x
image
მადამ ფისუნია
სახვითი ხელოვნება და წიგნი

imageწიგნის დასურათება ოდითგანვე სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვანი სფერო იყო. შუა საუკუნეებში, როდესაც არ არსებობდა ბეჭდვითი ტექნიკა, წიგნები ხელით იწერებოდა და ხელითვე იხატებოდა. მხატვრები-მინიატურისტები და გადამწერები კალიგრაფები - ხბოს ტყავის ეტრატზე თუ პაპირუსის გრაგნილზე ერთ წიგნის შესრულებას ხშირად რამდენიმე თვეს ანდომებდნენ. ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ძვირფასი და იშვიათი ნივთი იყო იმ ეპოქაში წიგნი.
შუა საუკუნეების საქართველოსა და ევროპაში ძირითადად მინიატურებით დასურათებული სასულიერო ლიტერატურა - ბიბლიები, სახარებები, ფსალმუნები და სხვ. იყო გავრცელებული.
მინიატურა - ხელნაწერი წიგნების ილუსტრაცია, ფერადი ან ზოგჯერ გრაფიკული სურათი. უძველეს მინიატურებში ძირითადად მოწითალო საღებავს, მინიუმს იყენებდნენ. აქედან წარმოდგა სახელწოდება "მინიატურა". მინიაყურა ფაქიზად სრულდება წვრილი ფუნჯებით და მსუბუქი შტრიხებით; მინიატურას უწოდებენ აგრეთვე სპილოს ძვლის, ფაიფურის ან ლითონის ფირფიტაზე შესრულებულ პატარა სურათს.
საბეჭდი ანუ პოლიგრაფიული ტექნიკის განვითარებამ წიგნების ტირაჟირება, ანუ დიდი რაოდენობით გამრავლება გახდა შესაძლებელი, ამან კი ახალი ბიძგი მისცა წიგნის დასურათების ხელოვნებას. საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოების "ვეფხისტყაოსნის" დასურათება ძალიან ბევრი მხატვრის ინტერესის საგანი გახდა.
უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი საქართველოში 1881 წელს ჩამოვიდა, გაეცნ ქართულ კულტურას და მისი უდიდესი განძის - "ვეფხისტყაოსნის" - დასურათება გადაწყვიტა. წიგნი 1888 წელს გამოიცა. საქართველოს მეგობარმა მხატვარმა ეს უდიდესი სამუშაო სრულიად უსასყიდლოდ შეასრულა. გარდა ამისა, მიხაი ზიჩის ხელმძღვანელობით თბილისსა და ქუთაისში იდგმებოდა თეატრალური წარმოდგენები "ვეფხისტყაოსნის" ეპიზოდების საფუძველზე.
ბევრი ცნობილი ქართველი მხატვარი – ელენე ახვლედიანი, ალექსანდრე ბანძელაძე, ლადო გუდიაშვილი და სხვ. - ფერწერის და გრაფიკის სხვა ჟანრების გვერდით დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე წიგნის ილუსტრაციას. განსაკუთრებით არ იშურებდნენ ისინი თავიანთ ძალებს საბავშვო წიგნების დასასურათებლად. მათ კარგად ესმოდათ, რომ ბავშვს წიგნი კიდევ უფრო შეუყვარდებოდა, თუ იგი საინტერესო ილუსტრაციებით იქნება გამდიდრებული.

0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0