x
ომი რუსთაველის პროსპექტზე (დასასრული)
უკვე თითქმის 60 კაცი ვიყავით და ამიტომაც ჩვენი სიარული ადვილად შესამჩნევი იყო. უნდა გავფანტულიყავით სხვადასხვა მხარეს და ასეც გავაკეთეთ. ოთხად გავიყავით. ზოგი საით წავიდა ზოგი საით. მე, ვეფხვია და ერთი გაგრელი გვარდიელი, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს და მას მერე არსად შემხვედრია, სოფელ გამარჯვებისკენ წავედით. დღისით ვიმალებოდით და ღამე მივდიოდით. ისე ვიყავით დაღლილ-დაქანცული, რომ ძლივს მივლასლასებდით. არც წყალი გვქონდა და არც პურის ნატეხი. გამარჯვებაში ვეფხვიას და მზია ცხოვრობდა და იქით იმიტომ წავედით. ვეფხვია თანდათან ისე მოძლიერდა, რომ სიარულში ორივეს გვჯობნიდა. შიმშილისგან ისე დავსუსტდით, რომ ყოველ ას მეტრში ვჩერდებოდით და ვისვენებდით. ერთ ადგილას დიდ ყანას მივადექით, მუხლებამდე ბალახი იდგა. ვიფიქრე ცოტას შევჭამ და იქნებ შიმშილი ცოტა მაინც გამინელდეს-მეთქი, მოვგილჯე ერტი მუჭა ხმელი ბალახი და შევჭამე, მაგრამ ჩვენს მტერს, რაც მე დამემართა- ორგანიზმმა არ მიიღო და უკან ამოვაღებინე. ეს რომ ვეფხვიამ დაინახა, კარგა ხანს დამცინოდა. თურმე ადამიანს გაჭირვება და შიმშილი რას არ გააკეთებინებს.

მესამე დილით გამთენიისას მივადექით მზიას სახლს. ვეხვიამ კარზე დააკაკუნა. კარი ვეფხვიას მეუღლემ ქეთინომ გაგვიღო. ვეფხვიას დანახვაზე ხმამაღლა ატირდა და გულში ჩაიკრა.

15 იანვრამდე მზია და გიგლა ჭანტურიძეების სახლში ვიმალებოდით. იქ მოგვაკითხეს ვეფხვიას მამამ გოდერძიმ და დედამ - სანთამ. ყველანი გადარჩენას გვილოცავდნენ. სანამ გზაში ვიყავით, ვეფხვიამ და მე ერთმანეთს ძმოვა შევფიცეთ. იმ დღის შემდეგ ვეფხვიას ოჯახის წევრი გავხდი. ვეფხვიას ორი პატარა ბიჭი ჰყავდა, ბექა და ბაქარი, ორივე მამასავით მკვირცხლი და გაბედული.

15 იანვარს დავემშვიდობეთ მზიასა და გიგლას და თბილისისკენ წამოვედით. სამი დღე ვეფხვიას სახლში, გლდანში ვიყავით და მერე ზუგდიდში, ჩემთან წასვლა გადავწყვიტეთ. ვიცოდით, რომ ოპოზიციამ დასავლეთ საქართველოსკენ წაიწია და ნელ-ნელა მიდიოდა სამეგრელოსკენ. ამიტომაც ზუგდიდში წასვლა დიდ რისკთან იყო დაკავშირებულლი, მაგრამ მაინც დავბედეთ და 19 იანვარს თბილისიდან ზუგდიდს გავეშურეთ მე, ვეფხვია, ალეკო მუხაძე და რონალდ მელაძე. ალეკო და რონალდი ბუნკერში ჩვენთან ერთად იყვნენ.


თბილისის ვაგზლიდან ავტობუსით წავედით. უღელტეხილზე თოვლი იდო და ნელა მივდიოდით. ზესტაფონში რომ შევედით, კარგად დაღამებული იყო, გზაზე რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორმა გაგვასწრო. სამტრედიაში რომ შევედით, ჩვენი ავტობუსი გააჩერეს ოპოზიციონერებმა და ხალხი ჩამოსვეს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომელი მხრის მებრძოლები იყვნენ, მაგრამ მალევე გავერკვიეთ სიტუაციაში, - ისინი ზვიად გამსახურდიას უდიერად ახსენებდნენ. "მხედრიონის" პიკეტი იყო. ზვიად გამსახურდია მაშინ უკვე ჩეჩნეთში იყო. მან და მისმა ამალამ სომხეთი დატოვეს, რადგან იქ არასაიმედო სიტუაციაში იყვნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაშინდელი გადატრიალების შედეგად მოსული ხელისუფლება თენგიზ სიგუას ხელმძღვანელობით საქართველოდან იარაღის ძალით განდევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადმოცემის თაობაზე.

ავტობუსიდან ჩამოგვიყვანეს და გაგვჩხრიკეს, თან ისეთ ხალხს ეძებდნენ, ვინც კანონიერი ხელისუფლების მხარეზე იბრძოდა. საბედნიეროდ, ვერ გვიცნეს და სხვებთან ერთად სამტრედიის ავტოსადგურში შეგვრეკეს. ავტოსადგურში საშინლად ციოდა. იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. სანამ თბილისიდან გამოვიდოდით, ერთი ჩვენი თანამებრძოლი, გვარდიის ოფიცერი, ნიქოზელი ბიჭიკო კანდელაკი შეგვხვდა და თავისი სამტრედიელი ნათესავის მისამართი მოგვცა. სწორედ მასთან მივედით ბიჭიკოს სახელით. ოჯახმა კარგად მიგვიღო. იქვე, ავტოსადგურთან ახლოს ცხოვრობდნენ. იმ ღამეს იქ დავრჩით და მეორე დღეს დილაადრიან გავედით ისევ ავტობუსს გავყევით. ცხენისწყალი რომ გადავიარეთ, იქით უკვე ჩვენების პიკეტი დაგვხვდა. ისინი უფრო ზრდილობიანად მოგვექცნენ, - მალევე გაგვიშვეს. როგორც იქნა, ზუგდიდში ჩავაღწიეთ. თავისუფლების მოედანზე ათასობით კაცს მოეყარა თავი და ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერ მიტინგს მართავდნენ. მიტინგს პროფესორი ნინო ავალიანი ხელმძღვანელობდა. ჩვენც მივედით. მე ტრიბუნაზე ავედი და ხალხს მოვუყევი, რა ხდებოდა თბილისში, როგორ დავმარცხდით ღალატითა და მუხანათობით ოპოზიციასთან ბრძოლაში. მიტინგის შემდეგ ჩემს სოფელში, ჩხორიაში წავედით. ყველას გაუხარდა ჩემი უვნებლად დაბრუნება. თურმე ხმა დადიოდა ჩემი დაღუპვის შესახებ და დედაჩემს მეზობლები არ ეუბნებოდნენ. როცა საღ-სალამათი დამინახეს, ერთ ერთმა მეზობელმა, აწ განსვენებულმა ტარიელ სუბელიანმა მაშინ უთხრა ეს დედაჩემს.imageimage

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0