x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ლენინის მავზოლეუმის საიდუმლო
image


როგორც ამბობენ, ლენინის მავზოლეუმი ბაბილონის ზიქურათის პროექტის მიხედვით არის აშენებული, ხოლო ლენინის გვამის ბალზამირებაზე მეცნიერებმა ოკულტური მეცნიერებები გამოიყენეს. საბჭოთა ეპოქის ამ სიმბოლოს, თავისი არსებობის მანძილზე, უამრავი საიდუმლო, გამოცანა და ვარაუდი უკავშირდება.
ჯერ ერთი, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ თავგამოდებული ათეისტების საკავშირო კომუნისტურმა პარტიამ არ დამარხა ლენინი. ასევე უცნაური იყო მავზოლეუმის აგების და სხეულის მუმიფიცირების იდეაც. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი, იმ პერიოდში, სენსაციური არქეოლოგიური აღმოჩენა გახდა. საქმე იმაშია, რომ 1923 წელს მსოფლიო პრესა აჭრელებული იყო ინფორმაციით, ტუტანჰამონის სამარხის გახსნის და მასში აღმოჩენილი მუმიის და განძის შესახებ. ყველა, დიდიან-პატარიანად, განიხილავდა საიდუმლოს ფარაონის მუმიის შესახებ, რომელიც 3 ათასი წლის მანძილზე, უხრწნელი იყო. ამიტომ, პარალელის გავლება ლენინის ბალზამირებასა და ფარაონის მუმიას შორის, რთული არ არის.
გარდა ამისა, ლენინის სამარხის პირამიდის ფორმის პროექტი, რეალურად არსებობდა, რომელიც გამოჩენილ არქიტექტორს ფ. შეხტელს ეკუთვნოდა. მაგრამ შემდეგ, ეგვიპტის პირამიდის ნაცვლად, მავზოლეუმი ააგეს, რომელიც ძალიან ჰგავს ბაბილონის ზიქურათს და სამხ. ამერიკულ საფეხუროვანი პირამიდას.


imageქ. ურის ზიქურათი (ერაყი)

ბელადის «წმინდა» სხეული

ლენინის დაკრძალვაზე ფიქრი და საუბარი რომ დაიწყეს მისმა თანამებრძოლმებმა, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. «ამ საშინელმა მოვლენამ არ უნდა დაგვაბნიოს. ლენინს თუ დავკრძალავთ, მაშინ ეს ცერემონია იმდენად დიდებული უნდა იყოს, როგორიც მსოფლიოში ჯერ არავის უნახავს» – თქვა სახალხო მმართველმა კალინინმა და მას სტალინიც დაეთანხმა: «ზოგიერთი ამხანაგი თვლის, რომ თანამედროვე მეცნიერებას აქვს ბალზამირებით სხეულის უხრწნელად შენახვის საშუალება. ჩვენ და საზოგადოება იმ აზრს უნდა შევეგუოთ, რომ ლენინი ჩვენს შორის აღარ არის».

როდესაც ლენინი გარდაცვალა, ცკ-ში, საბჭოთა მშრომელებისგან ათასობით წერილი და დეპეშა მივიდა, «ძვირფასი ილიჩის სხეულის შენახვის და მისი სარკოფაგში მოთავსების» თხოვნით. იმ დროისთვის, ვიწრო წრის მიერ, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. და მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილის მეუღლე ნ. კრუპსკაია, მისი დები ანა და მარია, ძმა დმიტრი, ლენინის მუმიფიცირების წინააღმდეგები იყვნენ, «ხალხის აზრი» უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ლენინის სხეული პარტიულ კუთვნილებად გამოცხადდა და მასზე ბალზამირების ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო.
ბელადის გარდაცვალებიდან 6 დღის შემდეგ, დაკრძალვის დღისთვის – 1924 წ. 27 იანვარს, წითელ მოედანზე, ალ. შუსევის პროექტის მიხედვით, პირველი ხის მავზოლეუმი ააგეს. მას კუბის ფორმა ჰქონდა და სამსაფეხურიანი პირამიდით სრულდებოდა. რამოდენიმე თვის შემდეგ, მავზოლეუმი გადააკეთეს და აქეთ-იქიდან ტრიბუნები მიაშენეს. რომლებიც, ასევე დროებითი, ხის ნაგებობები იყო.


image

მავზოლეუმის დღევანდელი შენობა 1930 წ. ააშენეს. შიგნით ვესტიბიულის და სამგლოვიარო დარბაზის გარდა, ასევე რამდენიმე ოთახიც არის, რომლებშიც მავზოლეუმის ადმინისტრაცია მუშაობს. ხოლო ერთ-ერთ საიდუმლო ოთახს «სამთავრობოს» ეძახიან – იქიდან პოლიტბიუროს წევრები, სახელმწიფო ზეიმების დროს, მავზოლეუმის ტრიბუნაზე ადიოდნენ, სამხედრო თუ სამოქალაქო აღლუმის მისაღებას.


