x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
შობის მთავარი ყვავილი

image


ჩვეულებრივ, ახალ წელს და შობაზე ყვავილებს არ ჩუქნიან. თუმცა, ერთი გამონაკლისი მაინც არსებობს, ეს – პუანსეტია, იგივე «შობის ვარსკვლავი» არის! ევროპაში და ამერიკაში ის შობის ისეთივე სიმბოლოა, – როგორიც ნაძვის ხე. შობის წინ, ამ ქვეყნებში ოფისები, მაღაზიები, კაფეები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები პუანსეტიებით ირთვება. გარდა ამისა, იშვიათად შეხვდებით ოჯახს, სადღესასწაულო სუფრის ცენტრში «შობის ვარსკვლავი» რომ არ ედგათ (თუმცა, ამას თავისი მიზეზი აქვს, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი). ყოველივე ამის შედეგად, ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ მთელი ქვეყანა პუანსეტიას წითელი ფოთლებით არის დაფარული. დიახ, ფოთლებით! ბევრი ფიქრობს, რომ მცენარეს თავზე ყვავილი აქვს, მაგრამ სინამდვილეში, ეს მხოლოდ წითელი ფოთლებია.

imageმცენარის ლათინური სახელი – Euphorbia pulcherrima არის. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, თუ ვინმეს ან რამეს მეტსახელს შეარქმევენ, მის ნამდვილ სახელს ყველა ივიწყებს. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე პუანსეტიასთან დაკავშირებითაც. მცენარეს მეტსახელი ამერიკელი სენატორის ჯოელ პოინსეტის საპატივცემულოდ შეარქვეს (1779-1851) და სწორედ ამ სახელით გაიცნო ის ყვავილების მოყვარულების უმრავლესობამ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: XIX საუკუნის დასაწყისში, მექსიკაში I ამერიკელი მინისტრის რანგში პოლიტიკოსი და დიპლომატი ჯ. რ. პოინსეტი (Joel Roberts Poinsett) დაინიშნა. პროფესიონალი პოლიტიკოსი ბოტანიკით იყო გატაცებული და როდესაც 1828 წლის ზამთარში მან მეხიკოს მახლობლად წითელი ბუჩქი დაინახა, მაშინვე ამოიღო მიწიდან რამდენიმე ნერგი და სახლში, სამხრეთ კაროლინაში გაგზავნა, გამრავლების და შემდგომში შესწავლის მიზნით. მოგვიანებით, უკვე კარგად მომრავლებული მცენარე, სენატორმა თავის ნაცნობ-მეგობრებს დაურიგა და ბოტანიკურ ბაღსაც აჩუქა. მაშინ, ცნობილი პოლიტიკოსი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დედამიწაზე სამარადისო სახელს სწორედ ამ ყვავილით დაიმკვიდრებდა.

1851 წლის 12 დეკემბერს ჯოელ პოინსეტი გარდაიცვალა და მის საპატივცემულოდ, აშშ-ს კონგრესმა, ამ დღის პუანსეტების ნაციონალურ დღედ გამოცხადების გადაწვეტილება მიიღო. ტრადიცია სწრაფად გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც და იქიდან მოყოლებული, ყოველი წლის 12 დეკემბერს, ამერიკის ორივე კონტინენტის ქვეყნებში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში და ესპანეთში პუანსეტის დღეს ზეიმობენ. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს პუანსეტებით ირთვება სახლები, ეკლესიები და საჯარო დაწესებულებები, ხოლო ხალხი ერთმანეთს ქოთანში მოთავსებულ ყვავილებს ჩუქნის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ შობაზე ყველა ოჯახში პუანსეტიაა.

