პოეზია ვინ იყო ომარ ხაიამი და რა გარდატეხა მოახდინა მისმა რობაიებმა მსოფლიო პოეზიაში? 2016, 24 თებერვალი, 14:50 სრული სახელი- ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპურელი.
ომარ ხაიამი სპარსელი მათემათიკოსი, ფილოსოფოსი და პოეტი იყო, მისი დაბადებისა
და გარდაცვალების ზუსტი თარიღები ცნობილი არ არის, თუმცა ბევრი მკვლევარის
აზრით იგი 1048 წლის 18 მაისს დაიაბადა, გარდაცვალების თარიღად კი 1131 წელს
მიიჩნევენ, ხაიამის შესახებ უამრავი წყარო არსებობს, მაგრამ დანამდვილებით არცერთ წყაროში არაა მითითებული ზუსტი თარიღები. მეცნიერები მის ერთ-ერთ რობაიეზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ ომარ ხაიამი 72 წლისა გარდაიცვალა : „...სამოცდათორმეტ წელიწადს მე ფიქრები მდევდნენ და გავიგე, რომ არაფერი არ გამიგია“. ომარ ხაიამის სამშობლოდ მიჩნეულია ირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დიდი ისტორიული რეგიონი ხორასანი და კერძოდ - ქალაქი ნიშაპური, რომელიც XI საუკუნეში ამ მხარის და, საერთოდ, აღმოსავლური სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. მისი დაბადების ადგილი, ქალაქი ნიშაპური მკლევარებისთვის ეჭვის საბაბს არ ქმნის და მიაჩნიათ, რომ პოეტი სწორედ ამ ქალაქიდან იყო, მათ მოსაზრებას ამყარებს მისი სრული სახელის დაბოლოვება "ნიშაპურელი", რაც, როგორც წესი, ძველ სპარსულენოვან სამყაროში პიროვნული ატრიბუტიკის ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა. სიტყვა "ხაიამ"-შიც შესაძლოა ამოვიკითხოთ გარკვეული ინფორმაცია რობაიების ავტორის შესახებ, "ხაიამი" არაბული სიტყვაა და "კარვის მკერავს" ნიშნავს, თუმცა გაურკვეველია თავად ფლობდა თუ არა ამ ხელობას, თუ წინაპრებისგან შემორჩა. მსოფლიოსთვის ომარ ხაიამი და მისი პოეზია, მხოლოდ მე-19 საუკუნეში გახდა ცნობილი, ინგლისელი ედვარდ ფიტცჯერალდის მიერ. სწორედ ომარ ხაიამის თარგმნის წყალობით, ეს პიროვნება ინგლისურენოვანი სამყაროს ერთ-ერთ უპირველეს პოეტადაა მიჩნეული. ზუსტად არავინ იცის იცოდა თუ არა სპარსული ენა იმ დონეზე ედვარდ ფიტცჯერალდმა, რომ თარგმანის შესაძლებლობა მისცემოდა, მაგრამ ფაქტია რომ მან, 1859 წელს გამოსცა ომარ ხაიამის Robayyat-ად წოდებული წიგნი, რითაც სათავე დაუდო სპარსელი პოეტის განუზომელ პოპულარობას მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება ქართულ თარგმანებს, პირველი ქართულენოვანი რობაიები მხოლოდ 1924 წელს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც ჟურნალ „კავკასიონში“ გამოქვეყნდა იუსტინე აბულაძის მიერ პწკარედული სახით შესრულებული 24 რობაი. მას შემდეგ კიდევ ბევრმა ქართველმა პოეტმა თუ მთარგნელმა თარგმნა ხაიამის შემოქმდება, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას ვახუშტი კოტეტიშვილის 1963 წელს გამოცემული თარგმანები იქცევს. შეიძლბა ითქვას, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები მთარგმნელობითი საქმიანობის, როგორც ხელოვნების და კულტურის შემადგენელი ნაწილის, შეუდარებელი მიღწევაა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამაზე უკეთ შეძლოს ვინმემ ქართულად თქვას ის, რაც თითქმის 1000 წლის წინ სპარსულად ითქვა. მას შემდეგ სხვა მთარგმნელებმაც სცადეს ბედი „ხაიამის ასპარეზზე". რაც შეეხება თვითონ რობაიებს, ისინი სპარსული პოეზიის თვალსაჩინო და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. თითოეულის წაკითხვისას ხვდები, რაოდენ უბრალო ენით გადმოგვცემს ცხოვრებისეულ ღირსებებსა და ნაკლოვანებებს პოეტი, როგორი მარტივი გასაგებია ის თითოეული მკითხველისთვის და რამდენი რამის სწავლა შეიძლება მისი სიტყვებისგან. *** "ეჰ, წყლის ნაყვაა ყველა რჯული და ყველა რწმენა. ბევრს კი ამაოდ ეცვითება მუხლი და ენა. აბა, მე მკითხეთ, თქვენ მითხარით:-საიქიოში ვინ წარიწყმიდა ან ვის ერგო სამოთხის ლხენა? " *** "ტურფავ, ღვინო მომაწოდე, ორი რამე მინდა მხოლოდ: ღვინო შევსვა და ზედ შენი ტკბილი ბაგე დავაყოლო. ღვინო! ღვინო მომიტანე, რათა თავის შეკავების აღთქმა შენი დალალივით ქარს და ნიავს გავაყოლო!" *** "საცოდავია, ვისაც ტრფობის ჭირი და სნება არ განუცდია, არ ჰქონია ამისგან ვნება. ვისაც ამ ქვეყნად უცხოვრია უსიყვარულოდ, -მე ვცხოვრობდიო, -მას ამის თქმის არა აქვს ნება." 1240 5-ს მოსწონს
|