x
გაიქეცი არნოლდ, გაიქეცი!

არნოლდ შონბერგი რას შეიძლება გაურბოდეს ადამიანი, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე? მოდით, ერთად ჩამოვთვალოთ ვარიანტები - მტერი, მევალე, პოლიცია, მოშურნე,
ძაღლი ბოლოსდაბოლოს... ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და მრავალფეროვანი. გაგიკვირდებათ და ამ ჩამონათვალში შედის ერთი კონკრეტული ციფრი - 13. საიდან იღებს ამ ციფრის მიმართ არსებული პანიკური შიში სათავეს ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, (მითუმეტეს კონკრეტული და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს) მხლოდ ერთ ადამიანზე მოგიყვებით, რომელსაც ამ ციფრის ძალიან ეშინოდა.

არნოლდ შიონბერგი 1874 წლის 13 სექტემბერს ვენაში, ებრაულ უბანში დაიბადა. მამა -სამუილ შიონბერგი ვაჭარი იყო, პატარა მაღაზიას ფლობდა;დედა - პაულინა ნახოდი, ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა. რვა წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და მძიმე ყოფით პირობებში მოუწია ცხოვრება. 12 წლის ასაკში ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა დაიწყო და ამავე დროს ცდილობდა მუსიკა თავადაც შეექმნა, მეგობრების წრეში შესასრულებლად. სასწავლებლის მიტოვების შემდეგ, ერთი ხანობა დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე ცდილობდა საკუთარი ხელოვნების სრულყოფას და უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, კომპოზიტორი გამხდარიყო.
საეტაპო იყო მისთვის კომპოზიტორ ალექსანდრ ფონ ციმლინსკისთან შეხვედრა. ციმლინსკი არა მხოლოდ კონტრაპუნქტს ასწავლიდა მას (შიონბერგს მის გარდა სხვა მასწავლებელი აღარც ჰყოლია), არამედ გააცნო ახალგაზრდა მუსიკოსებს და გზა გაუხსნა შემოქმედებით წრეებში. მასწავლებელი და მოსწავლე მალე დამეგობრდნენ, მეგობრობა კი მოგვიანებით ნათესაობაში გადაიზარდა. ამ პერიოდში შიონბერგი რიხარდ ვაგნერის მუსიკით იყო გატაცებული და განსაკუთრებით მოსწონდა მისი
- „ტრისტან და იზოლდა“. ( საერთოდ, მიუხედავად ებრაული წარმოშობისა, საკუთარი თავი გერმანული კულტურის შემადგენელ ნაწილად მიაჩნდა და სარწმუნოების მიმართაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა. ასე მაგალითად - 1898 წელს იუდაიზმი უარჰყო და პროტესტანტობა მიიღო, 1933 წელს კი ისევ იუდაიზმს დაუბრუნდა.)

თავის რჩენა ისევ ჭირდა, ამიტომ ნებისმიერ სამუშაოზე ყაბულს იყო: დირიჟორობდა პატარ-პატარა გუნდებსა და ორკესტრებს, ორკესტრირებას უკეთებდა სხვის
მუსიკალურ ნაწარმოებებს, ცდილობდა შეექმნა პოპულარული მუსიკა და ამით გაეჩინა შემოსავლის წყარო.

1901 წელს, შიონბერგმა ცოლად მოიყვანა ციმლინსკის და - მატილდა და მასთან ერთად საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა. 1903 წლამდე ბერლინში არსებული - შტერნის კონსერვატორიის დირიჟორი და პედაგოგი იყო. აქვე, 1901 წელს შექმნა სიმფონიური პოემა - „პელეასი და მელისანდა“.

1903 წელს არნოლდ შიონბერგი ვენაში ბრუნდება, სადაც მოღვაწეობას იწყებს, როგორც მასწავლებელი - ჰარმონიის, კონტრაპუნქტის და კომპოზიციის განხრით. სულ მალე სახელს იხვეჭს როგორც არაჩვეულებრივი პედაგოგი. ამავე დროს, შიონბერგი განაგრძობს საკუთარი მუსიკის შექმნას, 1905 წელს იქმნება - პირველი სიმებიანი კვარტეტი, 1907 წელს - მეორე სიმებიანი კვარტეტი. იმავე 1907 წელს დაიწერა
საეტაპო ნაწარმოები - „კამერული სიმფონია“, რომელშიც ინსტრუმენტების რიცხვი
მკვეთრად არის შემცირებული. 1909 წელს იწერება „5 პიესა ორკესტრისათვის“ - ინსტრუმენტალური ფანტასმაგორია, გაჟღენთილი უამრავი ნოვატორული იდეით. შიონბერგი პოპულარული ხდება უკვე როგორც კომპოზიტორი, მის მუსკას დიდად აფასებენ - გუსტავ მალერი და რიჰარ შტრაუსი.

