1 ნოემბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში “მის საქართველო 2015-ის” ფინალური შოუ გაიმართა, რომელზეც გამარჯვება 24 წლის ნუკა ყარალაშვილმა მოიპოვა. კონკურსის წესებიდან გამომდინარე, სწორედ ნუკა ყარალაშვილი წარადგენს საქართველოს „მის მსოფლიოზე“, კონკურსზე, სადაც არცერთ მის საქართველოს რაიმე
მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია. შესაბამისად, ქართველები ყოველთვის მზად არიან კრიტიკისათვის და ქვეყნის ულამაზეს გოგონას ყოველთვის პოულობენ ნაკლს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ “მის საქართველო 2015-მა” ნუკა ყარალაშვილმა, “მის მსოფლიოზე” პირველ წარმატებას უკვე მიაღწია, რაც ნამდვილად აღსანიშნავია. მიუხედავად იმისა, რამდენად იმსახურებს ქართველი საზოგადოების მოწონებას სილამაზის
დედოფალი, არსებობს გარკვეული პარამეტრები, რის მიხედვითაც შეიძლება გოგონას ლამაზი ვუწოდოთ. კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე, “მის მსოფლიოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ორგანიზატორებმა ტოპ 30 გოგონა დაასახელეს და მათ შორის საქართველოს წარმომადგენელიც მოხვდა.
წლევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი სილამაზის კონკურსი „მის მსოფლიო” 19 დეკემბერს, ჩინეთში, სანიას კუნძულზე გაიმართება. კონკურსში 130 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
წარმატებები ვუსურვოთ ნუკა ყარალაშვილს და იმედია, რომ 19 დეკემბერს საქართველოს სახელი არაერთხელ გაიჟღერებს.