ილიჩის სული

ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ლენინისთვის დიდებული მავზოლეუმის აგებისა, სტალინი იყო. ხოლო როდესაც, 1953 წელს, თავად მან დატოვა ეს ქვეყანა, «კომუნიზმის ღმერთი» უკვე ორსახიანი იყო და არავის გაკვირვებია, რომ მავზოლეუმში, ლენინმა და სტალინმა ერთად ნახეს სამუდამო განსასვენებელი.


image

მავზოლეუმს სახელი შეეცვალა და «ვ.ი. ლენინის და ი.ბ. სტალინის მავზოლეუმი» გახდა. ამასთან, სტალინი იქ მას შემდეგაც დარჩა, რაც სკკპ XX ყრილობაზე (1956 წლის 30 ივნისი) კულტად გამოაცხადეს. ეს კი დაუშვებელი იყო საბჭოთა საზოგადოებაში. პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა. ყრილობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ასობით ადამიანი მიდიოდა მავზოლეუმში და თაყვანს სცემდა მის სამარხს.


1961 წელს სკკპ XXII ყრილობა ხალხს დაპირდა, რომ სულ მალე, ისინი კომუნიზმში იცხოვრებდნენ და ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, «წარსულის რუდიმენტებისგან გათავისუფლება იყო საჭირო». ყრილობის ბოლო დღეს სიტყვით ძველი ბოლშევიკი დორა ლაზურკინა გამოვიდა და თავისი გამოსვლა მისტიკური წინასიტყვაობით დაიწყო: «გუშინ ილიჩს მოვეთათბირე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს წინ ცოცხალი იდგა და მითხრა: მე არა მსიამოვნებს სტალინის გვერდით ყოფნა, რომელმაც პარტიას ამდენი უბედურება მოუტანა...».


image


ამ სიტყვების შემდეგ, ხანგრძლივი ტაში გაისმა და ტაშითვე შეაწყვეტინეს სიტყვა უკრაინის ცკ-ს პირველ მდივანს ნ. პოდგორნოვს, რომელმაც მავზოლეუმიდან სტალინის ნეშტის გამოტანის წინადადება დააყენა. ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის ხდებოდა, ხელის აწევა «წინააღმდეგ» ვერავინ გაბედა.

ღამის საფარ ქვეშ

ყრილობის გადაწყვეტილების გადადება არ მოუხდენიათ და უკვე მეორე დღეს, როგორც კი დაღამდა, წითელი მოედანი აღლუმის სარეპეტიციოდ გადაიკეტა. მავზოლეუმის კარებთან ავტომატით შეიარაღებული ორი ასეული ჯარისკაცი დააყენეს და საქმეს შეუდგნენ.
ოპერაციაში, შეიარაღებული დაცვის გარდა, 30 ადამიანი მონაწილეობდა და დილისთვის, ყველაფერი მზად იყო.


imageმაკეტი-პირამიდა

სტალინის კუბო მავზოლეუმიდან 8 ოფიცერმა გამოიტანა და კრემლის კედელთან მიიტანა, სადაც სარკოფაგის მსგავსი რაღაც იყო გაკეთებული და ის წინასწარ გამზადებულ ხის საყრდენზე დაასვენეს. არც სამხედრო სალამი იყო და არც გამოსათხოვარი სიტყვა...
მეორე დღეს, მავზოლეუმთან, შიგნით შესვლის მსურველების ტრადიციული რიგი მოეწყო. ჯერ მათ ის აღმოაჩინეს, რომ მავზოლეუმის თავზე მხოლოდ ერთი სახელი ეწერა. ხოლო შემდეგ, როდესაც იქიდან გამოდიოდნენ, განცვიფრებულები აღნიშნავდნენ, რომ იქ, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დასვენებული.
ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ საპროტესტო რეაქცია არავის გამოუხატავს. ხალხმა, საიდუმლო ვითარებაში ჩატარებული, სტალინის დაკრძალვა მშვიდად მიიღო – პარტიამ მათ უთხრა, რომ «საჭირო» იყო – ე. ი. ასეც უნდა ყოფილიყო.

