პედიატრია მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობა 2016, 2 თებერვალი, 17:51 მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობა იშვიათი, მაგრამ სერიოზული აშლილობაა, რომლის დროსაც ჩვილი ან მცირეწლოვანი ბავშვი ვერ ამყარებს ჯანსაღ მიჯაჭვულობას მშობლებსა და მომვლელებთან. მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობა შესაძლოა განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ბაზისური მოთხოვნილება კომფორტზე, ყურადღებასა და ზრუნვაზე არაა დაკმაყოფილებული და ვერ ყალიბდება თბილი, მოსიყვარულე და მყარი მიჯაჭვულობა სხვა ადამიანების მიმართ. მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობა შესაძლებელია ჩვილობაში დაიწყოს. ვინაიდან მის ნიშნებსა და სიმპტომებს ძირითადად ადრეული ბავშვობის ასაკში იკვლევენ, დაუდასტურებელი რჩება, გვხვდება თუ არა ხსენებული აშლილობა 5 წელს გადაცილებულ ბავშვებში. მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: შიში, მწუხარება ან გაღიზიანება, რომლის საფუძველი თვალნათლივ არ ჩანს; გამოიყურება მწუხარედ და უსიცოცხლოდ; არ იღიმის; არ მიისწრაფის სითბოსკენ და არ რეაგირებს, როცა მისდამი სითბოს გამოხატავენ; აკვირდება გარშემომყოფებს, მაგრამ არ ერთვება სოციალურ ინტერაქციაში; არ ითხოვს ყურადღებას, მხარდაჭერასა და დახმარებას; არ გამოხატავს ინტერესს "ჭიტასა" თუ სხვა ინტერაქტიული თამაშების მიმართ; ზემოხსენებული ნიშნები და სიმპტომები გვხვდება იმ ბავშვებშიც, რომელთაც არ აქვთ აღენიშნებათ ეს აშლილობა ან აქვთ სხვა აშლილობა, როგორიცაა აუტისტური სპექტრის აშლილობები. აუცილებელია ფსიქიატრიული შეფასება, რათა დადგინდეს, მიუთითებს თუ არა ეს სიმპტომები და ნიშნები სერიოზულ პრობლემაზე. იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და გარშემომყოფებისადმი ნდობით განეწყონ, ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებს სტაბილური და მზრუნველი გარემო სჭირდებათ. მათი ძირითადი ემოციური და ფიზიკური საჭიროებები მუდმივად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. მაგალითად, როცა ახალშობილი ტირის, მისი საჭიროება, გამოკვებონ ან საფენი გამოუცვალონ, უნდა დაკმაყოფილდეს ბავშვსა და მომვლელს შორის ემოციათა გაცვლით, რაც შეიძლება მოიცავდეს თვალით კონტაქტს, ღიმილსა და ალერსს. ბავშვი, რომლის საჭიროებებს სისტემატურად უგულვებელყოფენ ან ნაკლებად ემოციური ქმედებით პასუხობენ, არ მოელის მზრუნველობასა და მომვლელებთან მყარი მიჯაჭვულობის დამყარებას. ბავშვების უმრავლესობას მედეგობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ბავშვების უმეტესი ნაწილიც კი, რომლებმაც გამოსცადეს მძიმე უგულვებელყოფა, ხშირად თავს ართმევს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას და არ უვითარდება მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობა. მიუხედავად იმისა, რომ არაა დადგენილი, თუ რატომ უყალიბდება მსგავსი გამოცდილებების ბავშვებიდან ზოგს მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობა, ზოგს კი არა, ცნობილია, რომ ამ აშლილობისადმი მოწყვლადობის რისკი იმატებს, როცა: ბავშვი ცხოვრობს აღმზრდელობით დაწესებულებაში; ბავშვი ხშირად იცვლის მეურვე ოჯახს ან მზრუნველ პირებს; ბავშვს ჰყავს გამოუცდელი მშობლები; ბავშვი არის ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი; ბავშვი დაშორებული იყო მშობლებს ხანგრძლივი დროით, მაგალითად გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში; ბავშვის დედას აქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია; ბავშვს ჰყავს უჩვეულოდ დიდი ოჯახი, რის გამოც მშობლები ვერ ახერხებენ, ხშირად და თანაბრად დაუთმონ შვილებს დრო. მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა სიღრმისეული გამოკვლევა ბავშვთა ფსიქიატრის მიერ. ბავშვის შეფასება შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: უშუალო დაკვირვება და ინფორმაციის შეგროვება მშობლებსა თუ მომვლელებთან ინტერაქციის შესახებ; გარკვეული დროის მანძილზე განხორციელებული ქცევის ნიმუშების დეტალური აღწერა; სხვადასხვა სიტუაციაში განხორციელებული ქცევის მაგალითები; შეკითხვები სახლში არსებული სიტუაციისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ; აღზრდის სტილისა და მშობლების აღზრდის უნარ-ჩვევების შეფასება; შეფასების ფარგლებში, ბავშვის ექიმი ვალდებულია გამორიცხოს მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობის გამომწვევი სხვა მიზეზები, ვინაიდან ამ აშლილობის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა ჰგავდეს სხვა, ისეთი აშლილობების ნიშნებსა და სიმპტომებს, როგორიცაა: გონებრივი განვითარების შეფერხება აუტისტური სპექტრის აშლილობები დეპრესიული აშლილობები ადაპტაციასთან დაკავშირებული აშლილობები მეცნიერები ფიქრობენ, რომ მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობის მქონე ბავშვებს აქვთ უნარი, დაამყარონ მიჯაჭვულობები, მაგრამ ეს უნარი მათი ცხოვრებისეული გამოცდილებების მიერ მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული მკურნალობის სტანდარტული მეთოდი არ არსებობს, თუმცა საუკეთესო მეთოდად ითვლება პოზიტიური, მასტიმულირებელი, სტაბილური გარემოს შექმნა და მზრუნველ, მოსიყვარულე აღმზრდელთან ინტერაქცია. სასურველია, მკურნალობამ მოიცვას ინდივიდუალური და ოჯახის ფსიქოთერაპია. თ.დავითაშვილი 140 2-ს მოსწონს
|