ფეხბურთი სკანდალი ჰოლანდიის ჩემპიონატში 2016, 23 მაისი, 18:26 ჰოლანდიური კლუბი დუტინჰემის "გრააფსხაპი" მიმართავს სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს გადაწყვეტილებას მისი იუპიერ ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) დაქვეითების შესახებ. დუტინჰემელებმა ჰოლანდიის აწ დასრულებულ ჩემპიონატში ბოლოსწინა მე-17-ე ადგილი დაიკავეს და დებულების თანახმად გადათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ქვედალიგელ "გოუ ეჰედ იგლზთან" დამარცხდნენ ორმატჩიან დუელში 1-4 და 1-1. მაგრამ, ამის მიუხედავად ფედერაციის გადაწყვეტილებით "გრააფსხაპი" დარჩა ზედა ეშელონში, რადგან ფინანსური დარღვევების გამო ერედივიზიედან (ჰოლანდიის უმაღლესი ლიგა) ენსხედეს "ტვენტე" იქნა მოკვეთილი. ახლა კი მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა, რადგან "ტვენტემ" ფედერაციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ენსხედელების სარჩელი და ფედერაციას დაევალა დაუშვას "ტვენტე" ერედივიზიეს 2016-2017 წლების გათამაშებაში. შესაბამისად, ფედერაცია აპირებს გააუქმოს მისი გადაწყვეტილება უმაღლეს ლიგაში "გრააფსხაპის" დატოვების შესახებ. როგორც "გრააფსხაპის" გენერალური დირექტორი ჰანს ველდჰორსტი ამბობს, მათ იციან უკვე, რომ რჩებიან და სხვა გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებიან. "ჩვენ ცნობილი ვართ უკვე, როგორც უმაღლესი ლიგის კლუბი და ფედერაციას ჩვენი აბუჩად აგდება არ გამოუვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ სასამართლოს" - აცხადებს ველდჰორსტი. ასე, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის მომავალ გათამაშებაში, შესაძლოა 19 გუნდი ვიხილოთ 18-ის ნაცვლად, რაც იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა ერედივიზიეს ისტორიაში. 168 5-ს მოსწონს
|