მისტიკა თუ მეცნიერება?


imageმისტიკოსები თვლიან, რომ ზიქურათი მავზოლეუმს მხოლოდ ფორმის მიხედვით კი არა, თავისი არსითაც წარმოადგენდა. მათი აზრით, ბაბილონის თითოეულ ზიქურათში იყო თერაფიმი (ადგილობრივი ღმერთი, კერპი) – ადამიანის მუმიფიცირებული თავის ქალა, რომელსაც მაგიური თვისებები ჰქონდა. ხოლო მის ფუნქციას, მოსკოვის მავზოლეუმში, ლენინის ნეშტი ასრულებდა.


imageმავზოლეუმთან დაკავშირებული რეალური ამბების გარდა, რომლებიც გასულ საუკუნეში იყო ცნობილი, უამრავი ჭორიც ვრცელდებოდა. მაგ., იმის შესახებ, რომ მავზოლეუმს მაგიური ძალა ჰქონდა და რომ ის ადამიანის თვალისთვის უხილავ სხივებს გამოსცემდა. ხოლო ანტენა, მავზოლეუმის შესასვლელის მარჯვენა მხარეს მოთავსებული ნიშა იყო. საბჭოთა პერიოდში, აღლუმების დროს, მას გვერდს უამრავი ადამიანი უვლიდა და იქვე ეწყობოდა ადამიანების რიგი, რომლებსაც საბჭოთა წმინდანის მონახულების სურვილი ჰქონდათ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური ხელსაწყოებით შემოწმების შემდეგ, მავზოლეუმის კედლებთან არავითარი იდუმალი გამოსხივება არ დაფიქსირებულა. ხოლო ამ ჭორებს იმიტომ ავრცელებდნენ, რომ უფრო მეტი ადამიანი «ეზიარებინათ» კომუნისტური სიმბოლოებისთვის. მოსკოვში ჩატარებული არცერთი ექსკურსია არ სრულდებოდა მავზოლეუმში ვიზიტის გარეშე და შიგნით შესასვლელად, ხალხი რიგს დილის 4-5 საათზე იკავებდა. ხოლო, მავზოლეუმის კარი 10 სთ-ზე იღებოდა.

არანაკლებ ინტერესს იწვევდა იქ დასვენებული, მსოფლიო რევოლუციის ბელადის მუმიფიცირებული, უფრო სწორედ, ბალზამირებული სხეული. მასზე მუშაობა და ოპერაციების ჩატარება, მხოლოდ 1924 წლის მარტში დაიწყეს, ანუ ლენინის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ. იმ დროისთვის გვამი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იყო. კომუნისტური პარტიის მესვეურებმა, საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება გამოჩენილ საბჭოთა ქიმიკოს ბ. ზბარსკის და მის კოლეგას ვ. ვორობიოვს დააკისრეს.
მეცნიერებს უნდა შეემუშავებინათ სხეულის ბალზამირების მეთოდიკა, რომელიც ლენინს, ხანგრცლივი დროის მანძილზე, უხრწნელად შეინახავდა. მეცნიერებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ შეცდომის ფასი ძალიან დიდი იქნებოდა და თავს არ ზოგავდნენ, მათზე დაკისრებული მისიის შესასრულებლად. შედეგად, ბალზამირების ჯგუფის წარნატება «მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევად» გამოცხადდა. თუმცა ბევრი დარწმუნებულია, რომ მიღწეული შედეგი მხოლოდ მეცნიერების დამსახურება არ იყო და თითქოს, ზბარსკიმ თავის ნაშრომში ავსტრიელი ზოოლოგის პ. კამერერის შრომები გამოიყენა, რომელიც ბიოლოგიის გარდა, ოკულტიზმშიც კარგად ერკვეოდა.
ლენინის ბალზამირებული სხეული სარკოფაგში ყოველთვის მშვიდად არ იყო ჩასვენებული. სამამულო ომის წინ, ის პარაფინით გაჟღენთილ სპეციალურ ჰერმეტულ კუბოში ჩაასვენეს და ტიუმენში გადაასვენეს. იმის შესახებ, თუ კონკრეტულად სად იყო და როგორ უვლიდნენ ბელადს 1941 – 1945 წლებში, ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ჭორის დონეზე ცნობილია, რომ მას სათანადოდ არ ეპყრობოდნენ და ერთხელ, მდუღარე წყალშიც კი ჩაუვარდათ, პროცედურების ჩატარების დროს.
მკაცრი რეჟიმი, რომელიც აკადემიკოსი ზბარსკის მიერ იყო დადგენილი, მოითხოვდა რომ, 18 თვეში ერთხელ, ბელადის ბალზამირებული სხეული სპეციალური ხსნარის აბაზანაში მოთავსებულიყო. აკეთებდნენ თუ არა ამას, მისი ევაკუაციაში ყოფნის პერიოდში – უცნობია. ამიტომ, ბევრი დარწმუნებულია, რომ ამჟამად, მავზოლეუმში ლენინი კი არა, მისი ცვილის ორეული არის დასვენებული.

