საზოგადოებრივი ტრანსილვანიიდან რუსეთამდე - შვიდი ყველაზე იდუმალი ადამიანი ისტორიაში 2016, 14 სექტემბერი, 9:38 გრაფი დრაკულა და მატა ჰარი, ჯეკი მფატრავი და რასპუტინი, ნოსტრადამუსი და ''კაცი რკინის ნიღაბში" - მაინც რა აქვთ საერთო ამ ადამიანებს? ალბათ ის, რომ მათ დიდი გავლენა მოახდინეს არამარტო თანამედროვეობაზე, არამედ დღესაც თავგზას უბნევენ კაცობრიობის წარმოსახვას. მითებმა და ლეგენდებმა, რომლებითაც მათი პიროვნებებია გარემოცული, მთლიანად წაშალეს სიმართლე მათ შესახებ. ამ ისტორიული პიროვნებებიდან უმეტესობის ვინაობა დღესაც იდუმალი და გამოუცნობი რჩება.
მაშ ასე თქვენს წინაშეა შვიდი ყველაზე იდუმალი ადამიანი ისტორიაში. 1. გრაფი დრაკულა, მე-15-ე საუკუნე შემზარავი ზედმეტსახელი დრაკულა (დრაკონი, ეშმაკი) რუმინელმა თავადმა ვლად III-მ მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან, რომელიც იყო დრაკონის ორდენის რაინდი და ამ მითიური არსების გამოსახულებას ტვიფრავდა მის მიერ მოჭრილ მონეტებზე, ხოლო თურქებმა, რომელთაც გრაფი მთელი ცხოვრება ეომებოდა, მას უწოდეს "შუბზე მჯდომი", რაც რუმინულად ითარგმნება, როგორც ცეპეში. თავადი ცეპეში ყველასაგან მოითხოვდა, რომ მისთვის გრაფი დრაკულა ეწოდებინათ, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავდა "დრაკონის შვილს", თუმცა დროთა განმავლობაში ხალხმა ამ სიტყვას სრულიად სხვა დატვირთვა მიანიჭა, კერძოდ-"სატანის შვილი" და სრულიად სამართლიანადაც... ეს იყო სასტიკი შუა საუკუნეები-დრო გაუთავებელი საომარი მსვლელობებისა. ვალახიის მმართველი - თავადი ვლადისლავ ცეპეში (გრაფი დრაკულას სახე და პროტოტიპი) წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მთელ თავის სამფლობელოს გაუგონარი სისასტიკითა და სიმხეცით. რა თქმა უნდა, თავისი მსხვერპლის კისრიდან ის სისხლს არ სვამდა, მაგრამ ათასობით ადამიანის წამება, სიკვდილით დასჯა და ძელზე გასმა ამ სისხლისმოყვარულ ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. ყველაფერი ეს დეტალურადაა აღწერილი მე-15-ე საუკუნის ხელნაწერებში. თავად ცეპეშთან მიმართებაში არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება: პირველის თანახმად, გრაფი შეშლილი სადისტი იყო, რომელიც სიამოვნებას იღებდა თავისი მსხვერპლის აბუჩად აგდებითა და წამებით; მეორე მოსაზრების თანახმად, ის ამ სახით უბრალოდ ცდილობდა შიში აღმოეფხვრა ჯარისკაცებში და აელაგმა თავგასული და მოღალატე ბოიარები. ლეგენდის თანახმად, ჯამში ამ სისხლისმსმელმა თავადმა 100 ათასამდე კაცი გამოასალმა სიცოცხლეს, უმეტესი მათგანი ძელზე გასმით დასაჯეს სიკვდილით. დასჯის ეს სახე დრაკულას საყვარელი სანახაობა იყო. ის ტკბებოდა, როცა საშინელი