მწერალი ლაშა ბუღაძე ვრცელ ჩანაწერს აქვეყნებს პორტალ "რადიო თავისუფლება"-ზე სათაურით:" საქართველოს ორი შიდა პრობლემა ", რომელიც ორ პიროვნებას შეეხება...
"საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს. როგორც იტყვიან, შიდაც და გარეც...
მთავარი გარე ვიცით, მასზე ნუღარ შევჩერდებით.
შიგაც ბევრი გვაქვს. სიციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ-მენტალური და ა. შ.
მაგრამ ამ საარჩევნოდ საქართველოს ორ მთავარ პრობლემად ორი
ექსცენტრიკოსი მესახება, ორი უაღრესად დამღლელი და
მოუსვენარ-დისტანცირებასვერდაქვემდებარებული (არ მინდოდა, დამეწერა -
მოუშორებელი) ფსიქოტიპი...
ეს ორი დიდი უცნაური ვინმეა: თან გვანან ერთმანეთს, თან არა.
სტილით ერთმანეთს არ გვანან, მაგრამ გვანან რაღაცნაირი არანორმალურობით;
გვანან იმით, რომ როცა უყურებ და უსმენ, ძალაუნებურად მათ ფსიქიკურ
მდგომარეობაზე, ტრავმებზე, ნევროზებზე, პარანოიდულ ბუნებაზე, ფობიებზე და
ათასნაირ უბედურებაზე იწყებ დაფიქრებას...
რაც მთავარია, ფიქრობ მათ პრობლემურ ხასიათზე, რომელიც, რეალურად, ქვეყნისთვის გამხდარა პრობლემად...
ქვეყანა, ჰა, კიდევ აიტანს მათ პრობლემურობას (ბოლოს და ბოლოს,
ერთ დღეს ყველა პოლიტიკოსი პრობლემა ხდება თავისი ქვეყნისთვის - თუნდაც
ჩერჩილი იყოს ან თუნდაც ჰაველი, - იდეალურებითაც კი იღლებიან, არათუ მხოლოდ
საწყისშივე პრობლემურებით), მაგრამ ვეჭვობ, ამ ორის პრობლემა დაძლიონ
თავად მათმა პარტიებმა...
აი, ამითაც გვანან ერთმანეთს: ერთიც ვითომ დისტანცირდა თავისივე დაარსებული პარტიისაგან და მეორეც თითქოს დისტანციაზეა, მაგრამ უპარტიო ცხოვრებას
ვერცერთი ვერ ახერხებს: ორივე თავ-თავის პარტიას ებღაეჭუბა და საქმეს
უფუჭებს ამ ჩაბღაუჭებით. რაღაცას წვალობენ ეს პარტიები, თითქოს თავსაც
აწონებენ ვიღაცებს, მაგრამ უცებ გამოხტება ერთი ან მეორე და ისეთს იტყვის,
ისეთ სისულელეს ან აღმაშფოთებელს დააბრეხვებს, ან ისე მოიქცევა, რომ არც
აღარაფერი რჩება ძლივს შეკოწიწებული პარტიული სიმპათიურობისგან.
შეიძლება ბევრად მეტიც მოეხერხებინა ორივე პარტიას, მართლაც დისტანცირებული (არ დავწერ - მოშორებული) რომ ჰყავდეს ეს ორი...
მაგრამ ამ პარტიების წყევლაც ისაა, რომ ფანატიკოსი ან ანგარებიანი
ამომრჩეველი მათ სწორედ ამ ორი ექსცენტრიკოსის გამო აძლევს ბელადების
სახელების სკანდირებისგან ჩახლეჩილ ხმას: არ იქნება ეს ორი და პარტიები
ხელად დაკარგავენ თავის ერთგულ, ოპონენტზე დაგეშილ და შურისმაძიებელ ხმის
მიმცემს... რადგან ესენი ბელადებს მიჰყვებიან და თუკი ბელადს წაართმევ, სულ
ფეხებზე დაიკიდებენ მაგ შენს ღირებულებებს, ვითომ ძალიან რომ
აღელვებთ ახლა... ღირებულებები არა იხვის ტოლმა - ამათ ბელადი მიეცი და მის
გამო ყელს გამოღადრავენ ერთმანეთს... უმეტესად, ვირტუალურად, ცხადია.
თუმცა თუკი უფრო მეტად დაგეშავ, შეიძლება ასაფეთქებლადაც კი გაგიმეტონ...
ამიტომ ამ ორმა კარგად იცის თავისი ფანატიკურ-პოლიტიკური მრევლის ფასი,
მას დაჰფოფინებს და თუ ლაპარაკობს, მის წასაქეზებლად ლაპარაკობს, მასზე
ზემოქმედებს და მას ქოქავს...