1908 წლის ზაფხულში შიონბერგი ცოლმა მიატოვა და მხატვარ - რიჰარდ ჰერსტლს გაჰყვა... ცოლად მეთქი, ვერ ვიტყვი, უბრალოდ გაჰყვა. რამოდენიმე თვეში კი ისევ უკან დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა შონბერგის მიერ მუსიკალური ესთეტიკის,
ფილოსოფიის ახლებური გააზრება და საკუთარი შემოქმედებითი ხედვების მკვეთრი გადაფასება, რომლის შედეგი იყო პირველი ატონალური ქმნილება - „შენ მიეყრდენი ვერცხლისფერ ჭადარს“ და ყველაზე უფრო რევოლუციური ადრეული ქმნილებებიდან - მეორე სიმებიანი კვარტეტი, ოპუსი 10.

1910 წელს შიონბერგმა გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომი - „სწავლება ჰარმონიის შესახებ“. 1920-იან წლებში კი გამოიგონა სრულიად ახლებური საკომპოზიტორო მეთოდი - დოდეკაფონია, - რომელიც ეფუძნება თორმეტტონიან სერიას, სადაც მუსიკალური ნაწარმოები გამოდის ერთადერთი პირველწყაროდან
არჩეული, თორმეტი ნოტიდან. ამ მეთოდის აღმოჩენა უმნიშვნელოვანესი იყო მეოცე საუკუნის ევროპული და ამერიკული კლასიკური მუსიკისათვის.

1933 წელს, ნაცისტების სათავეში მოსვლის შემდეგ, შიონბერგი ამერიკაში წავიდა, სადაც მაკლინის, სამხრეთ კალიფორნიის და ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტებში ასწავლიდა, პარალელურად ქმნიდა მუსიკას.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები შიონბერგის შემოქმედებაში გახლავთ დაუმთავრებელი ოპერა ბიბლიურ თემაზე - „მოსე და არონი“ («Moses und Aron») და აი აქ, მივადექით სწორედ იმ ციფრს, თავში რომ ვახსენეთ. არნოლდ
შიონბერგი ტრისკაიდეკაფობიით იტანჯებოდა (რიცხვი 13 - ის პანიკური შიში) და მთელი ცხოვრება გაურბოდა 13-ს. მოგეხსენებათ, ბიბლიაში სახელი - აარონი ფიგურირებს და არა არონი, მაგრამ რადგან მართებულ ვარიანტში - «Moses und Aron» ასოების ჯამი 13- ს იძლევა, შიონბერგმა ერთი ასო (A) ამოაკლო და
ჯამი თორმეტამდე დაიყვანა. საქმე ისაა, რომ რადგან შიონბერგი 13 რიცხვში იყო დაბადებული, აკვიატებული ჰქონდა აზრი, რომ აუცილებლად 13 რიცხვში მოკვდებოდა და ყველანაირად თავს არიდებდა ამ საძაგელ ციფრს. თეატრში, ან კინოში არ ჯდებოდა
სკამზე, რომელიც იყო რიგში მეცამეტე, არ ქირაობდა ბინას 13 ნომერში, ან მეცამეტე სართულზე. განსაკუთრებით საკუთარი 76- ე დაბადღების დღის ეშინოდა, მოგეხსენებათ 7-ის და 6-ის ჯამი ცამეტია, რადგან დარწმუნებული იყო რომ მოკვდებოდა, მაგრამ - ჰოი, საოცრებავ! - გადარჩა. თუმცა დიდ ხანს აღარ უცხოვრია, ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. გადმოცემის მიხედვით, სიკვდილის დღეს საწოლიდან არ ამდგარა, იწვა და ამბობდა - დღეს აუცილებლად მოვკვდებიო. უკმაყოფილო ცოლი კი თავზე ადგა და ეჩიჩინებოდა - სისულელეებს შეეშვი და
ადექიო! რაოდენ დიდი იყო ცოლის გაკვირვება, როცა მორიგ ჯერზე ოთახში შესულს არნოლდ შიონბერგი მკვდარი დახვდა... და როგორ გგონიათ, რა რიცხვი იყო იმ დღეს?.. დიახ - 13. 1951 წლის 13 ივლისი. მაინც ვერ გაექცა!

არნოლდ შიონბერგი დაკრძალულია ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე.





















0
193
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია ჯიბღაშვილი
ილია ჯიბღაშვილი
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0