შესაძლოა, პუანსეტიას თავისი მშვენიერებით მხოლოდ მცირერიცხოვანი ბოტანიკოსები და მცენარეების კოლექციონერები გაეხარებინა, რომ არა ერთი შემთხვევა:

1906 წელს გერმანელმა ემიგრანტმა პაულიუ ეკემ (Ecke), რომელიც პროფესიონალი მებაღე იყო, გადაწყვიტა ველური პუანსეტია საკუთარ ბაღში გაეზარდა, შობის წინ, მისი ტოტებით თაიგულები გაეკეთებინა და გაეყიდა. მაგრამ, ეგზოტიკური მცენარის თაიგული ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო და ეკეს შვილს გენიალური აზრი მოუვიდა თავში. მან მცენარეების გაყიდვა ლოს-ანჯელესის ყველაზე მდიდრულ რაიონში – ჰოლივუდში გადაწყვიტა. მცენარის ვარსკვლავისებური წითელი ფოთლები ძალიან მოეწონა კინოელიტას და თაიგულები მომენტალურად გაიყიდა, ხოლო მცენარემ კიდევ ერთი – «შობის ვარსკვლავის» სახელი მიიღო.

მომდევნო წლებში, «შობის ვარსკვლავზე» მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ პლანტაციის გაფართოვება გახდა საჭირო. ამიტომ, 1923 წელს ეკემ ოფისი ქ. ენცინიტასში (Encinitas, კალიფორნია) გადაიტანა და პუანსეტიის გაზრდა-გაყიდვის დინასტია დაარსა. ამჟამად, კომპანიას მისი შვილიშვილი – პაულ ეკე III მართავს.

გასული საუკუნის 60-იან წლებში სელექციონერებმა მცენარის ჰიბრიდული სახეობა გამოიყვანეს, – დეკორატიული «შობის ვარსკვლავი», რომლის გაზრდა ქოთანში, სათბურის და სახლის პირობებში შეიძლებოდა. მას შემდეგ მცენარე ქოთნებით იყიდებოდა, გაიზარდა რეალიზაციის ბაზარიც და მისი ექსპორტირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქოთანში მცენარის გაზრდის ტექნოლოგია გასაიდუმლოებული იყო და გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, პუანსეტიის ბაზრის 80 % ეკეს კომპანია ფლობდა. ხოლო, ცოცხალი მცენარეებით ვაჭრობით შემოსავლების რეიტინგში, «შობის ვარსკვლავი», ჰოლანდიური ტიტების შემდეგ, II ადგილზე იყო. მხოლოდ ამერიკაში ყოველწლიურად 65 მლნ-მდე ქოთანი იყიდებოდა.

XX საუკუნის ბოლოს, მეცნიერებმა შეისწავლეს ქოთნის პუანსეტის გაზრდის ტექნოლოგია და ნაშრომი პრესაში გამოაქვეყნეს. ამით ეკეს ბიზნესმა ბაზარზე მონოპოლია დაკარგა და ამჟამად, მისი კომპანია მსოფლიო ბაზრის მხოლოდ ნახევარს აკონტროლებს.


image

პუანსეტია მომწიფების პერიოდში


დღეს რთული წარმოსადგენია, რომ საუკუნეების მანძილზე ეს მცენარე სულ სხვა კულტურებში და სხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა...
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცენარე პირველად მექციკაში აღმოაჩინეს, მაგრამ მისი სამშობლო ცენტრალური ამერიკაა, არის ბუჩქოვანი მცენარე და თითქმის 3 მ-მდე იზრდება. საერთოდ, ადგილობრივი ინდიელები დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ყველა მცენარეს და მხოლოდ დანიშნულების მიხედვით იყენებდნენ. რაც შეეხება, კონკრეტულად ამ მცენარეს, მის რძისებურ წვენს ციებ-ცხელების სამკურნალოდ იყენებდნენ, ხოლო ფოთლებით ქსოვილის საღებავს აკეთებდნენ.