ტკივილისაგან ადამიანები სიმწრით იგრიხებოდნენ და ცახცახებდნენ. თუმცა ისტორიული წყაროები იმასაც მოგვითხრობენ, თუ რა გმირულად იბრძოდა გრაფი თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ და როგორ მხურვალედ უყვარდა თავისი სამშობლო. დრაკულად ზედმეტსახელით და მისი ისტორიით შთაგონებულმა ირლანდიელმა მწერალმა ბრემ სტოკერმა ამ ამბების საფუძველზე შექმნა უკვდავი ლიტერატურული პერსონაჟი-არისტოკრატი ვამპირი დრაკულა. რომანის რეალურ ფაქტებთან შედარების დროს ისტორიკოსები ხშირად ავლებენ პარალელს მეთხუთმეტე საუკუნის გერმანულ პოემასთან, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ უყვარდა გრაფს სადილობა ძელზე გასმული ადამიანების ყურების დროს. პოემაში ნათქვამია, რომ ის ნაწამები ადამიანებიდან ჩამოწვეთილ სისხლში პურს აწებდა და ჭამდა. მითის თანახმად, ის ასევე ხშირად იბანდა ხელებს მსხვერპლთა სისხლში. მთელი ცხოვრების მანძილზე თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი თავადი საბოლოოდ მაინც მათი მსხვერპლი გახდა. ის დაიღუპა ერთ-ერთი ბრძოლის დროს. ხელნაწერებში ნათქვამია, რომ დრაკულას სხეული დაკრძალეს ბუქარესტის გარეუბანში მდებარე სნაგის მონასტერის სასაფლაოზე, მაგრამ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც: ერთნი ამტკიცებენ, რომ თავადის სხეული მისი სიკვდილის შემდეგ გაქრა, მეორენი ამბობენ, რომ გრაფი ჩვეულებრივად დაკრძალეს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მისი ნეშტი საფლავიდან გაქრა. ეს ვარიანტიც სავსებით შესაძლებელია, რადგან ვლად III ანუ გრაფი დრაკულა დიდ საგანძურთან ერთად დაკრძალეს და სავარაუდოა, რომ მძარცველებმა მისი საფლავი ამოთხარეს და გაძარცვეს. ასეა თუ ისე, ვლად III, იგივე თავადი ვლადისლავ ცეპეში და იგივე გრაფი დრაკულა არაერთი წიგნის თუ ფილმის გმირი გახდა... მის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობდა და კვლავაც იარსებებს მრავალი წლის მანძილზე. მომავალშიც მრავლად გადაიღებენ ფილმებს ადამიანის სისხლისმოყვარულ იდუმალ, სასტიკ და ამავე დროს ელეგანტურ ვამპირზე. 2. ნოსტრადამუსი, მე-16 საუკუნე "უდიდესი წინასწარმეტყველი" ნოსტრადამუსი (მიშელ დე ნოტრდამი), რომლის პიროვნების გაშიფვრას დღესაც გულმოდგინედ ცდილობს არაერთი მკვლევარი და ისტორიკოსი, სინამდვილეში იმ დროისათვის სავსებით ჩვეულებრივი აფთიაქარი და არასრული სამედიცინო განათლების მქონე ექიმი გახლდათ. ისევე, როგორც აღორძინების ეპოქის უამრავი სწავლული, მიშელ დე ნოსტრადამუსიც გატაცებული იყო ასტროლოგიითა და ალქიმიით. მას მტკიცედ სწამდა, რომ მისი ცოდნა, ზეციურ ძალასთან, მედიტაციასთან და სუსტ ჰალუცოგენებთან ერთად საშუალებას მისცემდა მომავალი