პოლიტიკა TAP-ის პროექტში აღმოჩენილი პრობლემები აზერბაიჯანში შეშფოთებას იწვევს 2015, 23 ნოემბერი, 17:49 ე.წ. “გაზის სამხრეთის დერეფნის” პროექტში წარმოქმნილი პრობლემები აზერბაიჯანში შეშფოთებას იწვევს. თუკი ამ პროექტის ერთი ნაწილის ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობა აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით საკმაოდ სწრაფად ხორციელდება, პროექტის მეორე ნაწილის ტრანს-ადრიატიკული გაზსადენების (TAP) მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლებებია შექმნილი. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი უკმაყოფილება გამოხატა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანში ხელოვნური დაბრკოლებებია შექმნილი, რომელთა გადასალახავად საჭიროა ევროპის პოლიტიკური ნება. შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი თვის წინათ ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში სოციალისტების გამარჯვების შემდეგ ბერძნულ მხარეს ტრანს-ადრიატიკულ გაზსადენში უფრო მეტი წილი უნდოდა და ამ პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გადახედვას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტის მიერ ამ მიმართულებით გაკეთებულ განცხადებებს მხარი დაუჭირა გლობალურ ენერგეტიკულ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა ამოს ჰოკშტაინმაც. აზერბაიჯანული გაზეთი "მუსავათი" წერს, რომ ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის მშენებლობისათვის, რომელიც სავარაუდოდ 2016 წლის მაისიდან დაიწყება, ახალი რისკები წარმოიქმნა და, როგორც გამოცდილება აჩვენებს, მათი მოსპობა აშშ-ის პოლიტიკურ-დიპლომატიური ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნება. "მუსავათის" ცნობით, ჯერ კიდევ 2014 წელს ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი კონსორციუმის საფინანსო აუდიტის ანგარიშში, სხვადასხვა ნებართვების მიღებიდან დაწყებული, გეოლოგიური რისკებით დამთავრებული, უამრავ პრობლემაზეა მითითებული. 320 შეფასება არ არის
|