"დედასამშობლო გვიხმობს" - იცით ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ყველაზე ცნობილ საბჭოთა პალაკატზე?
დიდი სამამულო ომის დროის სააგიტაციო პლაკატზე - "დედასამშობლო გვიხმობს!" - გამოსახული ქალის სახე ყველასთვის კარგად არის ნაცნობი. მხატვარ ირაკლი თოიძის მთავარი ამოცანა იყო შეექმნა ქალი-დედის განზოგადოებული სახე, რომელშიც თითოეული ჯარისკაცი საკუთარ დედას დაინახავდა. თუმცა, ალბათ ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ ამ სიმბოლურ სახეს რეალური პროტოტიპი ჰყავდა და ეს თამარ თოიძე იყო.
პლაკატი ომის დასაწყისში შეიქმნა, გერმანელთა შემოჭრიდან რამდენიმე დღეში, 1941 წლის ივნისში. იმ დროს ბევრი მსგავსი სააგიტაციო პლაკატი და პატრიოტული სიმღერა გაჩნდა, რომელთა მიზანიც იყო ადამიანთა შთაგონება მტერთან ბრძოლისათვის. თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარული და ცნობადი სწორედ აღნიშნული პლაკატი გახდა.
მხატვარი ირაკლი თოიძე
წარმოშობით ქართველი ირაკლი თოიძე იმ დროისთვის უკვე ცნობილი მხატვარი იყო - განსაკუთრებული პოპულარობა მას "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებმა მოუტანა. მისივე მონათხრობის მიხედვით, იგი სწორედ "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობდა, როცა 1941 წლის 22 ივნისს მისი მეუღლე, თამარ თოიძე ოთახში შემოვარდა და დაიყვირა: "ომია!", თან ხელით ღია კარზე მიუთითებდა, საიდანაც აღწევდა ქუჩის რეპროდუქტორის მიერ გადაცემული სოვინფორმბიუროს შეტყობინება ომის დაწყებას შესახებ. სწორედ მეუღლის ამ ჟესტმა შთააგონა მხატვარს პლაკატის შექმნა. "გაჩერდი და არ გაინძრე!" - სთხოვა მეუღლეს თოიძემ და მაშინვე დაიწყო ჩანახატის გაკეთება. თამარი იმ დროს 37 წლის იყო, მაგრამ გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ამიტომ, დედის განზოგადებული სახის შესაქმნელად მხატვარმა პროტოტიპზე უფრო ასაკოვანი ქალი გამოსახა.
თამარ თოიძე
როგორც მხატვრის ვაჟი ამტკიცებს, სიტყვას "Родина-мать" ("დედასამშობლო") ირაკლი თოიძე თავის საყარელ პოეტს, ანდრეი ბელოვს დაესესხა. მისი ლექსების კრებულში მხატვარმა ფანქრით მონიშნა შემდეგი სტროფი: "Позволь же, о Родина-мать, в глухое, сырое раздолье, в раздолье твое прорыдать".
პლაკატი "Родина-мать зовет!" და მისი რეპროდუქცია "Известия"-ში 1941 წლის 13 ივნისიდან.
პლაკატი თვის ბოლოს უკვე მზად იყო და მილიონობით ტირაჟი დაიბეჭდა. მას აკრავდნენ მთელ საბჭოთა კავშირში - სადგურებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ფაბრიკა-ქარხნებში, კედლებზე და ღობეებზე. პლაკატის იდეა იმდენად ახლობელი და გასაგები იყო ყველასთვის, რომ ჯარისკაცები მის შემცირებულ რეპროდუქციებს ტანსაცმელზეც კი იმაგრებდნენ და ჯიბით ატარებდნენ. ხოლო თუ ფაშისტებისთვის დასახლებული პუნქტების ჩაბარება უხდებოდათ, საბჭოთა მეომრები "დედის" გამოსახულების პლაკატს კედლებიდან ხსნიდნენ და თან მიჰქონდათ.
პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფრანგული პლაკატი. ფრაგმენტი.
თუმცა დღეს ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს ეჭვს აღნიშნული პლაკატის შექმნის დროისა და გარემოებების შესახებ. ზოგი ამტკიცებს, რომ "დედასამშობლო" ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შეიქმნა, ზოგი კი ეჭვობს, რომ თოიძემ მოქმედებისკენ მოწოდების გამომსახველი ჟესტი არა თავისი ცოლისგან, არამედ ომის თემატიკაზე არსებული უცხოური სააგიტაციო პლაკატებისგან აიღო. ზოგიც დარწმუნებულია, რომ მაღლა აწეული და უკან გაწეული ხელი დამახასიათებელი ჟესტია ემოციური ქართველი ქალებისთვის.
საფრანგეთის, საბერძნეთის, სსრკ-ს, უკრაინისა და აშშ-ს სააგიტაციო პლაკატები.
ასეა თუ ისე, "დედასამშობლოს" საოცარი ძალა აღმოაჩნდა: პლაკატი ხალხს შთააგონებდა ისევე, როგორც სიმღერა "Священная война". ეს ალბათ შეუძლებელი იქნებოდა, მხატვარს მხოლოდ საკუთარი ცოლის პორტრეტი რომ შეექმნა. სახე მართლაც განზოგადებული იყო, რასაც მხატვრის ვაჟიც ამტკიცებს: "პლაკატზე გამოსახული ქალის სახე, ცხადია, ბევრ რამეში განზოგადებულია. დედა ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ მამამ გაამარტივა მისი სახე, ყველასათვის გასაგები გახადა...". სწორედ ამიტომ იქცა აღნიშნული სახე იმ ეპოქის ჭეშმარიტ სიმბოლოდ და იმ სულიერ ძალად, რამაც საბჭოთა ადამიანები ფაშიზმთან ბრძოლისთვის შთააგონა.