დაენახა. თავისი ხილვები ნოსტრადამუსმა ოთხ წიგნ-კატრენად დაწერა. წერისას ძირითადად გამოყენებულია ფრანგული ენა, თუმცა შიგადაშიგ გარეულია ბერძნული, ლათინური და იტალიური. წინასწარმეტყველებანი ძალიან იდუმალია და ბუნდოვანია. აქ არ არის ზუსტი თარიღები და მოვლენების დასრულებული აღწერა. სარგებლობენ რა იმით, რომ უკვე მომხდარი მოვლენები დაემთხვა წიგნში აღწერილს, ინტერპრეტატორები ცდილობენ მიუსადაგონ ისინი ტექსტს, თუმცა შეიძლება იგივე აღწერილობა სულ სხვაგვარად აღვიქვათ. მაგალითად, წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია ვირაც მაბუსი ან მადასი - უდიდესი ბოროტების ხორცშესხმა. გასული საუკუნის 90-იან წლებში სპარსეთის ყურეში გაჩაღებული ომის დროს ნოსტრადამუსის თაყვანისმცემლებმა ჩათვალეს, რომ მადასი - ეს სადამია (საუბარია სადამ ჰუსეინზე), ოღონდ ასოები პირიქითაა, ხოლო 9/11 -ის ტერაქტის შემდეგ წამოვიდა აზრი, რომ მაბუს-უსამ ბ-ს ნიშნავს, ანუ უსამა ბენ ლადენის ანაგრამას. ამ ბოლო დროს კი გაჩნდა მოსაზრება, რომ მაბუსში სულაც ბარაქ ობამა მოიაზრება. ასეა თუ ისე, ერთი რამ ფაქტია, რომ ნოსტრადამუსმა თავისი სიკვდილის დღე ზუსტად იწინასწარმეტყველა. 3. ''რკინის ნიღაბი'', მე-17-18 საუკუნეები სწორედ ამ ზედმეტსახელით შევიდა ისტორიაში საფრანგეთის მეფე-მზედ წოდებული ლუდოვიკო XIV-ის დროინდელი ციხის-ბასტილიის იდუმალი პატიმარი. ერთ-ერთი ვერსიით, ის ლუდოვიკოს უკანონო შვილი იყო; მეორე ვერსიით-მისი ტყუპისცალი ძმა.სწორედ ამიტომ ატარებდა ის ნიღაბს, მაგრამ არა რკინისას (როგორც ლეგენდა მოგვითხრობს), არამედ შავი ხავერდის ნიღაბს. არსებობდა კიდევ ათეულობით ვერსია, ამასთან ზოგიერთი რეალობას მოკლებული-ერთ-ერთის მიხედვით, ''კაცი რკინის ნიღაბში''-ეს იყო რუსეთის მეფე პეტრე პირველი, რომელიც დააპატიმრეს ევროპაში ვიზიტის დროს, ხოლო მის მაგივრად რუსეთში გაგზავნილი იქნა მისი თვითმარქვია-ორეული; კიდევ ერთი ვერსიით ეს იყო დედოფლის საყვარელი, ხოლო ზოგიერის აზრით კი დრამატურგი მოლიერი, რომელიც სინამდვილეში კი არ მომკვდარა, არამედ ჩაგდებული იქნა ციხეში. თუმცა ტყუპისცალის ვერსია ყველაზე პოპულარული იყო და ფართო ასახვა ჰპოვა როგორც ლიტერატურაში, ასევე კინემატოგრაფიაში. ლეგენდა დაიბადა მას შემდეგ, რაც 1703 წლის ნოემბერში ბასტილიაში გარდაიცვალა უსახელო პატიმარი, რომელიც არავინ იცოდა, თუ რისთვის იჯდა ციხეში მრავალი წლის განმავლობაში. მწერალმა და ფილოსოფოსმა ვოლტერმა პირველმა აღწერა ის, როგორც ''კაცი რკინის ნიღაბში'', გადააქცია რა აბსოლუტიზმის ეპოქის სიმბოლოდ. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ''რკინის ნიღაბი'' გამოგონებული ამბავია, კრებითი სახეა პატიმრებისა, რომლებმაც სახელმწიფო საიდუმლოებები იცოდნენ. როგორც წესი, მიღებული იყო ასეთი პიროვნებების სახის დაფარვა ნიღბის ქვეშ, რომ ისინი არავის ეცნო. 4. კასპერ ჰაუზერი 1828 წლის მაისში ნიურნბერგის ბაზრის მოედანზე გამოჩნდა 16-17 წლის ჭაბუკი, რომელიც ძლივს იდგა ფეხზე, მექანიკურად იმეორებდა სიტყვებს-"მინდა ვიყო კავალერისტი, ისევე, როგორც მამაჩემი", არავის არ ესაუბრებოდა და ჟესტებით ცდილობდა აეხსნა ადამინებისათვის, თუ რა სჭირდებოდა. ის ისე იქცეოდა, როგორც უჭკუო ბავშვი. თავდაპირველად ყმაწვილი გონებრივად ჩამორჩენილად ჩათვალეს და მაწანწალობისათვის ციხეში ჩასვეს, მაგრამ როგორც კი ის ციხის საკანში მოხვდა, პოლიციელებს მიანიშნა, რომ მას უკვე ჰქონდა ასეთი ოთახი. დაიწყო ხანგრძლივი და მტანჯველი გამოძიება მის პიროვნების დასადგენად, რადგან ყმაწვილს არ შესწევდა უნარი გააზრებული დიალოგი ეწარმოებინა ვინმესთან. მაშინ ვიღაცამ მოიფიქრა ბიჭისათვის ქაღალდი და კალამი მიეცათ. ყმაწვილმა დაუფიქრებლად დაწერა სახელი და გვარი-კასპარ ჰაუზერი. მას მართლაც უპოვეს ცხვირსახოცი ინიციალებით К. Х. და სწორედ კასპერ ჰაუზერის სახელით შევიდა ის ისტორიაში გამომძიებელმა მოახერხა გაგება, რომ ბიჭუნა ბავშვობიდანვე დატყვევებული ჰყავდათ ნახევრადბნელ პაწაწინა ოთახში, სადაც ზრდასრული ადამიანი ვერ გაიმართებოდა და ვერც დაწვებოდა თავისუფლად. ფანჯარაზე ფიცარი იყო აჭედებული, ღიობებს შორის სუსტი შუქი ძლივს აღწევდა, თუმცა არანაირი ხმა გარედან არ შემოდიოდა. კასპარი ერთადერთი ადამიანის გარდა, რომელსაც მან ''კაცი შავებში'' დაარქვა, ვერავის ვერ ხედავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა გარესამყაროს არსებობაზე. მას მხოლოდ შავ პურს და წყალს აძლევდნენ. როცა გაკრეჭვის და ტანსაცმლის გამოცვლის დრო მოვიდოდა, რომელშიც ყმაწვილი უკვე აღარ ეტეოდა, მას აძინებდნენ ოპიუმით. უცნობმა აპეკუნმა ბიჭს სიარული ნიურნბერგში გამოჩენამდე მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ ასწავლა. მედიკოსების აზრით, ასეთ პირობებში გაზრდილ ბავშვს იდიოტიზმისაკენ უნდა ჰქონოდა მიდრეკილება და მის გონებას ვერაფერი ვერ გახსნიდა, თუმცა მათ გასაკვირად, ბიჭმა სწრაფად აუღო ალღო სწავლა-განათლებას და ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭიც კი გამოიჩინა. ლეგენდის ყველაზე პოპულარული ვერსია ჰაუზერის მეფური წარმომავლობაა. გამოითქვა აზრი, რომ "კაცი შავებში" ბოროტმოქმედი კი არ იყო, არამედ კეთილისმურველი, რომელიც ტახტის მემკვიდრეს მალავდა, რათა ეხსნა ის უცილობელი სიკვდილისაგან. ის, რომ კასპერი შესაძლებელია მაღალი წრის წარმომადგენელი ყოფილიყო, დასტურდება მისი სიზმრებით-ბიჭი დაწვრილებით, დეტალურად აღწერდა სამეფო სასახლის დარბაზებს, ინტერიერს და ავეჯს, რომლის ნახვის შესაძლებლობა მას ნიურნბერგში არ ჰქონდა. 