x
image
Guns N Roses
"ღმერთი თუ არსებობს, უნდა შემევედროს, რომ ვაპატიო" - ჰოლოკოსტის ისტორია და საკონცენტრაციო ბანაკში გადახდენილი ისტორია
image

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთასამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია. ებრაელები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც განადგურებას ექვემდებარებოდა (თანასწორად სლავებისა და საბჭოთა ტყვეებისა, რომელთაგან უკანასკნელნი ითვლებოდნენ "ბოლშევიზმით დაავადებულებად”). პროგრამა "ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა" იყო ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი დავალება გერმანული პოლიტიკისა. ომის დასაწყისისთვის, ნაცისტებმა დაიპყრეს ის რეგიონები, რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული ებრაელებით - პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსია. დიდ ქალაქებში (უფრო მოგვიანებით პატარა ქალაქებში) იქმნებოდა ებრაული გეტოები (დიდი ქალაქების რაიონები, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, ნებით თუ ძალით, მძიმე სიტუაციაში, სიტყვას ისტორიული საფუძველი აქვს და უკავშირდება ვენეციურ გეტოს, სადაც უნდა ეცხოვრათ ებრაელებს), სადაც ებრაელები მიჰყავდათ. უდიდესი გეტო იყო შექმნილი ვარშავაში, იქ 480 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. იგი 1943 წელს ლიკვიდირებულ იქნა მასობრივი დეპორტაციის შემდეგ ტრებლინკაში 1942 წლის ზაფხულში და 1943 წლის იანვრისა და აპრილის აჯანყების შემდეგ: ქ.ლოძის (პოლონეთი) გეტო - 160 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. ეს გეტო თანდათან განადგურებულ იქნა: პირველი დეპორტაციის ნაკადი ჰელმნოში 1942 წლის იანვარსა და მაისს შორის იყო, შემდეგ სხვა რიგი დეპორტაციებისა სხვა ბანაკებში, 1944 წლის 1 სექტემბერს კი საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებული.


დღესდღეობით ებრაელები ნაცისტების მიერ უშუალოდ ებრაელი ხალხის გეგმაზომიერი განადგურების პოლიტიკას და ამ პოლიტიკის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს აღნიშნავენ ებრაული სიტყვით “შოა”, რაც “კატასტროფას” ნიშნავს და “ჰოლოკოსტზე” ბევრად უფრო კორექტულ სიტყვად არის მიჩნეული.მიუხედავად იმისა, რომ შოას მსხვერპლთა რაოდენობა, ტრადიციულად მიღებული მონაცემებით, 6 მილიონია, მსხვერპლთა სრული სია დღემდე არ არსებობს და ვარაუდობენ, რომ ის გაცილებით მეტი უნდა იყოს. საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გერმანელი ნაცისტები სიკვდილის ბანაკების ყველა კვალს ანადგურებდნენ. უფრო მეტიც, არსებობს მრავალრიცხოვანი გადმოცემები, რომ გერმანიაში მოკავშირეთა ჯარების შესვლამდე ცოტა ხნით ადრე ნაცისტები უკვე დამარხული ადამიანების ამოთხრას და გვამების განადგურებას ეწეოდნენ. იერუსალიმში ინახება პერსონალური დოკუმენტაციები, რომლებიც ნაცისტების მიერ დაახლოებით 4 მილიონი ადამიანის განადგურების მაჩვენებელია. ესენი არიან სწორედ იდენტიფიცირებული, ამოცნობილი ადამიანები. არსებობს მონაცემთა სრული ბაზის არარსებობის სხვა მიზეზებიც: მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე ცოცხლად დარჩენილი ებრაელები უარს აცხადებდნენ მათი და-ძმების, ნათესავებისა და ახლობლების დაღუპულად გამოცხადებაზე, რადგან მათი პოვნის იმედი ჰქონდათ. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების „საკითხის გადაწყვეტას“, ამისთვის ნაცისტებმა შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ფსიქიკური პრობლემების მქონე, გონებრივად ჩამორჩენილი და გენეტიკური დაავადებების მქონე პირთა სტერილიზაციას, მერე კი – მათ ფიზიკურ განადგურებას. მალე გასანადგურებელთა კატეგორიაში აღმოჩნდნენ შრომის უუნარო პირები და ის პირები, ვინც 5 წელზე მეტხანს ავადმყოფობდნენ. ამ პროგრამის განხორციელება გერმანელებმა დაიწყეს 1939 წელს და გაზის საკნებიც ამ პროგრამის განსახორციელებლად იყო მოფიქრებული. პირველი ასეთი საკნები ნაცისტებმა 1939 წლის ბოლოს ჰადამარში გამოსცადეს. 1941 წლის სექტემბრამდე მათ უკვე განადგურებული ჰყავდათ 70 ათასზე მეტი ადამიანი. ამ პროგრამას ისინი ჯერ გერმანიის, მერე კი პოლონეთის და სხვა ოკუპირებული ქვეყნების ტერიტორიებზე ახორციელებდნენ.



