x
სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხე: პროფესიული სტრესი, პროფესიული გადაწვა, კაროში
დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სტრესი სამუშაოს განუყოფელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.ემპირიული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჭარბი შრომითი სტრესი ჯანმრთელობის გაუარესებასთანაა კავშირში, რასაც ემატება დაბალი მწარმოებლურობა, დასვენების არასწორი ორგანიზაცია, შრომითი უკმაყოფილება, ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის ზრდა (ადამიანური რესურსის მენეჯმენტი, 1999).

პროფესიული სტრესი არის ადამიანისა და სამუშაოს ინტერაქციის შედეგად აღმოცენებული მდგომარეობა, რომელიც ინდივიდში იწვევს ფიზიოლოგიურ, ემოციურ-ქცევით და კოგნიტურ ცვლილებებს.

ხანგრძლივი პროფესიული სტრესის შედეგად ვითარდება მდგომარეობა, რომელსაც პროფესიულ გადაწვას იგივე "ბარნაუთს" უწოდებენ. ტერმინი ამერიკელმა კლინიკურმა ფსიქოლოგმა ფროიდენბერგერმა შემოიტანა 1974 წელს იმ სინდრომის დასახასიათებლად, რომელიც ვითარდება ხანგრძლივი ემოციური გადაღლის, ფსიქოლოგიური დაქანცულობის, მომსახურების მიმღებთა დეჰუმანიზაციის და შემცირებული პიროვნული მიღწევების კომბინაციის შედეგად.

პროფესიული გადაწვის სიმპტომებია: მუდმივი დაღლილობის განცდა


, ფიზიკური გამოფიტულობისა და უენერგიობის შეგრძნება, ძილის დარღვევა(მოჭარბებული ძილიანობა ან უძილობა), აგრესიული განცდები და განზრახვები, უგუნებობა და მასთან დაკავშირებული ემოციები -ცინიზმი, პესიმიზმი, დეპრესია, დაურწმუნებლობისა და უსუსურობის განცდები.

სომატური ჩივილებიდან გამოიყოფა: თავის ტკივილი, არტერიული წნევის ცვალებადობა, გულ-მკერდისა და კუჭის არეში ტკივილი.

გამოიყოფა პროფესიული გადაწვის 3 ასპექტი: ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პიროვნული მიღწევების რედუქცია.

image


ემოციური გამოფიტვის დროს პიროვნება გრძნობს, რომ პირადი ემოციური რესურსი ამოწურა და სტრესორებისადმი ძლიერ მოწყვლადია, უჩნდება დაღლილობის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია სამსახურის სპეციფიკით.

დეპერსონალიზაციის დროს პიროვნება საკუთარი თავის სხვებისაგან დისტანცირებას ახდენს და სხვას არ განიხილავს როგორც პიროვნებას. ეს შეიძლება გამოიხატოს გარშემო მყოფი ადამიანებისადმი და სამუშაო გარემოსადმი ცინიკური დამოკიდებულებით.

პიროვნული მიღწევების რედუქციის დროს მუშაკს უვითარდება საკუთარ პროფესიულ სფეროში არაკომპეტენტურობის, წარუმატებლობის განცდა, დაბალი მიღწევის მოთხოვნილება. პიროვნება საკუთარ სამუშაოს სხვებთან შედარებით დაბალ შეფასებას აძლევს.

ორგანიზაციულ დონეზე პროფესიული გადაწვა პირველ რიგში ხასიათდება შემცირებული ეფექტიანობით, ცუდი მუშაობით და მინიმალური პროდუქტულობით. ასევე შემდეგი სიგნალებით: სამსახურით უკმაყოფილება, ცინიზმი სამსახურებლივი როლის მიმართ, უნდობლობა მენეჯმენტის, კოლეგებისა და ხელმძღვანელების მიმართ, დაბალი მიღწევები, კადრების გადინება, ავადმყოფობის დღეების გაზრდილი რაოდენობით გამოყენება, გაცდენები, მეტისმეტად ძლიერი დამოკიდებულება ხელმძღვანელზე, გაზრდილი უბედური შემთხვევების რიცხვი, სამუშაოსადმი მოტივაციის დაკარგვა, სამსახურში წაუსვლელობის სურვილი და სხვა.

