x
ვრცელი ინტერვიუ გიორგი მამულაშვილთან-საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და გამოწვევები
image


გთავაზობთ ინტერვიუს "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" დამფუძნებელთან და ლიდერთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, გიორგი მამულაშვილთან.



-მოგესალმებით, ბატონო გიორგი. უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის. ინტერვიუს დავიწყებ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური საკითხით. ეს ტერორიზმი და ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევებია. როგორ აფასებთ ვითარებას?


-ტერორიზმი ოცდამეერთე საუკუნის დემოკრატიული სამყაროს გამოწვევად იქცა. ეს არის საფრთხე, რომელსაც არ აქვს საზღვრები, რელიგია, ეთნიკური კუთვნილება თუ სხვა. იმას, რომ გამოწვევა რეალურია ადასტურებს ბოლო დროს მომხდარი ტერორისტული აქტები. მათ შორის, ბრიუსელში, ევროპის ცენტრში, მომხდარი შემზარავი ტერაქტი, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, თანაგრძნობა გამოვუცხადო ამ ადამიანებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო დარტყმა არა კონკრეტულ ქვეყანაზე, არამედ თანამედროვე ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებზე, რაც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. დღეს ცივილიზებული მსოფიო უნდა გაერთიანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლო არაეფექტური იქნება.



-იმ ფონზე, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამკაცრებენ უსაფრთხოების ნორმებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესს დაბრკოლებები შეექმნება?


-როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და ტერორიზმზე, როგორც გლობალურ საფრთხეზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ორი ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული, ურთიერთ დამოუკიდებელი საკითხები. მომხდარი ტერაქტები ხელს ვერ შეუშლის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას. ამისათვის უკვე ყველა პირობა არსებობს. რაც შეეხება საფრთხის შესაძლო გაზრდას-ეს გამორიცხულია. საქართველო არ მიეკუთვნება იმ ქვეყნებსა და სივრცეს, საიდანაც საფრთხე მომდინარეობს. ასე, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესს ამ კუთხით დაბრკოლებები არ შეექმნება.


-რას ეტყვით ქართველ ახალგაზრდებს, რა ბენეფიტის მომტანი იქნება ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მათთვის?


-ეს უმნიშვნელოვანესი, ისტორიული პროცესია. რეალურად, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესი გარდაუვალი იქნება. მე მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრდებს, რომ ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი ნაბიჯი ევროპულ ოჯახში დაბრუნებისათვის. მაგალითად, ისინი უვიზოდ შეძლებენ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას. სხვადასხვა კონფერენციებში, საგანმანათლებო პროგრამებში მონაწილეობისას შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში ჩასასვლელად აღარ დასჭირდებათ ვიზა და ა.შ. ეს პროცესი განუზომლად დიდი ბენეფიტის მომცემი იქნება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.


-საინტერესოა, დღეს რა ვითარებაა მოქალაქეების, მათ შორის, ახალგაზრდების ინფორმირების კუთხით. რა ღონისძიებები იმართება ამისათვის?


-როგორც იცით, ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობის გაზრდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩვენთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ ყოველდღიურად. ვცდილობთ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ვხსნით ახალ "ფანჯრებს." მათ შორის, იგეგმება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ახალგაზრდული საბჭოს შექმნა, რომელიც სწორედ ამ თემებზე იმუშავებს. აგრეთვე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა". სსიპ "საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის" ორგანიზებით საქართველოში 4 აპრილს იწყება "ნატოს კვირეული 2016", სადაც ასევე აქტიურად ვერთვებით. მიმდინარეობს "ბესო გორჯოლაძის სახელობის მოხალისეთა კლუბის" რეორგანიზაცია. იქნება სხვა სიახლეებიც. ყოველივე ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის.


-რას გვეტყვით "ნატო-ს კვირეული 2016"-ის შესახებ, რა ღონისძიებების გამართვა იგეგმება კვირეული ფარგლებში?


-უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ნატო-ს კვირეული წელსაც აქტიურად, ფართო მასშტაბით აღინიშნება. კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ვრცელ ინფორმაციას გამოაქვეყნებს "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი", რამეთუ როგორც გითხარით, სწორედ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება კვირეული. ერთი რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ არის ის, რომ კვირეული იქნება მრავალფეროვანი და დატვირთული. მათ შორის, გაიმართება შეხევდრები რეგიონებში, დებატების ტურნირი და სხვა. ასე, რომ თითოეულ ახალგაზრდას მოვუწოდებ აქტიურობისკენ.


-და ბოლოს, რა მოლოდინი გაქვთ ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რა შედეგით დასრულდება ეს სამიტი?


-ვარშავის სამიტი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს სწორედ ამ სამიტზე. ვფიქრობ, რომ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა. ერთი რაც შეიძლება ცალსახად ითქვას, ამ სამიტზე საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ალიანსს. ველი პოლიტიკურ მხრადაჭერას, რომელიც იქნება მკაფიო. აუცილებელია, ვარშავის სამიტზე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ მოუწოდო რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები და დაიწყოს ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი. იმედი მაქვს, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ამ ჩანაწერს ვიხილავთ ვარშავის სამიტის კომუნიკეშიც. აგრეთვე, მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება და სათანადოდ შეფასება.


-კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებებს.


ნათია იაძე



0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია იაძე
ნათია იაძე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0