"მუშაობენ "ფეისბუქის" ახალ ვერსიაზე, რომელზე წვდომაც ექნებათ მხოლოდ იმათ, ვინც შესაბამის გადასახადს გადაიხდის"-ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება "ფეისბუქზე".
ქალბატონ ლელა კაკულიას "ფეისბუქის" პირადი გვერდის ადმინი აქვეყნებს მის წინასწარმეტყველებას იმის შესახებ, რომ "ფეისბუქი" ფასიანი გახდება:
"მეგობრებო, გემახსოვრებათ, დაახლოებით ერთი წლის წინ ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ "ფეისბუქი" ფასიანი გახდებოდა. თუმცა მალევე ითქვა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია გახლდათ და ეს უპოპულარესი ქსელი არასდროს დაუწესებდა გადასახადს მომხმარებელს.
სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ "ფეისბუქმა" ახალი სოციალური ქსელის ბეტა-ვერსია ჩაუშვა ექსპლუატაციაში, რომელიც მხოლოდ საოფისე კომუნიკაციებისთვის გამოიყენება და რომელსაც Facebook at Work-ი ჰქვია. სიახლე კომპანიების თანამშრომლებს შრომის ნაყოფიერების გაზრდაში უნდა დაეხმაროს, ვინაიდან ახალი ქსელით შესაძლებელი იქნება კოლეგებისთვის იდეების უშიშრად და უსაფრთხოდ გაზიარება. საქმე ისაა, რომ კომპანია "ფეისბუქის" ბიზნეს ვერსიისთვის სპეციალურ, ახალ დამცავ პროგრამას გამოიყენებს. Facebook at Work-ი საწყის ეტაპზე სრულიად თავისუფალი იქნება რეკლამისგან და არ შეინახავს კლიენტი კომპანიების თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.
ახალი სერვისი ბევრ რამეში დღევანდელი "ფეისბუქის" მსგავსი იქნება-ახალი ამბებით, "ლაიქებითა" და "ჩატებით", მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდება მისგან იმით, რომ მომხმარებელი ვეღარ შეძლებს სხვადასხვა პოპულარული თამაშებით გართობას. და რაც მთავარია, "ფეისბუქის" ახალი ვერსია ფასიანი იქნება.
და ამ ინფორმაციის საპასუხოდ, შეგახსენებთ ქალბატონი ლელას იმ წინასწარმეტყველებას, რომელიც "ფეისბუქთან" დაკავშირებით აქვს წარმოთქმული სწორედ იმ დროს, როცა კომპანიამ მისი გაფასიანება უარყო.
2014 წელი, 21 ნოემბერი, 18:00 სთ.
ვხედავ, მუშაობენ "ფეისბუქის" ახალ ვერსიაზე, რომელზე წვდომაც ექნებათ მხოლოდ იმათ, ვინც შესაბამის გადასახადს გადაიხდის. ამას კი ვერ მოახერხებს საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები. ეს ცუდი სულაც არ არის, ვინაიდან ამ ფენას ისედაც არ უნდა ეცალოთ ინტერნეტით გართობისთვის. მათ მთელი ძალა უნდა მიმართონ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
გარდა ამისა, ინტერნეტმა, სოციალურმა ქსელებმა დიდი ზიანი მიაყენა ადამიანებს; იმდენად დიდი ზიანი, რომ ფსიქიკა ლამის მოუშალა. ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდება ამ გზით, ძაბავს და ღრმა დეპრესიაში ყრის ხალხს. ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიდიან, ვინაიდან მოდის დიდი უარყოფითი ენერგეტიკა, რომელიც მთელ სივრცეს იპყრობს. არცერთი პროცენტი აღარ რჩება პოზიტივისა ამ ქაოსში. არის ლანძღა-გინება, შეურაცხყოფა… და მთელი ეს სიტუაცია ჯოჯოხეთს ჰგავს. ამიტომ, ვიმეორებ, რომ კარგია, რომ ფასიანი გახდება. სოციალური ქსელი სჭირდებათ იმათ, ვინც მუშაობენ პოლიტიკასა და ბიზნესში. მეტი ლამის არავის. ერთი სიტყვით, ის უნდა მოიხმარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც სჭირდება სახელმწიფოს.
ინტერნეტი, სოციალური ქსელი-ეს არ არის შვება, ან დიდი სიხარული; არ არის ის, რაც მოგცემთ უზრუნველ ცხოვრებას. ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, არ არის ის ვენახი, რომელიც ყურძნის უხვ მოსავალს მოგცემთ. ეს არის ნერვიული სისტემის მოშლა. ეს მიიღებს მასიურ სახეს, რაც მსოფლიოს ძალზე შეაფიქრიანებს და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ვიწინასწარმეტყველე.
დღეს თითქოს წარმოუდგენელია, რომ მოვლენები გადავიდეს იმ რელსებზე, რომელიც მე ვიწინასწრამეტყველე, მაგრამ ეს ასი პროცენტით ასრულდება."