x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ეს აღარ უნდა განმეორდეს! ოსვენციმის ბებიაქალის ანგარიში

image


ამის ცოდნა აუცილებელია. ის თაობებს უნდა გადაეცეს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. სტანისლავა ლეშინსკა, ბებიაქალი პოლონეთიდან, 2 წლის მანძილზე, 1943 წლის აპრილიდან – 1945 წლის 26 იანვრამდე, ოსვენციმის ბანაკში იმყოფებოდა და ეს ანგარიში მხოლოდ 1965 წელს დაწერა.
«ბებიაქალად 35 წელი ვიმუშავე და აქედან 2 წელი, როგორც ტყვემ, ოსვენციმში, ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში გავატარე. იმ ქალებს შორის, რომლებიც იქ მოჰყავდათ, ბევრი ფეხმძიმედ იყო და მე პროფესიული ვალდებულების შესრულებას ვაგრძელებდი.
ბებიაქალის მოვალეობას 3 ბარაკში ვასრულებდი, რომლებიც ფიცრებით იყო აშენებული და ვირთხების მიერ გაღრღნილი უამრავი ნაპრალი ჰქონდა. ბარაკებში სამსართულიანი საწოლები იყო და ერთ საწოლზე 3-4 ქალი უნდა მოთავსებულიყო. საწოლებზე, ერთ დროს, თივის ლეიბები იდო, მაგრამ დროთა განმავლობაში, თივა ისე დაიტკეპნა, რომ ქალები, ფაქტიურად, ფიცრებზე იწვნენ.


image
ბარაკის ცენტრში, მთელს სიგრძეზე, ღუმელის მილი გადიოდა, რომელიც აგურებით იყო ამოშენებული. სწორედ ის იყო მშობიარობისთვის ერთადერთი ადგილი, რადგან ბარაკში ამისთვის სპეციალური ოთახი არ არსებობდა. ღუმელს წელიწადში რამდენჯერმე ანთებდნენ და ამიტომ, ტყვე ქალები, ყველაფერთან ერთად, გაუსაძლისი სიცივით ვიტანჯებოდით.
წყალზე, რომელიც მშობიარობისას აუცილებელი იყო, მე თავად უნდა მეზრუნა. მაგრამ, 1 სათლი წყლის მოტანაზე 20 წუთი მეკარგებოდა და ამ პირობებში, მშობიარეს მდგომარეობა ნამდვილად სავალალო იყო. გარდა ამისა, არ არსებობდა გადასახვევი და ასეპტიკური საშუალებები. გართულების შემთხვევაშიც კი, პროფესიონალი ექიმის გამოძახების უფლება არ მქონდა — ყველაფერი ბედის ანაბარად იყო, – არავის ადარდებდა არც მშობიარე და არც ახალშობილი.


image


2 წელიწადში 3000-ზე მეტი მშობიარობა მივიღე. უწყლობის, ჭუჭყის, ვირთხების და ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, წარმოუდგენელია, მაგრამ მშობიარებსა და ახალშობილებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. შესაძლებელია, ამის მიზეზი, მშობიარეს უსაზღვროდ გამოფიტული ორგანიზმი იყო, რომელსაც ბაქტერიაც კი არ ეკარებოდა.

ქალი, რომელიც მშობიარობისთვის ემზადებოდა, იძულებული იყო, გარკვეული პერიოდის მანძილზე, საკუთარ წილ პურზე უარი ეთქვა და ის ზეწარში გადაეცვალა. შემდეგ, ამ ზეწარს ნაწილებად ხევდა და ბავშვის საფენებად იყენებდა.
დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული საფენების რეცხვაც: ბარაკის მიტოვება მკაცრად იკრძალებოდა და არც ბარაკში შეიძლებოდა თავისუფლად მოქმედება. ამიტომ, გარეცხილ საფენებს დედები საკუთარ სხეულზე აშრობდნენ.