21 წლის ასაკში კასპარ ჰაუზერი სასიკვდილოდ დაჭრეს. სიკვდილის წინ ის ამტკიცებდა, რომ თავს ვიღაც გრძელმოსახამიანი კაცი დაესხა, თუმცა ისტორიკოსები თვლიან, რომ ყურადღებას მიჩვეულმა კასპარმა თავისით დაიჭრა თავი, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და სისხლისაგან დაიცალა. მასზე მანამდეც არაერთხელ მომხდარა "თავდასხმები", რომლებიც მისივე წარმოსახვის ნაყოფი იყო, ან მის მიერ ინსცენირებული. ასეა თუ ისე, კასპერ ჰაუზერი წარმომავლობა და მის სიკვდილის მიზეზები დღემდე არაა დადგენილი. 5. ''ჯეკი მფატრავი'', მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარი 1888 წელს მთელი ლონდონი შეძრა მეძავების სასტიკმა მასობრივმა მკვლელობამ, რომელიც ძირითადად ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში ხდებოდა, სადაც მაშინ ყველაზე ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობდა. აგვისტოდან ნოემბრამდე მხეცურად იქნა მოკლული ექვსი ქალი; ისინი მანიაკის მსხვერპლი გახდნენ, მანიაკისა, რომელიც მათთან სქესობრივ კავშირს არ ამყარებდა. მკვლელი ყელს ჭრიდა მსხვერპლს, შემდეგ მუცელზე ფატრავდა და შინაგან ორგანოებს უღებდა, ბოლოს კი ნაკუწებად აქცევდა გვამს და ტოვებდა სხეულებს, რომლის ამოცნობა შეუძლებელი იყო. გამოძიება ვარაუდობდა, რომ მკვლელი ქირურგი ან ყასაბი იყო, რომელიც მეტ-ნაკლებად იცნობდა ადამიანის ანატომიას, თუმცა ზოგიერთი გვამი ისე იყო დაჩეხილი, რომ ამას ყველაზე ცუდი ყასაბიც კი არ გააკეთებდა. მანიაკის უკანასკნელი მსხვერპლი მერი კელი მათგან ყველაზე ახალგაზრდა და ლამაზი იყო -ის მხოლოდ 24 წლის იყო. მკვლელმა სასტიკად დაამახინჯა მისი სხეული და ნაწილ-ნაწილ დააწყო ოთახში სხეულის ნაწილები (ფოტოზე მოცემულია მერი კელის სახის ელექტრონული აღდგენა). ეჭვმიტანილი იყო დაახლოებით ასამდე ადამიანი, მათ შორის ქალებიც და ასე განსაჯეთ, დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილიც კი, რომელიც თითქოსდა მეძავებს ამით სამაგიეროს უხდიდა სიფილისის გამო, რომლითაც ის მსუბუქი ყოფაქცევის ქალებმა ''დაასაჩუქრეს'', თუმცა ერთ-ერთი მკვლელობის დროს ის ლონდონში არ იმყოფებოდა, თანაც სიფილისით იმ დროს ლონდონელი მამაკაცების თითქმის ნახევარი იყო დაავადებული. სიმართლესთან ყველაზე ახლოს იყო ერთ-ერთი ვერსია (თუმცა ეს დამტკიცებული არაა), რომ ჯეკი-მფატრავი იყო სულით ავადმყოფი პოლონელი ემიგრანტი აარონ კოსმინსკი, რომელიც ლონდონის სწორედ იმ რაიონში მუშაობდა პარიკმახერად, სადაც მკვლელობები ხდებოდა. მკვლელობების პერიოდში ის 23 წლის იყო. ქალაქის მთავარი კონსტებლი და ინსპექტორი მას ძირითად ეჭვმიტანილად თვლიდნენ, თუმცა ბრალის წაყენებისათვის დამამტკიცებელი საბუთი არ ჰქონდათ. მოგვიანებით კოსმინსკიმ ნერვიული აღელვების დროს დაჭრა თავისი და, რომელიც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ის შეურაცხადად მიიჩნიეს და სამკურნალოდ გაგზავნეს კლინიკაში. იქნებ უბრალო დამთხვევა იყო, მაგრამ ამის შემდეგ მკვლელობები შეწყდა. 