პუანსეტიის პირველი თაყვანისმცემლები მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აცტეკები იყვნენ. მათთვის მცენარე სისუფთავის, სიწმინდის სიმბოლო იყო და მას რიტუალების გასაფორმებლად იყენებდნენ. მათ ასევე სწამდათ, რომ ბრძოლებში დაღუპული მეომრები უკვდავები ხდებოდნენ და დედამიწაზე პუანსეტიის ნექტარის დასალევად ჩამოდიოდნენ.

ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ევროპაში «ახალი სამყაროს» ძირეული კვლევა დაიწყო და 1804 წელს რიგი პუანსეტიამდეც მივიდა. სწორედ იქიდან იწყენა მცენარის ევროპული ისტორია. ის ამერიკიდან გერმანიაში ცნობილმა ბუნებისმეტყველმა და მოგზაურმა ალ. ჰუმბოლტმა (Alexander von Humboldt) ჩამოიტანა. ხოლო მისი შესწავლა 1833 წელს მოხდა, როდესაც ბოტანიკური ბაღის დირექტორმა კარლ ლუდვიგმა (Carl Ludwig) აყვავებული პუანსეტია პირველად დაინახა. ის იმდენად მოიხიბლა მისით, რომ შესწავლის შემდეგ – Euphorbia pulcherrima შეარქვა, რაც «რძიანა მშვენიერებას» ნიშნავს.


imageპუანსეტიას კოკრები


შობის წინ და შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე სათბურები და ყვავილების მაღაზიები გადავსებულია პუანსეტიებით. მაგრამ, ეს მხოლოდ რამდენიმე დღით. შემდეგ მცენარე საერთოდ ქრება. ეს იმიტომ, რომ თავის დეკორატიულობას თითქმის ნახევარი წლით კარგავს! ხოლო იმისთვის, რომ შეძენილმა მცენარემ, სახლის პირობებში, რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოს თავისი მომხიბვლელობა, აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
I. მორწყეთ ზომიერად. წყალი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაუსხათ, როდესაც გრუნტის ზედაპირი კარგად გაშრება.

II. მცენარე კარგად გრძნობს თავს + 20 გრადუს ტემპერატურაზე.

III. მას შემდეგ, რაც ყვავილობას დაასრულებს, დამატებითი ყლორტები და ფოთლები გამოსდის და იმისთვის, რომ მეორე შობაზე ისევ გაგახაროთ, უნდა გასხლათ, 10–15 სმ. სიმაღლეზე და ამის შემდეგ, მოათავსოთ მშრალ და გრილ ადგილზე (14-16 გრადუს ტემპერატურაზე).
IV. გაზაფხულზე გადარგით ბაღში, ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე მცენარე ძალებს მოიკრებს, ხოლო აგვისტოში ისევ ქოთანში გადაიტანეთ და მინერალებით გამოკვებეთ.

V. სექტემბერში მოაჭერით სუსტი კალმები.

VI. ყველაზე რთული პერიოდი გვიანი შემოდგომა და ზამთრის დასაწყისია. პუანსეტია მოკლე დღის მცენარეა და მას ღამის გახანგრძლივება ესაჭიროება. ამიტომ, საღამოს 17:00 საათის შემდეგ, შავი გაუმჭვირვალე ქსოვილი უნდა გადააფაროთ, ისე რომ მცენარეს არ შეეხოს, ხოლო დილით, გადახადოთ.

მოკლედ, მისი მოვლა და დეკორატიული სახის შენარჩუნება ადვილი არ არის და ამის გაკეთება მხოლოდ ყვავილების ჭეშმარიტ მოყვარულებს შეუძლიათ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageყველაზე საინტერესო ქოთნის მცენარეების შესახებ (მოვლა, გახარება, გამრავლება...)
12 ლამაზი ყვავილი, რომელიც შესაძლოა არც კი გინახავთ და ყველაზე უჩვეულო ყვავილი დედამიწაზე
ვარდის ყველაზე ლამაზი ჯიშები

0
179
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0