image






















"ჩემი სახელია ფრანსინ კრისტოფი. დავიბადე 1933 წლის 18 აგვისტოს, იმ წელს, როდესაც ჰიტლერმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. როდესაც გერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში ვიყავი, საოცარი რამ მოხდა:

შეგახსენებთ, რომ ომში დატყვევებული ბავშვები, პრივილეგიით ვსარგებლობდით და უფლება გვქონდა, რამე წამოგვეღო - მაგალითად პატარა ჩანთა, მასში მოთავსებული ორი ან სამი ნივთით. ერთმა ქალმა შაქარი წამოიღო, მეორემ - ბღუჯა ბრინჯი. დედაჩემმა ორი პატარა ნატეხი შოკოლადი ჩაიდო და მითხრა:


"ამას შევინახავთ იმ დღისთვის, როდესაც დავინახავ, რომ სრულიად განადგურებული იქნები და მართლა დაგჭირდება დახმარება. მე მოგცემ შენ ამ შოკოლადს და თავს უკეთესად იგრძნობ".


ჩვენთან ერთად ტყვეობაში, ერთი ორსული ქალი იყო. რომ შეგეხედა, ვერ შეამჩნევდი, ისეთი გამხდარი იყო. ერთხელაც დრო მოვიდა და მშობიარობა დაეწყო. ის ბანაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქალს დედაჩემი და ყაზარმის უფროსი გაჰყვნენ. სანამ წავიდოდნენ, დედამ მითხრა:

"გახსოვს ის შოკოლადი, შენთვის რომ ვინახავდი?"
"კი, დედა"
"თავს როგორ გრძნობ?"
"კარგად, დედა. კარგად ვიქნები".
"კარგი მაშინ, თუ შენ კარგად ხარ, მინდა რომ შენი ეს შოკოლადი იმ ქალს მივცე, ჩვენ მეგობარ ჰელენს. აქ ბავშვის გაჩენა ძალიან რთული იქნება, შეიძლება ის გარდაიცვალოს. თუ მე მას მივცემ შოკოლადს, შეიძლება ამან მას უშველოს".
"კარგი დედა, მიდი".

ჰელენმა პატარა და უმწეო ბავშვი გააჩინა. მან შოკოლადის ერთი ფილა შეჭამა, გადარჩა და ყაზარმაში დაბრუნდა. პატარას არასდროს უტირია, არასდროს. 6 თვის შემდეგ ბანაკი გაანთავისუფლეს. ჩვენ პატარა საფრანგეთში წავიყვანეთ. რამდენიმე წლის წინ, შვილმა მკითხა: "დედა, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი რომ გყოლოდათ, როდესაც დაბრუნდით, იქნებ უფრო ადვილი ყოფილიყო ამ ყველაფერთან გამკლავებაო". მე ვუპასუხე: "რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვყავდა. არავის არ უფიქრია სულიერ ავადმყოფობაზე. მაგრამ შენ კარგი იდეა მომაწოდე, ლექციას ჩავატარებ ამ თემაზე".



მართლაც მოვაწყე ლექცია თემაზე: "რა მოხდებოდა, 1945 წელს, კონცენტრაციის ბანაკს გადარჩენილებს რომ ჰქონოდათ ფსიქოლოგიური კონსულტაცია?" ლექციამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ბევრი საინტერესო იდეა წარმოიშვა.



ბოლოსკენ სცენაზე ქალი ავიდა და თქვა: "მე მარსელში ვცხოვრობ და ფსიქიატრი ვარ. სანამ ჩემ აზრს მოგახსენებთ, რაღაც მაქვს ფრანსინ კრისტოფისთვის".



მან ჯიბეში ხელი ჩაიყო და შოკოლადის ნატეხი ამოიღო, მომცა და მითხრა: მე ვარ ის ბავშვი..."



მეორე მსოფლიო ომზე და იმ საშინელ დღეებზე, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკში გადაიტანეს ებრაელებმა, და არა მარტო მათ, გადაღებულია უამრავი ფილმი, მაგრამ მე მაინც ამათ გამოვარჩევდი და გირჩევთ, თუ არ გაქვთ ნანახი აუცილებლად ნახოთ:



god on trial
the pianist
schindler's list
boy in the striped pajamas



და სტატია მინდა დავასრულო ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში ამოკაწრული სიტყვებით: "ღმერთი თუ არსებობს უნდა შემევედროს, რომ ვაპატიო."


2
1676
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1676
  
2016, 13 იანვარი, 14:28
madoba
2016, 13 იანვარი, 14:19
ამატირა ამ სტატიამ,
ყოჩაღ კარგი სტატიაა.
ეს ფილმები ყველა ნანახი მაქვს
0 1 2