რატომ მოხვდა პოლიციაში კენან იმირზალიოღლუ და რომელია მისი ყველაზე სევდიანი მოგონება
კენან იმირზალიოღლუ (Kenan İmirzalıoğlu), თურქი მსახიობი და მოდელი, დაიბადა 1974 წლის 18 ივნისს. ქართველი მაყურებლისთვის იგი ცნობილი გახდა სერიალებით "ეზელი" და "ქარადაი".
- კენან, შენი ცხოვრება ზღაპრულ სიუჟეტს ჰგავს: ღარიბი ბიჭი, რომელიც ბევრს მუშაობს, ჯიბეში კი გროშიც არა აქვს, ბოლოს პრინცად იქცევა.
- მე ვარ პრინცი? (იცინის). პირველად მესმის ჩემი მისამართით ასეთი კომპლიმენტი. არა, რას ამბობთ. მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, უბრალოდ ხშირად მაჩვენებენ ტელევიზორში.
თუმცა თავიდან მართლა ყველაფერი ასე იყო: ბევრი მუშაობა და ცოტა ფული. სოფელში დავიბადე. მამაჩემი ფერმერი იყო. მეც და ჩემმა უფროსმა და-ძმამაც მუშაობა ბავშვობიდან დავიწყეთ. 9-10 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ ტრაქტორის მართვა მასწავლა. იცით რომელია ჩემი ბავშვობის ყველაზე სევდიანი მოგონება? ერთხელ შემთხვევით ძაღლს გადავუარე...
- როგორ მოახერხეთ ასეთი ცხოვრებისგან თავის დაღწევა?
- რამდენადაც მე კარგად ვსწავლობდი, მშობლები დამეთანხმნენ იმაში, რომ ფერმერი უმაღლესი განათლებით უკეთესია, ვიდრე ფერმერი საშუალო განათლებით. მაგრამ პირველ წელს მაინც ვერ ჩავაბარე უნივერსიტეტში, ამიტომ სახლში დავბრუნდი და მამასთან ერთად ვმუშაობდი. მეორე ცდის შედეგად მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი.
მშობლებს არ ჰქონდათ საკმარისი ფული და თავის რჩენა თავად მიხდებოდა, ვმუშაობდი მტვირთავადაც. შემდეგ კურსელმა მირჩია, სამოდელო სააგენტოში გამეგზავნა ჩემი რეზიუმე და ამან ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.
- არის ერთი ქმედება, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ...
- დიახ, კარიერის დასაწყისში შემომთავაზეს გვარი შემეცვალა და უფრო კეთილხმოვანი სახელი ამეღო, თან ჩემი წარმოშობის შესახებაც რაიმე ლამაზი ლეგენდა მომეფიქრებინა. ანუ არ უნდა მეთქვა, რომ ღარიბი გლეხის შვილი ვარ. მე უარი ვთქვი და, როგორც ხედავთ, მაინც გავიკეთე კარიერა, გავხდი ცნობილი.
- რაღაც პერიოდის განმავლობაში არ მონაწილეობით რეკლამებში. ახლა კი ისევ რამდენიმე მსხვილი კომპანიის სახე ხართ. რამ გამოიწვია ეს, აქამდე არ გქონდათ შემოთავაზებები?
- მქონდა. მაგრამ მე მხოლოდ იმ სარეკლამო რგოლებზე ვთანხმდები, რომლებიც ჩემთვის საინტერესოა არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით. მამაკაცის ტანსაცმლის, KIP-ის რეკლამირება დავიწყე მას შემდეგ, რაც მე თავად შევიძინე ამ ბრენდის რამდენიმე პიჯაკი. იაფი არაა, მაგრამ კომფორტული და სტილურია.
- რისთვის არ გენანებათ ფული?
- ქველმოქმედებისთვის. ამასწინათ 20 ათასი ლირის (დაახლოებით 9 ათასი დოლარი) წიგნები შევუძინე ჩემი მშობლიური სოფლის სკოლის ბიბლიოთეკას.
