შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, კაპიტანი ზურაბ ლუხოშვილი ე.წ. “ჩაჯდომების” ვარჯიშში მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება. ღონისძიება 21 სექტემბერს, 13:00 საათზე, სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში“ (თბილისი, ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181) ჩატარდება. სარეკორდო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერი კი – საბრძოლო ხელოვნება კუდოს ეროვნული ფედერაცია.
მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად, ზურაბ ლუხოშვილმა 80–ფუნტიანი (36.287 კგ) ზურგჩანთის თანხლებით, ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 43 ჩაჯდომა უნდა შეასრულოს. ამჟამად გინესის მოქმედი რეკორდი 42 ჩაჯდომაა და იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნის, მანამდე კი, 40 ჩაჯდომით, პირველ ადგილს ბრიტანელი პედი დოილი იკავებდა.
ზურაბ ლუხოშვილი 1983 წლის 3 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფეში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზ–აღზრდის ფაკულტეტი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. წარსულში სპორტით პროფესიონალურ დონეზე დაკავებული არ ყოფილა. მისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველია.