თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობა გახსნილია-დაკავებულმა აღიარა, რომ მოკლა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მოკლული მამა-შვილის, 27 წლის მამაკაცისა და 5 წლის ბავშვის მკვლელობა გახსნილია. მკვლელი ბავშვის დედა და მამაკაცის მეუღლეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალური გვერდის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:
"შსს–ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე–საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მაგდა პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ.–მ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლით)."