პროფესიულ გადაწვაზე არანაკლებ საგანგაშოა ფენომენი, რომელიც კაროშის სახელითაა ცნობილი. ჰარაკირი იაპონური თვითმკვლელობის ფორმაა, ხოლო მის ორგანიზაციულ შესატყვისს კაროში იგივე "გადამეტებული მუშაობით სიკვდილი" წარმოადგენს. მისი სამედიცინო გამოვლინებაა ინსულტი და გულის შეტევით სიკვდილი, ხოლო მიზეზებად სახელდება: ყოველ ღამე, გვიანობამდე ან არასამუშაო დღეებში როგორც ხანგრძლი ასევე ჭარბი დროის განმავლობაში მუშაობა.

კაროშის პირველი შემთხვევა 1969 წელს დაფიქსირდა, როდესაც, იაპონიის ერთ-ერთი დიდი საგაზეთო კომპანიის სადაზღვევო დეპარტამენტში მომუშავე, 29 წლის მამაკაცი უეცრად გულის შეტევით გარდაიცვალა. ტერმინის გამოყენება აქტიურად დაიწყო 1982 წლიდან, მალევე ეს ფენომენი სერიოზულ საფრთხედ იქცა, რომელმაც დააფიქრა ორგანიზაციის მფლობელები თუ უბრალო მომუშავენი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია კაროშის შესახებ სტატიაში ტიპურ შემთხვევებს აქვეყნებს. მაგალითად, ერთ-ერთ პიროვნება მუშაობდა კვების მწარმოებელ კომპანიაში კვირაში 110 საათის განმავლობაში. იგი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის შეტევით. შრომის სტანდარტების სამსახურის მიხედვით, მათი სიკვდილი გადამეტებული სამუშაოთი იგივე კაროშით იყო გამოწვეული.

იაპონური კულტურა აღიარებულია პროტესტანტული შრომითი ეთიკის მიმდევრად, ამ კულტურის წარმომადგენლებს კი შრომა მიაჩნიათ ადამიანის ღირებულების განმსაზღვრელ ნაწილად, ამიტომ მათგან არ არის გასაკვირი გადამეტებული მუშაობა მაშინაც კი, როცა ამ დამატებითი სამუშაოსთვის ანაზღაურებას არ ელიან. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანი იძულებულია შეასრულოს ჭარბი სამუშაო, ეს კი განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პერიოდში გამოიკვეთა, როცა კომპანიებმა უსახსრობის გამო ადამიანური რესურსი მინიმუმამდე დაიყვანეს, დაითხოვეს კადრები და დარჩენილ თანამშრომლებს მოუწიათ ორმაგი დატვირთვით მუშაობა.

არსებობს შემთხვევები, როცა გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს ორგანიზაციისაგან კომპენსაციას. ფულადი ანაზღაურების მინიჭება კი მხოლოდ მაშინ ხდება, თუკი დამტკიცდა, რომ ადამიანი მართლაც გადამეტებული მუშაობისგან გარდაიცვალა. კომპენსაცია 20, 000-დან 1 მილიონ დოლარამდე თანხას შეადგენს.

დღეისათვის, კაროშის შემთხვევები არა მარტო იაპონიაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც დასტურდება, ორგანიზაციები კი ცდილობენ შეამცირონ სამუშაო გრაფიკი და თანამშრომლებს დაუწესონ რეგულაციები სამუშაო დღესთან დაკავშირებით.image

სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება შემდეგი ტექნიკები: 1) თავისუფალ დროს პროფესიისგან განსხვავებული საქმით დაკავება;

2) პირადი ცხოვრებისა და სამსახურის სამყაროს გამიჯვნა ერთმანეთისაგან (მაგ: ამერიკელები როცა სახლის ზღურბლს მიუახლოვდებიან ღრმად ამოისუნთქავენ და სამსახურს თითქოს "ჩამოიფერთხავენ");

3) ზეამოცანის დასახვა და სიახლის შეტანა სამუშაოში;

4) შრომის დოზირება;

5) განცდების გაზიარება;

6) ე.წ. "ტაიმ-აუტის" აღება;

7) რელაქსაცია და სუნთქვითი ვარჯიშები.

რა თქმა უნდა, კარგია სამუშაო, პროფესიული ზრდა და თვითაქტუალიზაცია, მაგრამ ნებისმიერი პიროვნება უნდა დაფიქრდეს უღირს კი იგი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემად და უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილადაც კი. თუკი ადამიანი შეძლებს და სამუშაოს სხვადასხვა ნაცადი ტექნიკით გაამრავალფეროვნებს არათუ შრომით კმაყოფილებას იგრძნობს, არამედ საკუთარ თავს, ოჯახსა და მის სიახლოვეს მყოფ პიროვნებებს აარიდებს სერიოზულ საფრთხეს.


0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0