პროგრამირება ”ფეისბუქი” მომხმარებელს გარდაცვალების შემთხვევაში ანდერძის სერვისს სთავაზობს 2015, 1 ნოემბერი, 13:48 ”ფეისბუქი”, რომელმაც მსოფლიო ვირტუალურ სამყაროში გადაისროლა და ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადა, საკუთარ მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც იმავე მომხმარებელს გარდაცვალების შემთხვევაში საშუალება აძლევს სხვა ადამიანს საკუთარი ექაუნთი უანდერძოს.
კომპანიის მიერ შემოთავაზებული ახალი სერვისის პირველი მომხმარებლები, ასე ვთქვათ, ”ფეისბუქის” ფუძემდებლები ამერიკელები იქნებიან. აშშ-ში, სადაც ”ფეისბუქს” 186 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, სიახლით სარგებლობა დღეიდან შეეძლებათ. იქამდე კი პროფილის უსაფრთხოების (security settings) სპეციალური ოპციის გამართვაა საჭირო. ”ფეისბუქის” ახალი პროდუქტის მენეჯერის ვანესა კელისონ-ბერჩის განმარტებით, მომხმარებლისთვის დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება სამი ოპცია: სიკვდილის შემდეგ ექაუნთის ავტომატურად წაშლა, პროფილის ეგრეთწოდებულ ”მოსაგონარ გვერდად” გარდაქმნა და კონკრეტული ადამიანისთვის ექაუნთის ანდერძით გადაცემა, რომელსაც მისი მართვისა თუ განკარგვის უფლება ექნება. ასე მაგალითად, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ”ფეისბუქი” ადამიანის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებას საგანგებოდ შევსებული ონლაინ ანკეტის მეშვეობით მიიღებს, სოციალური ქსელი მის მონაცემებში შესწორებებს შეიტანს: გარდაცვლილის სახელის თავზე გაჩნდება სიტყვა ”მოგონება” (Remembering). ”ექაუნთის” მემკვიდრე აუცილებლად უნდა იყოს ”ფეისბუქის” მომხმარებელი. სწორედ მას მიეცემა ანგარიშის მართვის შესაძლებლობა (ახალი იუზერნეიმისა და პაროლის დახმარებით). თუმცაღა საამისოდ მას გარკვეული შეზღუდვებიც ექნება - ძველი პოსტებისა და ფოტოების რედაქტირებისა თუ მიმოწერის წაკითხვის უფლება, მეგობრად დამატების მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გარდაცვლილის ქრონიკაში შეტყობინებების გამოქვეყნება კი შეეძლება. ადამიანს, რომელსაც მემკვიდრეობით ერგება ექაუნთი, შეეძლება გარდაცვლილის გვერდის თავზე პოსტი განათავსოს, შეცვალოს პროფილის ფოტო (profile picture) ან გარეკანის (cover photo) გამოსახულება. საგულისხმოა ისიც, რომ ანდერძის თანახმად, ნდობით აღჭურვილ პირს ერთგვარ სახელმძღვანელოდ ექნება გარკვეული მითითებები. ვთქვათ, ექნება თუ არა მას მონაცემთა არქივში წვდომის უფლება. რა თქმა უნდა, ახალი პარამეტრების ამოქმედებამდე ”ფეისბუქმა” უნდა მიიღოს მისი მომხმარებლის გარდაცვალების დოკუმენტური მტკიცებულება, რომლის შემდეგაც კედელზე (timeline) გარდაცვალების ცნობა განთავსდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარდაცვლილის უახლოეს ნათესავებს მისი ექაუნთის წაშლის მოთხოვნაც შეეძლებათ. და კიდევ, პროექტის თაოსნები პირობას დებენ, რომ მსგავსი სერვისი დროთა განმავლობაში სხვა ქვეყნებშიც ხელმისაწვდომი გახდება. სხვათა შორის, 2013 წელს მოწინავე ინტერნეტ-კომპანიებს შორის Google პირველი იყო, რომელმაც მომხმარებლებს უფლება მისცა Gmail-ის ფოსტაზე ”ციფრული მემკვიდრეები” დაესახელებინა, ხოლო შარშან კომპანია Yahoo-ს იაპონურმა დანაყოფმა აამოქმედა ელექტრონული ანდერძის მომსახურების სერვისი. 158 4-ს მოსწონს
|