ტკბილეული როგორ მოვამზადოთ იდეალური შესქელებული რძე 15 წუთში 2016, 3 დეკემბერი, 13:43 შემოგთავაზებთ შესქელებული რძის- "სგუშონკის" მომზადების ყველაზე სწრაფ რეცეპტს. ასე მომზადებული შესქელებული რძე ძალიან გემრიელი, არომატული და სქელია და თანაც მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ. თქვენ ამის შემდეგ მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით. საქართველოში შემოტანილი "სგუშონკის" უმეტესი ნაწილი ნამდვილი რძისგან კი არ არის დამზადებული, არამედ მცენარეული ცხიმისგან მზადდება. ამიტომ თქვენს მიერ სახლში მომზადებული შედედებული რძე გაცილებით იაფი და უფრო მეტად ნატურალურია, ვიდრე ნაყიდი. უნდა ავღნიშნო, რომ იდეალურ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ თუკი ზუსტად მიყვებით მომზადების წესს. იმაზე მეტხანს თუ ადუღებთ, ვიდრე მითითებულია რეცეპტში, რძე დაკრისტალდება. მოცემული ინგრედიენტებით მიიღება 280 მლ. შესქელებული რძე. ინგრედიენტები: 200 მლ. რძე; 200 გრ. შაქრის ფხვნილი; 20 გრ. კარაქი. მომზადების წესი: შევურიოთ სამივე ინგრედიენტი ერთმანეთს, შემოვდგათ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ გაუჩერებლივ, ვიდრე შაქრის პუდრა და კარაქი არ გაიხსნება. როდესაც ნარევი ადუღებას დაიწყებს, ქაფს მოიკიდებს. ამის შემდეგ საშუალო ცეცხლზე ვხარშავთ ინტენსიური მორევით. ნარევი თუ ძალიან იკიდებს ქაფს, ან "გაგირბით", შეგიძლიათ ცოტა დაუწიოთ ცეცხლს. ადუღებიდან ვხარშავთ 10 წუთი. ასე გამოიყურება თქვენი შედედებული რძე 10 წუთის შემდეგ. შემდეგ, გადმოვდგავთ ქვაბს ცეცხლიდან და მოვათავსებთ ქვაბს მომზადებული ნარევით ცივი წყლის ჭურჭელში. არ შეგეშინდეთ თუ ნარევი თხელი მოგეჩვენებათ, გაგრილების შემდეგ მასა გახდება ისეთი სისქის, როგორიც საჭიროა. ქვაბიდან გადავასხათ "სგუშონკა" სუფთა, მშრალ ქილაში, დავახუროთ სახურავი და შევინახოთ მაცივარში. წარმოუდგენლად გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელია! 1266 6-ს მოსწონს 2-ს არა
|