ორივე ყოჩაღი მანიპულატორია, ვერაფერს იტყვი.
კიდევ რითი გვანან ერთმანეთს?
ორივე ავტორიტარია.
ვერცერთი ვერ იტანს შეკამათებას.
ორივესთვის მტერი და ჯაშუშია მისგან განსხვავებულად მოღვაწე.
ორივე ავანტიურისტული ბუნებისაა.
ორივე მუდმივ ისტერიკაშია. ზოგჯერ პასიურში, ზოგჯერ აქტიურში.
ენა ორივეს წინ უსწრებს, ხშირად ორივე აბდა-უბდას მიერეკება...
ორივეს შეუძლია დიდი უხერხულობა მოგგვაროს - რაღაც ისეთი ქნას, რის
გამოც შეგრცხვება, რის გამოც გათქმევინეს - ნეტა არ ექნა, ნეტა ამის მოწმე
არ ვყოფილიყავი.
ორივეს დიდ გემოვნებიან ვინმედ მოაქვს თავი, მაგრამ, სინამდვილეში, ორივე უგემოვნოა...
ორივე ნარცისი და ტრაბახაა.
ორივეს ელეთმელეთი მოსდის, როცა აქებენ. ორივე მლიქვნელობის ნარკომანია: მხოლოდ კარგი მითხარით...
ორივეს ცხვირის ჩაყოფა უყვარს ყველას საქმეში.
ორივე ავადმყოფურად დარწმუნებულია, რომ იმ წუთას ისაა მართალი და შეუცდომელი.
ორივეს კარგად გამოსდის წარსულის უარყოფა - ძველი შეცდომის გაუქმება, თავისივე ძველი სისულელის აკრძალვა...
ორივე მსუბუქი ანთროპოლოგიური ეგზოტიკაა: ორივე რაღაცნაირი უცხოპლანეტელია.
არც ერთი არ ჰგავს სხვა რომელიმე ქართველს.
ორივე თვლის, რომ პროგრესულია.
ორივეს უხერხული იუმორი აქვს, უფრო სწორად, ისინი თავად არიან
სასაცილოები - ორივეზე იტყვი, რომ კომიკურები არიან... კომიკურები და
სახიფათოები.
ვერცერთზე ვერ იტყვი დაბეჯითებით, რომ ერთმნიშვნელოვნად კეთილია ან
ერთმნიშვნელოვნად ბოროტი (ხომ ვამბობთ ხოლმე ასე, როცა ადამიანებს და
ცხოველებს ვახასიათებთ), რადგან როცა იტყვი, რომ, აჰა, მაინც შედარებით
კეთილი ყოფილა, უცებ საშინლად ბოროტი აღმოჩნდება და რომ გეგონება, რომ არა,
მაინც ბოლო არამზადა ყოფილა, უცებ დამაჯერებლად კეთილად მოგაჩვენებს
თავს...
ისე ჩანს, რომ მიზნის მიღწევის გამო, ორივეს შეუძლია არა ერთის და ორის, არამედ ათეულების, ასეულების გაწირვა...
ორივე საკმაოდ დაბალ ფასს ადებს ადამიანს; ადამიანები - ყველაზე ახლო ადამიანებიც კი - მათთვის რესურსია.
ორივეს თავისებური შეხედულება აქვს მორალის შესახებ - ერთს მორალისტად მოაქვს თავი, მეორეს არამორალისტად, თუმცა ორივე ამორალურია.
ამ ეტაპზე ორივე თანაბრად ძლიერი და თანაბრად უსუსურია.
ორივეს რაღაცის იმედი აქვს და ორივე გამოუვალ მდგომარეობაშია.
ორივე მარტოხელაა, როგორც ყველა სუპერ-ეგოისტი.
ორივე ჩვენი ენერგიით და ცხოვრებით იკვებება, რადგან ორივე ვამპირია.
ორივე გვაჰიპნოზებს, რომ აქტუალურები არიან.
ორივე გვაჯერებს, რომ მნიშვნელოვანები არიან, რომ მათ გარეშე ვეღარ ვიარსებებთ.
ორივე გვთხოვს, გვაიძულებს, მათზე ვიფიქროთ და დაუსრულებლად ვილაპარაკოთ...
ორივეს უნდა, რომ მეორე განადგურდეს, მეორე აორთქლდეს - დარჩეს მაღალი და გაქრეს დაბალი, ან დარჩეს დაბალი და გაქრეს მაღალი...
ორივეს უნდა, რომ მეორე აღარ არსებობდეს.
ორივე პოლიტიკური სადისტია.
ორივე...
ორივე...
ორივე...
ორივე...
ორივე...
ორივე ძველი პრობლემაა.
განა ამ ორის გარდა ადამიანი დაილია ამ ქვეყანაში?"