x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512098
მოჩვენებამ პირობა შეასრულა (ნამდვილი ამბავი, რომლის მოწმე მთელი ქალაქი იყო)

image


ეს ამბავი დიდი ხნის წინ მარსელში (საფრანგეთი) მოხდა. Еsoreiter-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც საუბრობს იმის შესახებ, რომ იმ მოვლენების გამო, ქალაქის ყველა საათი, დროებით, ერთი საათით წინ გადასწიეს.
ისტორია კი ასე დაიწყო: მარსელიდან არც თუ ისე შორს, შეძლებული, უძველესი გვარის წარმომადგენელი ცხოვრობდა, რომლის მემკვიდრე, სახელად ვალეტი, ქალაქის მერის ქალიშვილზე დაქორწინდა. წყვილს ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი შეეძინა. მშობლებს ბავშვებისთვის კარგი განათლების მიცემა უნდოდათ და ოჯახი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ვალეტმა მამულის სამართავად, ვინმე ლებრენი დანიშნა, რომელიც ძალიან დაუნდობელი და ფიცხი ადამიანი იყო. ის უმოწყალოდ ექცეოდა გლეხებს, ბევრს ამუშავებდა და ცოტას უხდიდა. ამიტომ, გლეხებმა ის შეიძულეს.
ერთხელ ვალეტს თავისი მამულის მმართველი დაესიზმრა. ლებრენი მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. მან ვალეტს უთხრა, რომ ის გლეხებმა მოკლეს, ხოლო გვამი ხის ძირში ჩამარხეს. ბოლოს კი ბატონს სთხოვა, რომ რაც შეიძლება მალე ჩასულიყო მამულში და ქრისტიანული წესის მიხედვით დაემარხა, თორემ მისი სული სიმშვიდეს ვერ ჰპოვებდა.
სიზმარმა ვალეტი ააფორიაქა, თუმცა შემდეგ, დაფიქრდა და თავი დაარწმუნა, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. გავიდა ერთი კვირა. ლებრენი კიდევ დაესიზმრა მას და უკვე საყვედური უთხრა იმის გამო, რომ მისი პრობლემა არ მოაგვარა. ამის შემდეგ, ვალეტმა პირობა მისცა მმართველს, რომ ის მის თხოვნას შეასრულებდა. როგორც კი გათენდა, მან წერილი გაგზავნა მარსელის მამულში.
მომდევნო ღამეს, ისევ დაესიზმრა ლებრენი ვალეტს და პირობა მისცა, თუ ის მის თხოვნას შეასრულებდა, მადლიერების ნიშნად, ის ვალეტს მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ, ერთი დღე-ღამით ადრე შეატყობინებდა, რომ მას მომზადების შესაძლებლობა მისცემოდა. ასეთი სიზმრის შემდეგ, ვალეტმა მამულში გამგზავრება გადაწყვიტა, რომელშიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე არა ყოფილა.
ლებრენის გვამი სწორედ იქ იპოვეს, სადაც სიზმარში მიუთითა სულმა. მისი მკვლელების პოვნა ვერ შეძლეს. ვალეტი კინაღამ გაგიჟდა, გაპარტახებული მამული და გაუბედურებული გლეხები რომ ნახა. მან მარსელში დაბრუნება და მამულში საქმეების მოგვარება გადაწყვიტა. პარიზიდან მისი ცოლ-შვილიც დაბრუნდა.
გავიდა 8 წელი. ვალეტი, ოჯახთან ერთად, დროებით, სიმამრის სახლში იყო სტუმრად. ერთხელ, ღამით, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. მსახური გასაღებად გავიდა, თუმცა იქ ვერავინ ნახა. კაკუნი განმეორდა, ამჯერად კარების გასაღებად, ვალეტის ერთ-ერთი ვაჟი გავიდა, თუმცა კარს უკან ისევ არავინ იყო. მესამედაც დააკაკუნეს და მის გასაღებად, თავად ბატონი ვალეტი წავიდა. კარები გააღო და დაინახა... რომ მის წინ ლებრენის მოჩვენება იდგა. ამ უკანასკნელმა ყოფილი ბატონს უთხრა, რომ ზუსტად ერთი დღე-ღამის შემდეგ მოკვდებოდა.
ამ გაფრთხილების მოსმენი შემდეგ, გაოგნებული და ფერდაკარგული ვალეტი ოთახში დაბრუნდა. მან ყველაფერი ოჯახის წევრებს უამბო, რომლებსაც ძალიან შეეშინდათ და ატირდნენ.
თუმცა, მის სიმამრს ასეთი რამეების არ სჯეროდა და გახუმრება გადაწყვიტა. თან იფიქრა, აღელვებულ ოჯახის წევრებს შიშსაც გავუფანტავო. სიძის მალულად, მან, რადგან იმ დროს ისევ ქალაქის მერი იყო, განკარგულება გასცა – ქალაქის ყველა საათი 1 საათით წინ გადაეწიათ და როდესაც, დღის ბოლოს, ყველა საათი 12-ს ჩამოჰკრავდა, ვალეტი მიხვდებოდა, რომ საფრთხემ ჩაიარა და დამშვიდდებოდა.
დადგა საბედისწერო დრო. თუმცა, არაფერი ხდებოდა. «სულმა მოგატყუა» - ღიმილით უთხრა სიმამრმა სიძეს, როდესაც 12 საათი გახდა. ვალეტი მიხვდა, რომ საფრთხემ გადაიარა და თავის ოთახში ავიდა. ხოლო ერთი საათის შემდეგ, მას გაახსენდა, რომ მისაღებ ოთახში მნიშვნელოვანი საბუთები დარჩა და მისი აღება გადაწყვიტა. როდესაც კიბეზე ჩამოდიოდა, ხმაური შემოესმა, რომელიც სარდაფიდან მოდიოდა. ვალეტი სანახავად წავიდა და როდესაც სარდაფში მოხვდა, ვიღაცამ გულის არეში დანა ჩაარტყა. სწორედ იმ დროს, ქალაქში, გადაწეულ საათებზე, პირველი საათი გახდა.

ვალეტი სახლში შეპარულმა ქურდმა მოკლა.

0
852
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
852
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0