ელ. წიგნები § 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის 2015, 23 ოქტომბერი, 22:03 მზე მესამე თაობის ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომელიც სხვა ვარსკვლავის აფეთქების შედეგად მიღებული ვარსკვლავის მტვრისა და გაზის ნისლეულისგან წარმოიქმნა. მზე და მისი სისტემა 4, 6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი ისტორია ბევრად უფრო ადრე, 6 მილიარდი წლის წინ დაიწყო, მეორე თაობის გიგანტური ვარსკვლავის აფეთქების შედეგად. თუ როგორ წარმოიქმნა სამყარო, უცნობია. ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო 13, 7 მილიარდი წლის წინ, დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა: აფეთქდა ატომზე უფრო პატარა ნაწილაკი, რომლის სიმკვრივე და ტემპერატურა უსასრულოდ დიდი იყო. პირველად წარმოიშვა გრავიტაციული ძალა. წამის მემილიონედში, მოლეკულის ხელა სამყარო - ტენისის ბურთის ხელა გახდა. წამის მეორე მემილიონედში - მზის სისტემის ხელა. ამ დროს, სმყაროს ტემპერატურა ტრილიონი გრადუსი იყო. თანდათანობით ტემპერატურა ეცემოდა, ხოლო სამყარო - ფართოვდებოდა. როგორც ატომური ბომბის აფეთქების დროს, ნივთიერება ენერგიად გარდაიქმნება, ასევე დიდი აფეთქების დროს, ენერგია ნივთიერებად გარდაიქმნა: პირველად გაჩნდნენ სუბატომები, რომლებიც უწესრიგოდ და სწრაფად მოძრაობდნენ. სამყაროს შექმნის I წამში, სუბატომებისგან ატომები ჩამოყალიბდა. პირველად წყალბადის ატომები შეიქმნა, ხოლო 3 წუთის შემდეგ - ჰელიუმის. იმ დროს, სამყარო რძისფერი იყო. 300 ათასი წლის შემდეგ, რძისფერი სამყარო გამჭვირვალე გახდა და ამ დროიდან დაიწყო ვარსკვლავების ფორმირება. პირველი ვარსკვლავები, დიდი აფეთქებიდან, 200 მილიონი წლის შემდეგ გაჩნდნენ. 9 მილიარდი წლის შემდეგ ანუ 4, 6 მილიარდი წლის წინ, შეიქმნა მზის სისტემა.
ისევე როგორც ადამიანები, ვარსკვლავები იბადებიან, გადიან ცხოვრების ციკლს და კვდებიან. ვარსკვლავის ცხოვრების ხანგრძლივობა, მის ზომაზე არის დამოკიდებული. რაც უფრო დიდია ვარსკვლავი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიცოცხლე, რადგამ დიდი ვარსკვლავები, უფრო სწრაფად ხარჯავენ ვარსკვლავურ საწვავს და კარგავენ სიცოცხლის ენერგიას. ისინი რამოდენიმე ათას წელს ცხოვრობენ, ხოლო პატარა ვარსკვლავები - რამოდენიმე მილიონს. სიცოცხლის I სტადიაზე, ვარსკვლავი წარმოადგენს მტვრისა და გაზის ღრუბელს. გრავიტაციის ძალის გავლენით, ღრუბელი იკუმშება და მკვრივდება - მიიღება პროტოვარსკვლავი. ეს ვარსკვლავად ჩამოყალიბების ბოლო სტადია არის. ამის შემდეგ, შეკუმშვა წყდება და იწყება თერმო-ბირთვული პროცესი, რომელიც ვარსკვლავის ცხოვრებაში, ყველაზე სტაბილური პერიოდი არის. ვარსკვლავები სამყაროში ქმნიან გიგანტურ ატომურ კერებს, რომლებშიც წყალბადის ატომების შეჯახებით, წარმოიქმნება ჰელიუმი და თავისუფალი ნეიტრონები. ამ პროცესის დროს, გამოიყოფა უზარმაზარი ენერგია, რომელიც ვარსკვლავის ზედაპირზე სინათლის სახით გამოდის. როდესაც ვარსკვლავს წყალბადის მარაგი ამოეწურება, თერმო-ბირთვული პროცესის შედეგად მიღებული ჰელიუმი, სხვა ქიმიურ ელემენტებად - ნახშირბადად, ჟანგბადად, ნეონად