6. რასპუტინი, მე-20-ე საუკუნე დღეს უკვე ძნელი ასახსნელია, თუ როგორ შეძლო უბრალო ციმბირელი მეეტლის შვილმა იმპერატორის ოჯახში შეღწევა და ფაქტიურად განუსაზღვრელი უფლებების მოპოვება. მიზეზი იყო ის, რომ იმდროინდელი რუსული არისტოკრატია გატაცებული იყო მისტიციზმით და ოკულტიზმით და იოლად დაიჯერა "ღვთიური ადამიანის"არსებობა. თუ წერილების მიხედვით ვიმსჯელებთ, იმპერატორი ალექსანდრა ფიოდოროვნა მას ბრმად ენდობოდა, თუმცა ბევრი ჭორი რასპუტინის შესახებ ანტიმონარქისტებმა და რევოლუციონერებმა გაავრცელეს. ნიკოლოზ II-ის ოჯახის ექიმი ევგენი ბოტკინი ამბობდა, რომ არ ყოფილიყო რასპუტინი, ისინი მაინც შექმნიდნენ დემონს ვინმე სხვისგან. ამ უცნაურ ადამიანზე ლეგენდები დადიოდა: ამბობდნენ, რომ ის აბანოში კურნავდა ქალებს ვნებისაგან, აწყობდა ორგიებს თავის ბინაში, ფლობდა ჰარემს და ატარებდა ჯადოქრულ რიტუალებს. არისტოკრატი ქალები მის წინაშე თავმოყვარეობას კარგავდნენ და მზად იყვნენ, მისი ჩექმის ძირიც კი აელოკათ. ის კი, გათამამაბული დაუსჯელობით, ქალწულ გოგონებს სახალხოდ ჩქმეტდა და ეღლაბუცებოდა. ასევე ყვებოდნენ, რომ ის ხშირად თვრებოდა რესტორნებში და აწყობდა დებოშს, ავლენდა სექსუალურ ფსიქოპათიას და სახალხოდ იშიშვლებდა გენიტალიებს. რასპუტინის თანამედროვენი აღიარებდნენ, რომ ის ჰიპნოზის არაჩვეულებრივ ძალას ფლობდა, ჰქონდა საოცრად გამჭოლი გამოხედვა, რომელიც ადამიანს თითქოსდა აჯადოებდა. სამეფო კარი ბრმად ენდობოდა "წმინდა მოხუცს", მისი აზრები და რჩევები კანონის სახეს ღებულობდა, ის წყვეტდა ათასობით ადამიანის და ბოლოს მთელი ქვეყნის ბედსაც კი, რამაც ბოლოს და ბოლოს მოთმინებიდან გამოიყვანა არმია, ხალხი და არისტოკრატია. რასპუტინის მოძულეებმა ის ვითომდა ჩაის დასალევად მიიპატიჟეს. ამბობენ, რომ მის მოწამვლას ეცადნენ კალიუმის ციანიდის სპილოს დოზით, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ მას მოწამლული ღვინო დაალევინეს, მაგრამ შხამმა ისევ არ იმოქმედა. ბოლოსდაბოლოს, რასპუტინი რევოლვერით დახვრიტეს, თუმცა ამაზეც ყვებოდნენ ლეგენდებს, თითქოსდა მკვდარი გაცოცხლდა და მსროლელი დაახრჩო, შემდეგ მას ტყვიების წვიმა დააყარეს და ასე მოუღეს ბოლო. ეს მოხდა 1916 წლის 30 დეკემბერს."