წარსულთან ბრძოლა



image


მავზოლეუმის არსებობის მანძილზე, მასში და მის სიახლოვეს, უამრავი ინციდენტი მოხდა. საბჭოთა წყობილებით უკმაყოფილო ადამიანები ცდილობდნენ თავიაანთი ემოციები ბელადის სხეულზე გადმოენთხიათ. მავზოლეუმში პირველი ტერაქტი 1934 წელს მოხდა. ერთ-ერთი მეურნეობის მუშამ მიტროფანე ნიკიტინმა, იმის გამო რომ გააკულაკეს, შურისძიება გარდაცვლილ ლენინზე გადაწყვიტა. მან ორჯერ ესროლა ლენინს ნაგანით, მაგრამ ვერ მოარტყა. ხოლი, მესამე გასროლა საკუთარი გულის მიმართულებით მოახდინა. ჯიბეში მას წერილი ედო, რომელშიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მწვავედ იყო გაკრიტიკებული.
ამ შემთხვევის შემდეგ, მავზოლეუმში იარაღის შეტანა უკვე შეუძლებელი იყო. მაგრამ, ამან ვერ შეაჩერა ისინი, ვისაც ლენინზე შურისძიება უნდოდა. 1957 წელს, ვინმე რომანოვმა ბელადების სარკოფაგებს მელნის ბოთლი ესროლა. 1959 წელს ერთ-ერთი სარკოფაგის მინა ჩაქუჩით გატეხეს. ხოლო, 1960 წელს ერთ-ერთი ვიზიტორი ბარიერზე გადახტა და მინა ფეხით ჩატეხა. ნამსხვრევებმა ბელადი დააზიანა და მავზოლეუმი 1 თვით დაკეტეს. 1961 და 1962 წელებში ლენინის სარკოფაგს ქვები ესროლეს.

პირველი შემთხვევა, რომელსაც ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, 1967 წ. სექტემბერში მოხდა. კაუნასელი (ლიტვა), ვინმე კრისანოვი წითელ მოედანზე ე. წ. შაჰიდის ქამრით მივიდა. მან მავზოლეუმში შესვლა ვერ მოახერხა და თავი პირდაპირ მის წინ აიფეთქა. თავად ტერორისტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. 1973 წელს მას სხვა ადამიანმაც მიბაძა, რომელმაც მოახერხა და ტურისტების დარბაზში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანა.
აფეთქების შედეგად, თავად ის ადამიანიც დაიღუპა და ასტრახანიდან ჩასული ცოლ-ქმარიც. დაიჭრა რამდენიმე ბავშვი. რაც შეეხება ბრონირებულ სარკოფაგს, რომლის მიმართულებითაც ნასროლი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, არ დაზიანებულა. ტერორისტის ვინაობის დადგენა ვერ მოახერხეს, რადგან აფეთქების დროს, მისი საბუთებიც დაიწვა. იმ მცირე ნაწილებით, რომლებიც განადგურებას გადაურჩა, მხოლოდ იმის დადგენა მოხერხდა, რომ ადრე ის ნასამართლევი იყო და 10 წელი ჰქონდა მისჯილი.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageიყო თუ არა, ლენინზე თავდასხმა იმიტირებული და ვის აწყობდა მსგავსი სპექტაკლის მოწყობა
მითები და რეალობა იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის შესახებ. იყო თუ არა ის ტყვეთა ბანაკში
გალინა ჯუღაშვილი: ტყვეობაში მამის როლს მისი ორეული, აბვერის აგენტი ასრულებდა
კაცი, რომელმაც სტალინს შვილი გადაურჩინა, ხოლო თავად, მისი სიკვდილი დააჩქარა

«ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»

image

1
2071
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2071
  
2017, 5 ოქტომბერი, 19:14
ერთმანეთთან წინააღმდეგობაში აკეთებდნენ ყველაფერს და რო გეკითხა "მსოფლიო მშვიდობას, თანასწორობას ჩაგრულთა მზრუნველები იყვნენ ეს უნიფხვო გაუნათლებელი ბოლშევიკები.
0 1 1