გულსაბნევების დიპლომატია
როგორც ყველა ქალს, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაითსაც ძალიან უყვარს სამკაულები, მაგრამ იგი ხომ ჩვეულებრივი ქალი არ არის, ამიტომაც სამკაულების მიმართ არცთუ ქალური დამოკიდებულება აქვს.
ყველაფერი 1994 წელს დაიწყო, როცა ქალბატონ მადლენს გაეროში ამერიკის წარმომადგენელის პოსტი ეჭირა და პირდაპირ უნდა ითქვას, გასაქანს არ აძლევდა სადამ ჰუსეინს. ერაყის პრესა მას გველს უწოდებდა. ერთხელ, როცა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარიკ აზიზს უნდა შეხვედროდა, მადლენმა გველის ფორმის გულსაბნევი დაიბნია, ამით მინისტრს აგრძნობინა, - ვიცი, ჩემზე რასაც წერთ და დანდობას ნუ ელიო.
მადლენის გულსაბნების ამბავი ყველამ იცოდა, და ვიდრე პარტნიორი მასთან საუბარს დაიწყებდა, აუცილებლად დააკვირდებოდა, რა ეკეთა კაბაზე, რადგან გულსაბნევი მისი იმდღევანდელი გუნება-განწყობილების გამომხატველი იყო.
ერთხელ ქალბატონი ოლბრაითი მოლაპარაკებას აწარმოებდა თავის ფრანგ კოლეგასთან იუბერ ვედერინთან. ფრანგმა შენიშნა, რომ ქალს კაბაზე კუპიდონი ეკეთა, გაიხარა, რადგან იმხანად ამერიკა-საფრანგეთის ურთიერთობა დაძაბული იყო და კუპიდონი თითქოს სიყვარულს ჰპირდებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მომხდარა, ქალბატონმა მადლენმა ყველაფერში საფრანგეთი დაადანაშაულა და არაფერზე არ დაეთანხმა იუბერ ვედერინს. ფრანგი მერე ეჭვობდა, ეტყობა, კარგად ვერ გავარკვიე, რა ეკეთა კაბაზეო.
ნეთანიაჰუსა და არაფატთან შეხვედრის დროს ქალბატონ ოლბრაითს დიდი ოქროს მტრედი ეკეთა, რომელიც ისრაელის ყოფილ პრემიერის იცხაკ რაბინის ქვრივმა - ლეა რაბინმა აჩუქა. მშვიდობის მტრედის სიმბოლო ახლო აღმოსავლეთის ომით გადაბუგულ მიწაზე სავსებით გასაგებია. ნეთანიაჰუსთან დაკავშირებით გადაკვრით იმასაც მიანიშნებდა, რომ მან არ გააგრძელა რეგიონში სამშვიდობო მოლაპარაკების პოლიტიკა.
რუს ლიდერებტან სამლიქვნელო ამერიკას არაფერი სჭირს. მიაჩნიათ, რომ რუსებს აუცილებლად უნდა ელაპარაკო მხოლოდ ძალის პოზიციიდან, რაც დედის გინების შემდეგ ყველაზე კარგად ესმით; ამიტომაც რუსებთან შეხვედრის დროს ქალბატონი ოლბრაითი მკერდზე უზარმაზარ ამერიკულ არწივს იბნევდა.