x
ქცევის განმტკიცების მეთოდები.
image
პოზიტიური განმტკიცება გამოყენება, როგორც კორექციული სტრატეგიის მეთოდი, რომელიც გული­სხმობს სასურველი ქცევის დაჯილდოვებას და არა შეუფერებელი
ქცევის აღკვეთას.
მასწავლებლის არსენალშია სოციალური განმამტკიცებელი სტიმულების დიდი რაოდენობა, როგორიცაა - შექება, ყურადღება, გაღიმება, შეფასება.


შექება.


ფსიქოლოგები ურჩევენ მასწავლებლებს შეაქონ მოსწავლეები კარგი საქციელისთვის და ყურადღება არ მიაქციონ შეუფერებელ ქცევას. მაგალითად, ნინო არღვევეს დისციპლინას საკლასო ოთახში. უფრო ეფექტური იქნება, თუ მასწავლებელი მას ყურადღებას
მიაქცევს მაშინ, როცა ის კარგად იქცევა და არ მიაქცევს ყურადღებას მის ცელქობას. თუ
პრობლემური ქცევა თანატოლთა ყურადღებას იქცევს, მაშინ მასწავლებლის მხრიდან მისი იგნორირება წარმატებული ვერ იქნება. ქება-იგნორირების გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ რა, თქმა უნდა, ამით არ გადაიჭრება კლასის მართვის ყველა პრობლემა.


ჟეტონების სისტემა.


თუ სოციალური განმამტკიცებლები არ იძლევა შედეგს, შეიძლება გამოყენებული იქნას ჟეტონების სისტემა. როცა მოსწავლეები კარგი ქცევისთვის იღებენ ჟეტონს (სიმბოლურ ნიშანს), ხოლო არასასურველი ქცევისთვის კარგავენ მას. ჟეტონები ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მასწავლებელი აჯილდოვებს მიზნისკენ მიმავალ პატარა, თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ჟეტონებად შეგვიძლია გამოვიყენოთ - სტიკერები, ვარსკვლავები, დახატული გაცინებული და მოწყენილი სახეები. წინასწარ დადგენილი რაოდენობის ჟეტონების შეგროვების შემდეგ მოსწავლეები, მას სასურველ ჯილდოში ცვლიან. მოსწავლის ასაკის გათვალისწინებით, ჯილდო შეიძლება იყოს: ტკბილეული, საკვები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები ან სხვა პრივილეგია. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჯილდო მოსწავლისთვის სასურველი იყოს, წინააღმდეგ შემთვევაში ის არ გამოიწვევს ქცევის განმტკიცებას.
სიმბოლური განმტკიცების სისტემა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, როგორც წესი ის 3 შემთხვევაში გამოიყენება:
1. შევუქმნათ მოტივაცია იმ მოსწვლეებს, რომლებსაც სწავლა არ აინტერესებთ.
2. იმ მოსწავლეების წასახალისებლად, რომლებსაც დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ.
3. ისეთ კლასთან გასამკლავებლად, რომელიც კონტროლს ძნელად ექვემდებარება.
უნდა აღინიშნოს, რომ სიმბოლური განმტკიცების სისტემას ნაკლები სარგებელი მოაქვს მოსწავლეთა გარკვეული კატეგორიისთვის - მენტალური პრობლემის მქონე ბავშვები, მცირე აკადემიური უნარების მქონე ბავშვები და პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები. ისინი დადებითად რეაგირებენ მაშინ, როცა განმტკიცება მყისიერია და კონკრეტული.
სიმბოლური განმტკიცების სისტემის გამოყენების მიზანია, მოსწავლის უნარების იმ დონეზე განვითარება, რომ მან შეძლოს ეს უნარები გამოიყენოს ჟეტონების მიღების გარეშეც. ასეთი შედეგის მისაღწევად ნებისმიერი ჟეტონების სისტემა უნდა დაიგეგმოს ისე, რომ ბავშვმა რაც შეიძლება მალე შეძლოს მათ გარეშე ქცევის განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ჟეტონებზე ისე ხდებიან დამოკიდებული, რომ ქცევის მოდიფიკაციის პროგრამის ეფექტი ნულამდე დადის.
ჟეტონი წარმოადგენს გარეგან განმამტკიცებელს. ყველა ის სტიმული, რომელიც მოდის გარემოდან, გარეგანი განმამტკიცებლებია: ყურადღება, შექება, ჟეტონი, ვარსკვლავი, ნიშანი და ა.შ.
შინაგანი განმტკიცება გულისხმობს იმ წყაროს განმტკიცებას, რომელიც თვითონ პიროვნებას გააჩნია. ესაა - კმაყოფილება, მიღწევისა და წარმატების სასიამოვნო
განცდა. მასწავლებლის ამოცანაა, ისე მოახდინოს სასწავლო სიტუაციის ორგანიზება, რომ ბავშვმა, რაც შეიძლება ხშირად მიიღოს შინაგანი კმაყოფილება. მაგალითად, თუ მოსწავლეს მივცემთ ძალიან რთულ, ან ძალიან ადვილ დავალებას, მაშინ ისინი ვერ მიიღებენ კმაყოფილებას.

