"ძალადობა პოლიტიკაში ისევ გრძელდება!" როგორ აფასებენ სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს
"ძალადობა პოლიტიკაში ისევ გრძელდება!
ოპოზიციური ლიდერების მიმართ ღია ძალადობა არის კრიმინალი და პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ხელისუფლებას. ის რომ ამას ბედავენ დღისით და საჯაროდ და ის, რომ არ არის ადეკვატური რეაგირება ძალოვანი უწყებების მხრიდან - კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას და მმართველი გუნდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა დეკლარირება, რომ ის აპირებს ბრძოლას ღია ძალადობის გზით. აღვივებს რა ძალადობისა და შურისძიების მუხტს, ცდილობს გადაფაროს თავისი წარუმატებლობა.
ძალადობის პოლიტიკა აგრძელებს ქართული პოლიტიკისათვის დამახასაითებელ საზოგადოების პოლარიზაციის, აგრესიის და დესტრუქციის დამანგრეველ “ტრადიციას”. ხელმოცარული პოლიტიკური ძალები თვითდამკვიდრებას ცდილობენ ძალადობის გზით. კონფრონტაცია დამანგრეველია ჩვენი საზოგადოებისათვის!
ქვეყნისთვის აუცილებელია ახალი პოლიტიკური პარადგიგმა, ახალი პოლიტიკური მიდგომები და მექანიზმები, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე, მომავალსა და აღმშენებლობაზე.
დროა დამთავრდეს ძალადობა, რათა გაჩნდეს რეალური კონკურენცია რეალურ პოლიტიკოსებს შორის და პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციის შენარჩუნების საფუძველი იყოს არა ვის სცემ, ან ვინ გცემს, არამედ რაციონალური და გრძელვადიანი განვითარების ხედვა, უნარი დანაპირების შესრულების.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ძალადობა უნდა დამთავრდეს, გამოვლინდნენ და დაისაჯონ როგორც უშუალოდ მონაწილეები, ასევე, ის მოხელეები, რომლებსაც ევალებოდათ უსაფრთხოების დაცვა.
ამ ფაქტის გამოძიების მიზნით, გამოვდივარ ინიციატივით შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რადგან ეს არ არის უბრალო კრიმინალი და უკავშირდება საზოგადოების განვითარების ინტერესს." ასეთ შეფასებას აკეთებს გიორგი ვაშაძე სამეგრელოში მომხდარ სიტუაციასთან დაკავშირებით