x
image
tekoo
ჭურჭლის სკანდალი – საქართველოში საშიში პროდუქციისგან დაცვის მექანიზმი არ არსებობს

imageსოციალურ ქსელებში მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია სასალათე ჭურჭლის ეტიკეტის ფოტომ, რომელიც საყოფაცხოვრებო პროდუქციის მაღაზია „დომინოშია“ გადაღებული.

ეტიკეტზე წერია, რომ პროდუქცია, შესაძლოა, შეიცავდეს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც კალიფორნიის შტატის კანონის მიხედვით, იწვევს სიმსივნეს, დაბადების დეფექტებს და რეპროდუქციულ პრობლემებს. ინფორმაცია ეტიკეტზე მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყო დატანილი.
„დაიბანეთ ხელი, ნივთთან შეხების შემდეგ“, - წერია ეტიკეტზე.
გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებშივე დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. მომხმარებლები გაუკონტროლებელ სისტემაზე საუბრობენ და საშიში საქონლის გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ.

საკუთარ პროდუქციაზე განმარტებების გაკეთება თავად მაღაზია „დომინოსაც“ მოუწია.

კომპანიაში არ უარყოფენ, რომ დაავადებების საშიშროება არსებობს, თუმცა, მხოლოდ კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის მიხედვით. „დომინოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კალიფორნიის ფედერალური შტატის კანონმდებლობა მთელ ამერიკაში ითვლება ყველაზე მკაცრ კანონმდებლობად, რომელიც გულისხმობს მსგავსი გამაფრთხილებელი იარლიყების განთავსებას ყველა ანალოგიურ პროდუქციაზე, რომელიც

თუნდაც მცირედით ან შესაძლოა საერთოდაც არ შეიცავდეს არასასურველ ელემენტებს.


„ვამახვილებთ ყურადღებას, მხოლოდ კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის თანახმად, პროდუქციაზე უნდა იყოს დატანილი აღნიშნული იარლიყი, ხოლო სხვა შტატებში მსგავსი შეზღუდვები არ მოქმედებს და აღნიშნული საქონელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ყოველგვარი გამაფრთხილებელი აღნიშვნის გარეშე, რაც გულისხმობს რომ პროდუქცია უსაფრთხოა“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში და ნათქვამია, რომ მსგავსი ეტიკეტის დატანა კალიფორნიის შტატში ხდება სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის, ელექტრო სადენებზე, ბიჟუტერიაზე, საკეტებზე, ჭურჭელსა და სხვა ნივთებზე.

მათივე ინფორმაციით, კონკრეტული პროდუქცია სწორედ კალიფორნიის შტატისთვის იყო წარმოებული. კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა კალიფორნიისთვის წარმოებული საქონელი საქართველოში, „დომინოში“ აცხადებენ, რომ პროდუქციის ნაწილი აღარ წაიღო ამერიკულმა კომპანიამ და წამოიღო „დომინომ“.


„მომხმარებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი მადონა კოიძე კიდევ ერთ მსგავს შემთხვევაზე საუბრობს, რომელიც 5-6 წლის წინ საქართველოში დაფიქსირდა. მისი თქმით, მაშინ საქართველოს სწრაფი შეტყობინების სისტემის მეშვეობით მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბაზარზე შემოსული იყო ბავშვისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში იყო, თუმცა, ამ შემთხვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რადგანაც ქვეყანაში შესაბამისი უწყება არ არსებობს. შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში ბავშვის ჭურჭელი სრულად გაიყიდა და მომხმარებელს ამის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდა.

„ჭურჭლის გამოყენების შემთხვევაში ხდებოდა საღებავის განეიტრალება და მისი მოხვედრა ორგანიზმში. ეს არის მძიმე მეტალები, სწორედ ეს მძიმე მეტალები არის ის, რაც აზიანებს ჯანმრთელობას, ის არ განიდევნება ორგანიზმიდან, რჩება ნერვულ სისტემაში და აზიანებს მას. შეიძლება იყოს სიმსივნის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი“, - აცხადებს მადონა კოიძე.

„მომხმარებელთა ფედერაციის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონტროლი დღეს მხოლოდ სურსათის უვნებლობის მიმართულებით ხდება, დანარჩენი სფეროები კი აბსოლუტურად მიტოვებულია.

„თუკი არსებობს გამაფრთხილებელი წარწერა და ბიზნესოპერატორს მომხმარებელი შეცდომაში არ შეჰყავს, ამ შემთხვევაში მომხმარებელმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. თუმცა, სავალდებულოა, რომ ეს წარწერა მომხმარებლისთვის მარტივად გასარკვევი იყოს და აუცილებლად უნდა იყოს ქართულ ენაზე, ვინაიდან მე არ ვარ ვალდებული ვიცოდე ნებისმიერი სხვა ენა. ჩვენთან კონსტიტუციური ენა არის ქართული და უფლება მაქვს ინფორმაცია მივიღო ქართულად. თუკი ინგლისურ ენაზე არის დატანილი, ეს მომხმარებლისთვის არანაირი ინფორმაციის მიმწოდებელი არ არის და არის კანონდარღვევა“, - აცხადებს მადონა კოიძე.

მისივე ინფორმაციით, ბაზარზე მაკონტროლებელი არ არსებობს, აქედან გამომდინარე ბიზნესოპერატორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, გააკეთებს თუ არა მსგავს წარწერას.

„თუმცა, ახალ კანონში მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონში ჩადებულია, რომ ნებისმიერ პროდუქტზე უნდა იყოს ქართული ეტიკეტი. ახალი კანონპროექტის მიხედვით, უნდა არსებობდეს მომხმარებელთა ომბუდსმენი, რომელიც დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს“, - აცხადებს მადონა კოიძე და აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს.

საყოფაცხოვრებო პროდუქციის მაკონტროლებელი ორგანო საქართველოში არ არსებობს. შედეგად, ბაზარზე შემოსული პროდუქტის უვნებლობას (სურსათის გარდა) არცერთი უწყება არ უწევს მონიტორინგს.

ამ მიზეზის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რა სახის პროდუქცია შემოდის ქვეყანაში, არის თუ არა საქონელი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე.

0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0