, უფრომეტად კი დაბალ თვითშეფასებას, რომელიც ძალიან უარყოფითად მოქმედებს პიროვნების განვითარებაზე.
ჩაგვრა/აბუჩად აგდება შეიძლება იყოს ვერბალური (მაგალითად, ნეგატიური, დამამცირებელი კომენტარების გაკეთება, ყვირილი, ჭორების გავრცელება), ან ფიზიკური (მაგალითად, დარტყმა, ნივთების სროლა). ხშირად ჩაგვრა ემოციური ძალადობის ხასიათს ატარებს, მიმართულია რა დამცირებაზე, დამუქრებაზე, გამოძალვაზე, გაღიზიანებაზე. შესაძლოა ჩაგვრა განხორციელდეს დისტანციური გზითაც - სატელეფონო ზარით, მესიჯებით, ელექტრონული ფოსტით, ან სხვა ელექტრონული საშუალებებით (Cyber Bullying). შეუძლებელია გამოვყოთ ერთი მიმართულება, რომელიც უფრო მეტად მოქმედებს ადამიანზე, ნებისმიერი სახის ჩაგვრამ შეიძლება მიგვიყვანოს თვითშეფასების დაცემამდე.
სამწუხაროდ, ბულინგის მსხვერპლი ყოველთვის არ იწვევს საზოგადოებაში თანაგრძნობას. ბავშვის სისუსტე და მისი ჩაგვრა ზოგიერთ შემთხვევაში გარშემომყოფთა ზიზღსა და მისი გარიყვის სურვილს იწვევს. მოზარდთა გარემოში შეიძლება ჩამოყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება სასკოლო ძალადობის მსხვერპლის მიმართ იმ პრინციპით, რომ „ყველაფერში თავადაა დამნაშავე, რადგან წინააღმდეგობას ვერავის უწევს“. თავად ჩაგრული კი ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება, რადგან გრძნობს აბსოლუტურ უიმედობას, სიტუაციის გამოუვალობასა და სრულ უმწეობას, რადგან განიცდის დაუძლეველ შიშს მჩაგვრელისა და იმ ახალი დამცირებების წინაშე, რომლებიც ჯერ კიდევ წინ ელის, ის გრძნობს სირცხვილს საკუთარი უმწეობის გამო. ხშირად, მოზარდი–მსხვერპლი ამ მდგომარეობაში საკუთარ თავსაც კი იდანაშაულებს, ფიქრობს რომ არაფერი არ შეუძლია, ამიტომ რაც მოხდა ამას ნამდვილად იმსახურებს.
ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. მაგრამ განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. რისკ–ჯგუფში ხვდებიან განსხვავებული ფიზიკური მონაცემების მქონე, თავისებური ხასიათისა და ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ ბავშვები. ბულინგის მოტივაცია კი მრავალფეროვანია – შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა, ხასიათის თავისებურებები.

რა აქცევს ბავშვს მოძალადედ?

ძალადობრივი ქცევის გამომწვევი ფაქტორებიდან, ყველაზე ახლოა ოჯახის თემა, ბავშვის არაჯანსაღი სოციალური გარემო(განსაკუთრებით თანატოლები), მოძალადე მშობლები ან ნათესავები. ძალადობის შემცველ ფილმებსა და ვიდეოთამაშებს ამ მხრივ, გაცილებით ნაკლები დატვირთვა აქვთ, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, მიზეზი მაინც პრობლემის კომპლექსურობაში უნდა ვეძებოთ.

არსებობს განსხვავება ორ მოვლენას – ბულინგსა და შევიწროებას შორის Bullying vs. harassment:

ბულინგი – ეს არის პირდაპირი ძალადობა, საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი რაც კი შეიძლება მოხდეს სკოლის არეალში. რაც შეეხება შევიწროებას, ეს ჩნდება მაშინ, როდესაც მოსწავლე განიცდის ბულინგს, მისი პიროვნული მახასიათებლების გამო. ანუ, განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება მოსწავლის გენდერი, წარმომავლობა ან ქმედუუნარობა.



ბულინგისთვის ჩვეულებრივ დამახასიათებელია შემდეგი გარემოებები:

ეს არის აგრესიული სახის ქცევა, რომელსაც განმეორებადი ხასიათი აქვს;
მჩაგვრელს აქვს მეტი ძალაუფლება ვიდრე დაჩაგრულს (უფრო ძლიერია ფიზიკურად, ან სტატუსით უფრო მაღლა დგას);
მჩაგვრელის ქმედება არის წინასწარ განზრახული;
მჩაგვრელი არ იღებს პასუხიმსგებლობას ჩადენილ საქციელზე და ხშირად აღნიშნავს, რომ მსხვერპლმა „დაიმსახურა“ ასეთი მოპყრობა.