image1943 წლის მაისამდე, ოსვენციმის ბანაკში დაბადებულ ყველა ბავშვს მხეცურად კლავდნენ — მათ დაბადებისთანავე კასრებში ახრჩობდნენ. ამას გერმანელი ბებიაქალი კლარა და მისი დამხმარე, მაწანწალა ფანი აკეთებდნენ. ახალშობილებს, დახრჩობის შემდეგ, გარეთ აგდებდნენ და დედას, ვირთხების მიერ დაგლეჯილი, თავისი ახალშობილი შვილის ნახვა ბარაკის გარეთ შეეძლო.
1943 წლის მაისიდან, ბანაკში დაბადებული ზოგიერთი ბავშვის მდგომარეობა შეიცვალა. თუ ბავშვს ღია ფერის თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა, მას გარკვეული პერიოდის შემდეგ, დედას ართმევდნენ და გერმანიაში გზავნიდნენ, მისი შემდგომი დენაციონალიზაციისთვის. გულში ჩამწვდომი ტირილით და ტკივილით აცილებდნე დედები, კალთას მოწყვეტილ, საკუთარ შვილებს.
ებრაელ ბავშვებს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. საუბარიც კი არ იყო იმაზე, რომ ისინე სხვა ბავშვებს შორის დაემალათ. კლარა და ფანი თვალს ადევნებდნენ ფეხმძიმე ებრაელ ქალებს და როდესაც ბავშვი იბადებოდა, მას მაშინვე დედის ნომრის ტატუს უკეთებდნენ, ხოლო როდესაც მოიცლიდნენ, კასრში ახრჩობდნენ და ბარაკიდან აგდებდნენ.


image
სხვა ბავშვების ბედი კიდევ უფრო საშინელი იყო — ისინი შიმშილით, ნელი სიკვდილით იღუპებოდნენ. მათი კანი ისე თხელდებოდა, რომ მის მიღმა ძარღვების, კუნთების და ძვლების დანახვაც კი შეიძლებოდა.
უამრავ ტრაგედიას შორის, ერთი ისტორია განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ქალი ვილნოდან, ოსვენციმში პარტიზანებისთვის დახმარების აღმოჩენის გამო მოხვდა. როგორც კი ბავშვი გააჩინა, დაცვის თანამშრომელმა მისი ნომერი დაიძახა. მე წავედი და ავუხსენი, რომ ახალნამშობიარები იყო და ვერ მივიდოდა, მაგრამ ამან დაცვის წევრები კიდევ უფრო გააცოფა და სასწრაფოდ მისი მიყვანა მიბრძანეს. მივხვდი, რომ ის კრემატორიუმში მიჰყავდათ... მან ბავშვი ჭუჭყიან ქაღალდში გაახვია და მკერდზე მიიკრა... ის ბაგეებს ამოძრავებდა, მაგრა ხმა არ ისმოდა, — ეტყობა, მისთვის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ საამისოდ ძალა არ ჰქონდა... უჩვეოლოდ ფერმკრთალ ლოყებზე მხოლოდ ცრემლი სდიოდა, რომელიც შემდეგ ახალშობილს თავზე ეცემოდა. რთული სათქმელია, რა უფრო ტრაგიკული იყო — დედის განცდა, ბედის ანაბარად მიტოვებული შვილის გამო, თუ დედის სიკვდილი, რომლის ცნობიერებაში ცოცხალი ბავშვი რჩებოდა...


image
ომის დასრულების მომენტისთვის, ბანაკის ტერიტორიაზე მხოლოდ 30-მდე პატარა დარჩა. რამდენიმე ასეული გერმანიაში წაიყვანეს და გერმანელებად «აქციეს», 1500-ზე მეტი კლარას და ფანის მსხვერპლი გახდა, ხოლო 1000-ზე მეტი შიმშილით დაიღუპა (ეს მხოლოდ 2 წლის დაახლოებითი მონაცემებია. რა ხდებოდა 1943 წლის აპრილამდე, ჩემთვის ცნობილი არ არის).

საკონცენტრაციო ბანაკში, მოლოდინის მიუხედავად, ყველა ბავშვი ლამაზი და ფუმფულა იბადებოდა. ბუნება, სიძულვილს ეწინააღმდეგებოდა, – საკუთარი უფლებებისთვის ჯიუტად და თავგანწირვით იბრძვოდა. სწორედ ბუნება არის ბებიაქალის მასწავლებელი. მასთან ერთად, ჩვენც ვიბრძვით სიცოცხლისთვის და მსოფლიოს ყველაზე დიდ სილამაზეს — ბავშვის ღიმილს ვჩუქნით».

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageცხოვრება «მგლების ხროვაში»

სხვა შინდლერი: მან 2500 ებრაელი ბავშვი გადაარჩინა

«სტალინგრადის ტყვე»

0
1111
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0