გადაიქცევა. ამ პროცესების საბოლოო შედეგი კალციუმი, მაგნიუმი, არგონი, ალუმინი, ქრომი, სპილენძი, ოქრო, პლატინა და რკინა არის. თერმო-ბირთვული პროცესის შეწყვეტის შემდეგ, ვარსკვლავის შემდგომი ბედი, მის ზომაზე არის დამოკიდებული: I. პატარა ვარსკვლავების შემთხვევაში, სიცოცხლის უკანასკნელ სტადიაზე, ჯერ კიდევ შემორჩენილი შინაგანი ენერგიის გავლენით, ვარსკვლავი თანდათანობით იზრდება, იბერება და წითლდება. ამის შემდეგ, ის პლანეტარულ ნისლად იქცევა, მკვეთრად გამოხატული, თეთრი მანათობელი ბირთვით. ასეთ ვარსკვლავს, თეთრ ჯუჯებს ეძახიან. როდესაც ის ბოლომდე ამოწურავს ენერგიას და ნათებას შეწყვეტს, შავ ჯუჯად გადაიქცევა. II. დიდი ვარსკვლავების შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად არის. თერმო-ბირთვული პროცესის შენელების შემდეგ, ასეთი ვარსკვლავები, წითელ სუპერ-გიგანტებად იქცევიან. გიგანტობისა და სუპერ-გიგანტობის სტადიებში, ვარსკვლავები 10-ჯერ და 100-ჯერ უფრო დიდები არიან, ვიდრე მათი სიცოცხლის, თერმო-ბირთვულ სტადიაში. წითელი სუპერ-გიგანტების შიგნით ჯერ კიდევ მიმდინარეობს გარკვეული რაოდენობის ენერგიის გამომუშავება, რომელიც ზედაპირისკე არის მიმართული. ვარსკვლავიდან იწყება გაზის გამოჟონვა და მის ზედაპირზე დაგროვება. დროთა განმავლობაში, ვარსკვლავის ზედაპირზე იმდენი გაზი გროვდება, რომ მისი მოცულობა რამდენჯერმე აღემატება ვარსკვლავის მოცულობას. ერთის მხრივ გრავიტაციული ძალის და მეორეს მხრივ შინაგანი ენერგიის გავლენით, ვარსკვლავი ფეთქდება. წარმოიქმნება რადიაციული გამოსხივების უდიდესი ტალღა, რომელსაც თან ახლავს მტვრისა და გაზის გამოფრქვევა. ვარსკვლავის აფეთქებისას, ნათება იმდენად დიდია, რომ ის მილიონჯერ აღემატება, მზის მიერ, თავისი არსებობის მანძილზე, გამოსხივებული სინათლის ჯამს. რადიაციული ტალღა, რომელსაც თან მოაქვს ვარსკვლავის სიღრმიდან გამოფრქვეული მტვრისა და გაზის ნაწილები, გზაში შეიძლება შეეჯახოს წონასწორობაში მყოფ ნისლეულს, გადასცეს მას ვარსკვლავის სიღრმეში ჩამოყალიბებული და აფეთქების დროს მტვრად ქცეული ქიმიური ელემენტები. გარდა ამისა, შეჯახების მომენტში, ტალღა გრავიტაციული ძალის ჩართვის პროვოცირებას ახდენს და ამის შემდეგ იწყება ნისლეულის შეკუმშვის პროცესი ანუ ახალი ვარსკვლავის ჩასახვა ხდება. ვარსკვლავის აფეთქების შედეგად მიღებულ ნათებას, ზევარსკვლავი ეწოდება, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება. ვარსკვლავის ადგილზე რჩება ნეიტრონული ვარსკვლავი (დამუხტული ნაწილაკებისგან შემდგარი ვარსკვლავი, რომელიც სწრაფად ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და პულსირებით ანათებს) ან გრავიტაციული ველი ე. წ. შავი ხვრელი. 