ხშირ შემთხვევაში ბავშვი, რომელიც არის ჩაგვრის მსხვერპლი, არ საუბრობს საკუთარ პრობლემებზე მშობლებთან. თუმცა შეიძლება არსებობდეს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს ჩაგრავენ და სჭირდება უფროსების მხრიდან მხარდაჭერა. ამ ნიშნების დროულად იდენტიფიცირებისთვის მშობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს ხომ არა აქვს ადგილი ცვლილებებს შვილის ქცევებში.

განმეორებადმა, ხანგრძლივი დროის მანძილზე ჩაგვრამ ბავშვს შეიძლება მიაყენოს ძლიერი ემოციური ზიანი და უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს მის თვითშეფასებაზე. შედეგი შეიძლება ძალიან ხამოკლე დროში გამოვლინდეს ან გარკვეული დრო დასჭირდეს. ასევე ზემოქმედების ხარისხის განსაზღვრაც შეუძლებელია, შეიძლება ერთ ადამიანზე ბულინგის გარკვეულმა სახემ უფრო ნაკლებად იმოქმედოს, მეორეზე კი ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს. თვითშეფასება კი რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნების შენების პროცესში, ყველასთის ცხადი უნდა იყოს.





ბულინგის/ჩაგვრის მაგალითები



"11 წლინ ნიკა მე-5 კლასელია. ის ასაკი აქვს, როცა ღირსების გრძნობა და თავმოყვარეობა გააჩნია. ღირსებაშელახულს სხვა სკოლაში გადასვლა სურს. მიზეზი ასეთია: „ხუთი წლიდან სათვალეს ვატარებ, ახლომხედველი ვარ, ამხანაგები ადრე ბრუციანს მეძახდნენ, მე ვუთხარი მათ, რომ მწყინდა ასე მომართვა, მერე ერთმა მითხრა: კაი, ბრუციანი თუ არ მოგწონს, შურიკას დაგიძახებთო, ამისთვის ბევრჯერ მიტირია. აღარ მინდოდა სათვალის გაკეთება, მაგრამ დედამ დამარწმუნა, რომ ეს ჯერ აუცილებელია. სკოლიდანაც მინდოდა გადასვლა, მაგრამ ორმა კლასელმა ბიჭმა გამამხნევა და მითხრა, რომ მათ ყურადღება არ მივაქციო. მე მაინც ძალიან მტკივა გული."

ბულინგს ქმნიან ის ადამიანები, ვისთვისაც მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ადამიანები, რომლებიც ამართლებენ რაღაცის მოპოვებას სხვისი ჩაგვრის ხარჯზე.

პედაგოგი: "დაწყებით კლასებს ვასწავლი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩაგვრის შემთხვევები ამ ასაკის მოზარდებშიც ხშირია. მე-4 კლასელი გოგონა მყავდა, ჟღალი გრძელი თმით, სულ გრძელი ნაწნავით დადიოდა და ძალიან უხდებოდა. ერთხელაც გაკვეთილზე შემოვიდა და ვერ ვიცანი, თმა ბიჭურად გაუკრეჭია, მომბეზრდაო – თქვა. არადა, თურმე, მეზობლის ბავშვები რიჟას ეძახდნენ და ატირებულს თმა თავისი ხელით შეუჭრია."

ბულინგის გამომწვევი ფაქტორები:

რა შეიძლება იყოს წინაპირობა ბულინგის წარმოშობისა: „ფიზიკური დეფექტები, სოციალური სტატუსი, განსხვავებული რელიგიური მრწამსი, განსხვავებული შეხედულებები ხშირად მოზარდებში დამამცირებელი მოპყრობის, სიძულვილის ენით ურთიერთობის და ზოგჯერ ფიზიკური ძალადობის მიზეზიც კი ხდება. ყველაფერი ეს სათავეს მაინც არასწორი აღზრდიდან იღებს, რაშიც ოჯახი მოიაზრება, თუმცა, გარემო ფაქტორებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გამოირკვა, რომ ბულინგის გახშირების ხელისშემწყობი ფაქტი კომპიუტერული თამაშებიც არის. განსაკუთრებით პრობლემური ასაკი 10-დან 18 წლამდეა. არც თუ იშვიათად, ბავშვი, რომელიც თავადაა ძალადობის მსხვერპლი, იგივეს იმეორებს სხვა სივრცეში. ამიტომ ბულინგის პრევენციისთვის დასჯა გამოსავალი არ არის. საჭიროა ისეთი პოლიტიკა ოჯახებშიც და სკოლებშიც, რომელიც კონფლიქტს არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის.“
ზოგჯერ თავად მშობელს ჰგონია, რომ ბულინგი სასკოლო ოინია, არადა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმეტესობა, ვინც მოზარდობაში ჩაგვრა განიცადა, შემდეგში თავადაც კრიმინალურ გზას ირჩევს, რადგანაც მასში დალექილი აგრესია უკვალოდ არ ქრება.









0
29714
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ყველიაშვილი
სალომე ყველიაშვილი
29714