წმინდა მოხუცი" მხოლოდ 47 წლისა იყო. საინტერესო ფაქტი: რასპუტინის სიკვდილიდან ზუსტად 94 წლის მერე, 2010 წლის 10 დეკემბერს, პეტერბურგში (იმ ქალაქში, სადაც რასპუტინი მოკლეს) გულის უკმარისობით გარდაიცვალა ბობი ფარელი, სოლისტი ანსამბლისა Boney M, რომელიც წლების განმავლობაში ასრულებდა სიმღერას რასპუტინზე. 7. მატა ჰარი, მე-20-ე საუკუნე ჰოლანდიელმა მარგარეტა ჰერტდრუდა ზელემ მეუღლესთან ერთად ინდონეზიაში ცხოვრების დროს თავის სასცენო ფსევდონიმად მატა ჰარი აირჩია, რაც მალაიზიურად დღის თვალს, ანუ მზეს ნიშნავს. წყვილის ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, ამიტომ ქალმა გართობის მიზნით ადგილობრივი კულტურის და ცეკვების შესწავლას მიჰყო ხელი. ევროპაში დაბრუნების და ქმართან დაშორების შემდეგ მატა ჰარიმ სახელი გაითქვა, როგორც სტრიპტიზის მოცეკვავემ. მაშინ ამას ეგზოტიკურ ცეკვებს უწოდებდნენ. მისი მაყურებლები, შემდეგ კი საყვარლები იყვნენ მაღალჩინოსნები, სამხედრო პირები და დიპლომატები-სასარგებლო, მაგრამ სახიფათო ადამიანები მოახლოებული ომის ფონზე. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მატა ჰარიმ თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ დაზვერვასთან, შემდეგ კი ჰოლანდიის ნეიტრალური სტატუსის და თავისუფალი გადაადგილების გამო ის იოლად უკავშირდებოდა სხვა ქვეყნებში მყოფ გერმანელ რეზიდენტებს. 1916 წელს ფრანგებმა მასზე ეჭვი მიიტანეს შპიონაჟის კუთხით. როცა ქალმა ეს შეიტყო, სცადა ორმაგი აგენტი გამხდარიყო, თუმცა თავად გერმანელებმა, რომლებსაც სულაც არ სურდათ მის ორმაგი აგენტობა, გადასცეს ქალი მოწინააღმდეგეს, როგორც ჯაშუში. 1917 წლის თებერვალში ის პარიზში დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახად, დახვრეტის დროს მატა ჰარიმ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა მსროლელებს, რომელთა შორის ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცი იყო. ყმაწვილი ისე მოიხიბლა ქალით, რომ გულშეღონებული დაეცა ძირს და სროლა ვეღარ შეძლო. მეორე ლეგენდა გვიამბობს, რომ თითქოსდა ქალი დახვრეტის წინ გაშიშვლდა და მისი სილამაზით მოჯადოებულმა ჯარისკაცებმა სროლა ვეღარ შეძლეს, თუმცა ეს ყველაფერი შეთხზული ამბავია. აღსანიშავია, რომ დასჯის მომენტში მატა ჰარი უკვე 41 წლის იყო და სილამაზით აღარ ბრწყინავდა. თანამედროვე შეფასებით, მატა ჰარი უმნიშვნელო ჯაშუში იყო. შესაძლებელია, მას ფასეული ინფორმაცია არც მოუპოვებია, თუმცა მაინც დახვრიტეს საფრანგეთის გავლენიან პირებთან მაკომპრომენტირებელი კავშირის გამო. ამასთან ერთად მისმა რომანტიკულმა სახემ ქალი აქცია ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ჯაშუშად. მის ისტორიაზე დაყრდნობით (რა თქმა უნდა, გადაჭარბებულზე) შეიქმნა 30-ზე მეტი ფილმი და სერიალი. 1830 14-ს მოსწონს
|