პროზა წიგნები, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ანუ წიგნები, რომლებიც 24 საათზე ნაკლებ დროში წავიკითხე 2016, 21 თებერვალი, 16:25 არსებობს ნაწარმოებები, რომლებიც იმდენად საინტერესოა, რომ უბრალოდ ვერ ელევი და ერთი ამოსუნთქვით კითხულობ. წარმოგიდგენთ ზოგიერთი ასეთი წიგნის მცირე ჩამონათვალს, რომლებიც მე თავადაც ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე.
1) კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა - გურამ დოჩანაშვილი ეს ნაწარმოები მოცულობით არც ისე დიდია, თუმცა მაინც იმათ რიცხვს მიეკუთვნება, რომ გაგიტაცებს და წიგნიდან თავის აღება რომ აღარ მოგინდება. გურამ დოჩანაშვილის ღვაწლი ქართული მწერლობის წინაშე ფასდაუდებელია. მისი ნაწარმოებები სავსეა სიყვარულით, სიკეთით, თავისუფლებისკენ სწარფვით. ამიტომაც არის მისი შემოქმედება განსაკუთრებით გამორჩეული. “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'', ეს ნაწარმოები კი ნამდვილად შედევრია. თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ, ვასიკო კეჟერაძისა არ იყოს “- მომილოცავს, მომილოცავს, ბედნიერი კაცი ყოფილხართ, ბედნიერი. რატომ?! რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით. რა სიამოვნება?! პირველად წაკითხვის''. წაიკითხეთ რამდენიმე ამონარიდი მოთხრობიდან: * “ცოლ-შვილი თუ მყავს? არა, არა მყავს, საცოლე კი, გაგიხარია, მყავდა. მაგრამ მე იმის შემდეგ ცოლს ვეღარ მოვიყვან, ისე კი, რა დაგიმალოთ და ქალებში კი დავდივარ ხანდახან, ორგანიზმი მაინც თავისას ითხოვს, ცოლის მომყვანი კი… არა, აღარ ვარ. გინდა, გიამბო? ყველაფერს გეტყვით – ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა… ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე – იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან – თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას… ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა… „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე”… * “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი” * “დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით''. * “ - რას იზამთ ბიბლიოთეკაში რომ დაინახოთ ვიღაც წიგნს ხევს? - ეს წიგნს გააჩნია!” 2) ენტონი ბერჯესი - მექანიკური ფორთოხალი ინგლისელი მწერლის, ენტონი ბერჯესის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანი „მექანიკური ფორთოხალი“, რომელიც 1962 წელს გამოჩნდა ინგლისის წიგნის ბაზარზე. ეს არის არასრულწლოვანი კანონდამრღვევის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბავი, რომელიც პირქუშ სინამდვილეში ვითარდება. ამბავი იმისა, თუ როგორ გადის არასრულწლოვანი დამნაშავე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ გამოსასწორებელ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ამბავი ერთი მელომანი სადისტისა, რომელიც ძალადობის ინსტინქტის ჩასახშობად გამიზნული, არანაკლებ სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვერპლი შეიქნა. ნაწარმოებზე ძირითადად ორი უკიდურესი მოსაზრება მესმოდა - ან ის, რომ ეს შესანიშნავი წიგნი იყო, ან კი ის, რომ იაფფასიანი ბესტსელერი, ყოველივე აზრს მოკლებული. და აი, ერთ მშვენიერ დღეს დავიწყე წიგნის კითხვა ღამის 12 საათზე და მზის ამოსვლისას დავამთავრე, ისე რომ ვერც კი გავიგე როგორ გავიდა ამდენი დრო. წიგნი ნამდვილად შედევრია. ის მიგვანიშნებს, სადამდე შეიძლება მივიდეს საზოგადოება და სისტემა, როგორ შეიძლება იქცეს ადამიანი “მექანიკურ ფორთოხალად'' და ა.შ. წაიკითხეთ რამდენიმე ამონარიდი წიგნიდან: * “იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ. კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის!" * “ბოლოს ყველა თავის სიყვარულს კლავსო, - ერთმა ნაციხარმა პოეტმა თქვა". * “იცი, რას გეტყვი, მარტო შენი ამბავი არ არის აქ. თავისუფლების სიყვარული ჯიშშივე მოგვდგამს და ამას უნდა გავუფრთხილდეთ. რომელი მებრძლოლი მე ვარ, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა, თორემ სულ დავიღუპებით. რა, განა ნებით დაითანხმებ ვინმეს, მის შვილს რომ იგივე გაუკეთონ, რაც შენ გიქნეს?! მაგრამ მასას სიმშიდე და მცონარობა ყველაფერს ურჩევნია და თავს წინასწარ არავინ აიტკივებს, ყველაფრის მიმართ აპათიაც სწორედ აქედან იწყება და ამიტომაც დროზე უნდა დაარჭო ნემსი მტკივან ადგილას!" 