6 მილიარდი წლის წინ, ზევარსკვლავმა სიცოცხლე მისცა მზეს. მტვრისა და გაზის ნისლეულის შეკუმშვის შემდეგ, მან მიიღო სფეროს ფორმა. მზე თავისი გრავიტაციული ძალით, იზიდავდა ახლო-მახლოს გაბნეულ მტვერს, გაზს და ციურ სხეულებს. თავდაპირველად ყველაფერი ქაოსურად მოძრაობდა, მოგვიანებით დაიწყო საშენი მასალის დახარისხება: მძიმე ელემენტები მზესთან ახლოს გროვდებოდა, ხოლო მსუბუქი - შედარებით შორს. მიზიდულობის ძალით, ნაწილაკები ერთმანეთს ეკვრებოდნენ. მძიმე ელემენტებისგან შეიქმნა დედამიწის ჯგუფის პლანეტები, ხოლო მსუბუქისგან - პლანეტა-გიგანტები. მზის სისტემაში შემავალი ციური სხეულების საერთო მასის 99, 8% მზეზე მოდის. დარჩენილი მასის 90% - იუპიტერზე და სატურნზე და მხოლოდ 10% - დანარჩენ პლანეტებზე და მცირე ზომის ციურ სხეულებზე. მზის ნისლეულში, გრავიტაციული პროცესების დაწყებიდან 1 მილიარდი წლის შემდეგ, შეიქმნა მზის სისტემა, მოხდა პლანეტებისა და სხვა ციური სხეულების ორბიტებისა და სიჩქარეების სტაბილიზირება. მზის ზომის ვარსკვლავები 10 მილიარდი წელი ცხოვრობენ და სიცოცხლის ბოლოს თეთრ ჯუჯებად გარდაიქმნებიან. ზომისა და სიცოცხლის ციკლის გარდა, ვარსკვლავები ერთმანეთისგან ფერითაც განსხვავდებიან. ყველაზე ცხელი ვარსკვლავი ცისფერია, ყველაზე ცივი - წითელი. ვარსკვლავები, ზედაპირზე არსებული ტემპერატურის მიხედვით, 7 კლასად იყოფა: ამ კლასიფიკაციის მიხედვით, მზე G კლასის ყვითელი ვარსკვლავია, რომლის ზედაპირზე ტემპერატურა 6 000 გრადუსია, ხოლო მის ცენტრში 13 000 000 გრადუსი არის. მზის დიამეტრი 1 400 000 კმ-ია. მზე შედგება 71% წყალბადის, 27% ჰელიუმის და 2% შედარებით მძიმე ელემენტებისგან (ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი...). ყოველწამიერად ის წვავს 564 მლნ. ტ. წყალბადს, რომლიდანაც 560 მლნ. ტ. ჰელიუმი მიიღება, ხოლო ამ მასებს შორის სხვაობა, 4 მილიონი ტონა ნივთიერება, ენერგიად გარდაიქმნება, რომლის მხოლოდ 1/ორმილიარდედი ნაწილი აღწევს დედამიწამდე. მზიდან წამოსული სხივი 300 000 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს და ჩვენამდე 8 წუთში, ხოლო მზის სისტემის ბოლომდე, 5 სთ-ში აღწევს. მზეს ერთგვაროვანი აგებულება არა აქვს. ის გარსებისგან შედგება. ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია ბირთვი, რომელსაც გარს მზის ატმოსფერო აკრავს. თავის მხრივ, მზის ატმოსფერო სამი ფენისგან შედგება. ესენია: ფოტოსფერო, ქრომოსფერო და მზის გვირგვინი. მზის ბირთვში თერმო-ბირთვული რეაქციები მიმდინარეობს. ტემპერატურა იქ 13-15 მლნ. გრადუსია. ბირთვში გამომუშავებული ენერგია, მზის ატმოსფეროში გადადის. ფოტოსფერო მზის ხილული ნაწილია ანუ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს ფენა, მზის გარსებს შორის, ყველაზე თხელი და მკვრივია. მისი სიგანე, სულ რაღაც, 250 კმ-ია. სწორედ ფოტოსფეროდან ასხივებს მზე ენარგიას, სინათლისა და სითბოს სახით. ქრომოსფერო მზის მეორე გარსია და მისი დანახვა მხოლოდ მზის სრული დაბნელების დროს არის შესაძლებელი. ასეთ დროს, მზის დისკის ირგვლივ ვარდისფერი რგოლები ჩნდება, რომლიდანაც 10-15 ათას კმ-ზე სპიკულები (ცეცხლის ენები) გამოდის. მზის გვირგვინი გავარვარებული გაზია, რომელიც მზეს, მისი 5 დიამეტრის სიდიდეზე აკრავს. დრო და დრო მზის ზედაპირზე ლაქები ჩნდება. ეს მოვლენა, მის ზედაპირზე, გარკვეულ არეალებში, ტემპერატურის ცვლილებას უკავშირდება. თუ არეალში ტემპერატურა, მზის ზედაპირის საშუალო ტემპერატურაზე 1 500 გრადუსით დაბალია, ლაქა მუქი ფერის არის, ხოლო თუ ამდენივე გრადუსით მაღალია - ღია.
526 8-ს მოსწონს 1-ს არა
|