- ახლა თქენ ქალაქში ცხოვრობთ და ტრაქტორის მაგივრად დადიხართ... ხო, მართლა, რითი დადიხართ ახლა?
- გასულ წელს ვიყიდე Porsche 911 Turbo 4s.
- თქვენ ხშირი სტუმარი ხართ საფეხბურთო კლუბ "გალათასარაის" მატჩებზე. კიდევ სად შეიძლება თქვენი ნახვა?
- დავდივარ თანამედროვე ხელოვნების გამოფენებზე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვერკვევი მასში, მაგრამ სიამოვნებას მანიჭებს ნახატების დათვალიერება.
კიდევ სად დავდივარ? მაგალითად, მეგობრებთან ერთად რესტორნებში.
- ამის შესახებ ყველასთვის ცნობილია, თქვენი ღამეული ცხოვრების ამსახველი ფოტოები ხშირად ჩნდება თურქულ ტაბლოიდებზე. ამ ყველაფრის შემდეგ არ გიჭირთ დილით ადრე ადგომა და გადასაღებ მოედანზე წასვლა?
- ძალიან მიჭირს, ლოგინიდან ადგომაც კი მიძნელდება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ მოველაპარაკო რეჟისორს და შევუთანხმდე, რომ ძალიან ადრე არ დაიწყოს გადაღება. მე ჭოტი ვარ და საღამოს სახლშიც რომ დავრჩე, შუაღამემდე მაინც ვერ დავიძინებ: წავიკითხავ, მუსიკას მოვუსმენ ან სერიალებს ვუყურებ.
- თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებით, რომლებიც თავს ზოგავენ?
- "ეზელის" გადაღების დროს ჩემი სამუშაო დღე ხშირად 24 საათი გრძელდებოდა. როგორც გგნიათ, თავს ვიზოგავდი მაშინ? დედაჩემი ღმერთს ევედრებოდა, ჭკუიდან არ შევშლილიყავი. მე კი ველოდი როდის დამთავდებოდა გადაღება, რომ რაღაც დროით დამესვენა.
"ქარადაის" შემდეგ, რომელმაც ასევე ძალიან გადამღალა, ერთ რამეს მივხვდი: არასწორია იმუშავო ქანცის გაწყვეტამდე და მერე ორიოდე თვე შვებულება აიღო. ჯობია გადაანაწილო დრო ისე, რომ ყოველი სამუშაო დღე უკანასკნელს არ ჰგავდეს.
ამიტომ ამის შემდეგ აღარ დავთანხმდები ისეთ სერიალში მონაწილეობას, რომლის სერიაც 2 საათი გრძელდება, 1 საათზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს! უამრავი სხვა საქმეა, რომლებსაც მიხედვა სჭირდება.
- მაგალითად, თქვენი სასტუმროების მშენებლობა სტამბულში?
- ესეც მათ შორის. იქ უამრავი პრობლემაა, თუნდაც მეზობლების ჩივილი, რომლებსაც მშენებლობის ხმაური აღიზიანებდათ. მაგრამ ეს საკითხი უკვე მოგვარებულია.
- ბოლო დროს ხშირად გიწევთ თავის მართლება. როგორ მოხვდით პოლიციაში ნარკოტიკის მოხმარებაზე?
- სასიხარულოა, რომ ამ მხრივ მარტო არ ვარ, ეს ერთგვარი საყოველთაო შემოწმება იყო აკრძალული საშუალებების მოხმარებაზე, რომელშიც ბევრი ჩემი კოლეგა მოხვდა, მაგალითად ჩემი მეგობარი, მურად ილდიმირი და მისი მეუღლე. ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ჩვენი დასვენება ესპანეთში, რომლის დროსაც ამ შემოწმებას ქონდა ადგილი, რა თქმა უნდა გაფუჭდა.