პრემაკის პრინციპი.



მასწავლებელს შეუძლია წაახლისოს მოსწავლისათვის არასასურველი ქცევა, თუ მას დაუკავშირებს მისთვის უფრო სასურველ ქვევას. მასწავლებელი მხოლოდ მაშინ ხდის სასურველ ქცევას ხელმისაწვდომს, როცა მოსწავლე ნაკლებად სასურველ მოქმედებას შეასრულებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერ შენ გააკეთე ის რაც მე მინდა და შემდეგ ის გააკეთე, რაც შენ გინდა. მაგალითად, მასწავლებელი ამბობს: - როგორც კი მორჩებით დავალების დაწერას, შეგიძლიათ ეზოში გახვიდეთ. ეს ტექნიკა ცნობილია დ. პრემაკის პრინციპის სახელწოდებით.

თანდათანობით მიახლოვების სტრატეგია.

რა ხდება მაშინ, როცა მოსწავლე მუდმივად განმამტკიცებლის გარეშე რჩება, რადგან არ შეუძლია დავალების კარგად შესრულება. მაგალითად, ყოველთვის დაბალ შეფასებას ღებულობს მათე­მატიკაში. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ თანდათანობით მიახლოვების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს პროგრესის განმტკიცებას. ქცევა, რომლის დაუფლებაც სურს მოსწავლეს, მასწავლებელმა უნდა დაყოს მცირე, თანმიმდევრულ, ლოგიკურ ნაბიჯებად. ამასთანავე ეს ტექნიკა აძლევს მასწავლებელს საშუალებას, დაადგინოს ის პრობლემური ადგილები, სადაც მოსწავლეები სიძნელეებს აწყდებიან.

ჯგუფური შედეგები.


მასწავლებელმა შეიძლება განამტკიცოს კლასის ყველა წევრის ქცევა ერთობლივად. როგორც წესი ეს გულისხმობს თითოეული მოსწავლის ნიშნის მიმატებას, კლასის ერთობლივი ნიშნისთვის. თავდაპირველად, მასწავლებლები და მოსწავლეები მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროცესი უკეთესი გახდეს. შემდეგ ისინი განსაზღვრავენ იმ ქცევებსა და მოქმედებებს, რომელიც ხელს უშლის სწავლას. კლასი ორ ჯგუფად იყოფა. ყოველთვის, როცა მოსწავლე არღვევს რომელიმე წესს, მის ჯგუფს ეწერება ნიშანი (სიმბოლო). თვის ბოლოს (შეიძლება მეოთხედის ბოლოს) იმ ჯგუფს,
რომელსაც ასეთი ნიშანი ყველაზე ცოტა ექნება, ეძლევა ჯილდო ან პრივილეგია. თუ ორივე ჯგუფს ასეთი ნიშანი(სიმბოლო) ცოტა ექნება, ორივე მათგანი მიიღებს ჯილდოს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯგუფური განმტკიცება, კლასის გუნდებათ დაყოფის გარეშეც. განმტკიცება შეიძლება დაეფუძნოს მთელი კლასის ქცევას.
ჯგუფური მიდგომის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. მთელი კლასი არ უნდა დაისაჯოს კონკრეტული ბავშვის შეცდომისა ან ცუდი საქციელის გამო. ამავე დროს ბავშვი, რომელის გამოც ჯგუფი ხშირად ღებულობს ნეგატიურ შეფასებას, შეიძლება კლასში ყველასგან მოძულებული და გარიყული გახდეს.
ჯგუფური შედეგების მეთოდი ისეთ სიტუაციაშია რეკომენდირებული, სადაც მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია თანატოლთა აღიარება. თუ მოსწავლის ცუდ საქციელს აძლიერებს თანატოლთა ყურადღება და სიცილი, ამ შემთხვევაში ჯგუფური შედეგების მეთოდი, შეიძლება კარგი დამხმარე საშუალება აღმოჩნდეს.

კონტრაქტი (შეთანხმება).


მასწავლებელი თითოეულ მოსწავლესათან დებს შეთანხმებას, რომელშიც აღწერილია, თუ რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ პრივილეგიებისა და ჯილდოს მისაღებად. ბავშვებთან ერთად პრივილეგიების განსაზღვრას, თავისთავად შეიძლება ქონდეს საგანმანათლებლო მნიშვნელობა, რადგან მოსწავლეები სწავლობენ მიზნების დასახვას და შეთანხმების პირობების შესრულებას. დავალების შესრულების კონტრაქტი მიზანშეწონილია, გამოვიყენოთ საშუალო და მაღალ კლასებში.


0
651
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0