3) თამაში ჭვავის ყანაში - ჯერომ სელინჯერი წიგნი დაწერილია თინეიჯერ ჰოლდენ კოლფილდზე. მას აღიზიანებს საზოგადოება, მისი ცხოვრების წესი, ცხოვრებასთან დამოკიდებულება. სამი სკოლიდან გამოაგდეს. მეოთხე სკოლიდან წამოსვლისას გადაწყვიტა მისით უკმაყოფილო ოჯახს გარიდებოდა და ნიუ-იორკში წავიდა. აქედან დაიწყო ერთ-ერთი დიდი თავგადასავალი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. “თამაში ჭვავის ყანაში’’ ისეთ წიგნებს მიეკუთვნება, რომლებიც მსოფლმხედველობას გვიყალიბებს, გვცვლის, უფრო საინტერესოებს გვხდის, სხვა თვალით გვანახებს სამყაროს. წიგნი იმდენად ახლოს იყო ჩემთან, ჩემს სასაუბრო ენასთან, იმდენად ყოფითი და უბრალო ფრაზებით გადმოსცემდა უდიდეს აზრს, რომ ერთი დღეც არ იყო გასული, ისე აღმოვჩნდი წიგნის უკანასკნელ ფურცელზე. წაიკითხეთ რამდენიმე ამონარიდი წიგნიდან: * “ყველა ბინას თავისი სუნი აქვს და ვერც გაიგებ რისგან. ეს არც რაიმე კერძის სუნია და არც რაიმე სუნამოსი; საერთოდ, ეშმაკმა უწყის, რისია, ოღონდ კარს შეაღებ თუ არა, ხვდები რომ საკუთარ სახლში ხარ''. * “ნასწავლ და თან შემოქმედ კაცს შეუდარებლად მეტი შანსი აქვს რაიმე ღირებული დაუტოვოს შთამომავლობას, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ ნიჭიერია და შემოქმედების უნარის მქონე''. * “ როცა რამეს მართლა მაგრად აკეთებ, ფრთხილად უნდა იყო, თორემ მალე საკუთარი თავით ტკბობაში გადაგდის''. 4) ალქიმიკოსი - პაულო კოელიო ვინაიდან ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ თანამედროვე ლიტერატურას და იშვიათად ვკითხულობ, დიდი ყოყმანის შემდგომ “ალქიმიკოსი'' იყო პირველი, რაც ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს შემოქმედებიდან წავიკითხე. "ალქიმიკოსი" - ეს არის ფილოსოფიური ზღაპარი ახალგაზრდა მწყემსის მოგზაურობაზე. მწყემსი, სახელად - სანტიაგო, მიემგზავრება ეგვიპტეში თავისი საგანძურის საპოვნელად. წინ მას დიდი გზა აქვს გასავლელი. ის პოულობს საგანძურს და შეიცნობს საკუთარ თავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოელიოს შემოქმედებიდან ეს ერთ-ერთი საუკეთესოა და მართლაც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. წაიკითხეთ რამდენიმე ამონარიდი წიგნიდან: * “ დაიმახსოვრე: როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში''. * “ ცხოვრება სწორედ იმით არის საინტერესო, რომ შეიძლება ყველა შენი სიზმარი ახდეს''. * “ არსებობს უნიკალური ენა, ყველასთვის გასაგები, თუმცა ამჟამად დავიწყებული-სიყვარულის ენა''.5) სიამაყე და ცრურწმენა - ჯეინ ოსტინი არაფერი გადაჭარბებული, ხელოვნური და ყალბი. ყველა ეპიზოდი იმდენად ბუნებრივია და პერსონაჟები ისე საოცრად კარგად ნაჩვენები, ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით ჩაგაკითხებს. ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენა“ საუკუნის შემდეგაც ისევ ინტერესით იკითხება. წიგნი, რომელიც ახალგაზრდული სიხალისე და უშუალობა შერწყმულია ზრდასრულ გონებასთან და სამწერლო ხელოვნებასთან. წაიკითხეთ რამდენიმე ამონარიდი წიგნიდან: * “რთული პიროვნების შესწავლას თავისი უპირატესობა აქვს. საინტერესოა''. * “ კეთილი სული შთამინერგეს, მაგრამ ამ კეთილ სულს სიამაყითა და ამპარტავნობით ვემსახურებოდი. საუბედუროდ, ერთადერთი ვაჟი ვარ და მშობლებმა გამათამამეს. კეთილი მშობლები მყავდა, მაგრამ სწორედ მათ გამხადეს ეგოისტი. თქვენ მე თავმდაბლობა მასწავლეთ, ელიზაბეთ!'' * “წარსულზე მხოლოდ მაშინ იფიქრეთ, როცა მისი გახსენება სიამოვნებას მოგგვრით''. 681 14-ს მოსწონს 1-ს არა |
ახლა ჩემი ცოტნე 24 წლისაა :)