ისტორიული პარალელი ძველსა და ეხლანდელ საქართველოსა და ქართველებზე- ილია მართალი 2015, 18 ოქტომბერი, 22:11 საქართველო იყო, არის და იქნება ერი, რომელიც არ ეგუება დამცირებას, მონობას და მუდამ იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისათვის. ის, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი ქართველი წინაპრების, დამპყრობელთა წინააღმდეგ ომში დანთხეული სისხლის საფასური, სინამდვილეში მხოლოდ დავიწყებული ისტორიითა და დაკარგული მემკვიდრეობით საერთაშორისო ბაზარზე გასაყიდად გატანილია. უამრავი, ქართველი სახელოვანი მეფე, სანატრელი ეპოქა თუ ოქროს ხანა, არაერთი მოუგებელი ბრძოლიდან გამარჯვებით გამოსული ქართველი მეომარი, უთვალავი გმირი და მაგალითი და ამ, დღეისათვის პატარა, ქვეყნის საზღვრები-გადაჭიმული "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე"- ესაა ქართული მიწა-წყალი, თუმცა დღეს ეს ყველაფერი მხოლოდ ისტორიის ფურცლებზეა და ჩნდება კითხვა: "რანი ვართ? რანი ვიყავით? რანი ვიქნებით?", თუმცა პასუხი ერთია- "ვიყავით"... არაერთი პოეტი თუ მწერალი წერდა საქართველოსა და ქართველი ხალხის საგმირო ამბებს. ჩვენი ილია მართალი, რომელიც მუდამ "ჭირის უფლად" ევლინებოდა საქართველოს და ქვეყნის ტკივილი, მისი ხორციელი ტკივილის ტოლფასი იყო. ...”მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი, რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი? იგი აღარ გყავთ... მის მოედანი ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა, გმირის დამბადი დიდი საგანი თქვენში სპობილა და წაწყმედილა. გადასდგომიხართ თქვენ ქართველობას, დაგინგრევიათ დიდი მამული, — რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას? რითი აღტკინდეს ქველისთვის გული?" ... საქართველოს დიდმა გენიამ ენით აღუწერელი სიმდიდრე დაგვიტოვა საკუთარი ნაშრომებით, რომელთა გადახედვა ნამდვილად გვაიძულებს გავავლოთ პარალელი იმ წარსულსა და ეხლანდელს შორის. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: "მამული, ენა და სარწმუნოება”. ეს სიტყვები, რომლებიც 1860 წელს წარმოთქვა სრულიად ახალგაზრდა ილიამ თავის პირველ კრიტიკულ სტატიაში, დღემდე ერის საიდენტიფიკაციო საპროგრამო სიტყვებად არის მიჩნეული. ილიას გულისტკივილის ამოძახილს საუკუნო დევიზის მნიშვნელობა მიენიჭა. საქართველოს ღირსეული შვილი, ჭავჭავაძეების გვარის შთამომავალი იყო, რომელთა გვარი ისტორიული წყაროების თანახმად მე-15 საუკუნიდან მოიხსენიება და მთიულ წინაპრებს ატარებს. ასევე წყაროების ცნობით ნათელია, რომ ჭავჭავაძეები მე-16 საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს 1529 წელს კახეთის ბარში - ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში ჩამოსახლდნენ. მოგვიანებით კი, სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I-ს თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. წინაპრების პატრიოტული თავდადებითა და მამა-პაპათა მიწის ერთგულებით მოამაყე ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, ყვარელში 1837 წლის 27 ოქტომბერს. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს: “სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა". ილიას დედა, სრულიად ახალგაზრდა გარდაცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იკისრა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძემ და მართლაც, რომ ნამდვილი დედობა გაუწია ხუთ ობოლს. მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. 1848-1856 წლები ილიამ პანსიონსა და გიმნაზიაში, თბილისში დაჰყო. 1852 წლის 10 დეკემბერს, მისი გიმნაზიაში მოღვაწეობის პერიოდში გარდაცვლილა მამა- გრიგოლ ჭავჭავაძე. ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“, სწორედ 15 წლის გიმნაზიელის დაწერილია ამ ტრავმის აღმნიშვნელად. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო, ამიტომ სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში მიდიოდნენ. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს“, რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით. თუმცა სხვა გადმოცემების თანახმად, ილიას პირველი ლექსი გამდელის- სალომე ლოლაძის მოგონებით, სწორედ ყვარლის სახლ-კარისთვის მიუძღვნია: “გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში მე და შენ რომ ერთად ვრბოდით? ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით! შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი, გადმომიგდე საყვარელსა და მითხარი: “ჩემო გიჟო! ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!... " 1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები იურიდიულ ფაკულტეტზე. ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “ მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“ ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“. ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები. 1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. ამავე წელს მან დააარსა ჟურნალი “საქართველოს მოამბე“. კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1 თებერვლისს ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. 1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე. განათლების საქმეში, ქართული ენის უფლებათა დაცვისა და სკოლებში სწავლების საკითხების განმტკიცებაში ფასდაუდებელი ამაგიც სწორედ ილიას ეკუთვნის. იმდროინდელ საქართველოში რუსი ჩინოვნიკები ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეკლათ ქართული სიტყვა, ქართული სული, ქართულად ლაპარაკსაც კი სირცხვილად თვლიდნენ და ამ ფონზე ილიამ აგრეთვე დააარსა ქართული თეატრი, სადაც იდგმებოდა პიესები ქართულად ქვეყნისათვის საჭირბოროტო თემებზე. ასევე გაიხსნა ქართული გიმნაზია და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა. მას ეკუთვნოდა ასევე გაზეთი "ივერია"; მან წამოაყენა საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნა; გახდა საქართველოს საბჭოს წევრი და განიხილავდა ყველა საჭირბოროტო საკითხს, რაც საქართველოს და ქართველ ერს ეხებოდა. 1907 წლის 30 აგვისტო – წიწამურის ტრაგედიის დღე-უდიდესი სამგლოვიარო თარიღია ქართველი ერისა. ამ დღეს თვითმპყრობელობის აგენტებმა მოჰკლეს ქართველი ხალხის ერთგული შვილი ილია ჭავჭავაძე. ილია ფეხზე წამოდგა და დაუძახა აგენტებს: „რას სჩადით? ილია ვარ!-ო“. „ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგკლათ-ო“. ილიას წმინდა სისხლი დაიღვარა წიწამურში, არაგვთან. ათი დღე 30 აგვისტოდან -9 სექტემბრამდე გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში. 9 სექტემბერს ქართველმა ხალხმა ილიას ნეშტი, რომელსაც დაედინა ცრემლი მთელი საქართველოსი, მიაბარა მშობლიურ მიწას. მოგვიანებით კი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა "ილია მართალი". სწორედ ილია იყო ვინც აკრიტიკებდა ქართველთ, რათა გამოფხიზლებულიყვნენ. სწორედ ილია უვლიდა, პატრონობდა, ჰფურჩქნიდა სამშობლოს თითოეულ მამულიშვილს, თითოეულ კუთხეს, თითოეულ ხეს, ფრინველს, მდინარეს. ყველაზე კარგად ილია აფასებდა და ხედავდა იმ მადლს, იმ წყალობას, რომელიც ღმერთს მოუმადლებია საქართველოზე. იმ მთა-ბარს, მინდორ-ველს, ჰავას, ჰაერს, რომელშიც მხოლოდ ქართველს უგუბდება სული, ადნება ხორცი. ილია კარგად ხედავდა იმას, რომ საჭირო იყო დროისთვის ფეხის აწყობა, დღევანდელ დღის ჩარხზე გამოჩარხვა, დღევანდელ ქარ-ცეცხლში გამოფოლადება, დღევანდელ სამჭედურში გამოჭედვა, ხელის გამოძრავება, გარჯა, შრომა და ამ ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა და გამოზოგვა საჭიროებისამებრ, რადგან დღეს აღარ არის დრო ხმლით ვაჟკაცობისა, ომისა, ეხლა საჭიროა ცოდნა, დღეს ვაჟკაცობა უნდა შრომასა, რათა ოფლი ჰღვარო, დღეს მძლეთა-მძლეა შრომა და ცოდნა, რადგან შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული მტერი- თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან თუ შრომასა და გარჯას, ცოდნა და ხერხი არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ილიას პირველი სადარდებელი ყოველთვის საკუთარი სამშობლო იყო. მისი ყოველი ლექსი, პოემა თუ მოთხრობა, საქართველოს სიყვარულითაა გაჟღენთილი, ის თითოეულ ქართველზე ფიქრობდა, წუხდა, რომ საქართველო ასეთ დღეში იყო. წუხდა და ამბობდა „სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება, “ მაგრამ საუკუნის გარიჟრაჟზე იმის მაგივრად რომ მოგვესმინა დიდი ქართველის სიტყვებისთვის და გამოგვეღვიძა, ამის ნაცვლად თვით ჩვენი უპირველესი გულშემატკივარი, შუბლი საქართველოსი, იდეა საქართველოს თავისუფლებისა, ჩვენი ხელით დავაძინეთ სამუდამოდ, თუმცა ის არასოდეს მოკვდება თუ თითოეული ქართველის გულში იცოცხლებს მისი ყოველი სურვილი, ამიტომ სჯობს გამოვფხიზლდეთ, რომ კვლავაც ფეხზე დადგეს ერთი მუჭა ქართველი ერი და გავაბრწყინოთ საქართველო. ილია წერდა:" აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა", ამიტომაც, მომავლის განჭვრეტის საუკეთესო გზად, წარსულის გახსენება და აწმყოს გაანალიზება დავისახოთ, ილია ხომ ქართველი ერის უბადლო ცოცხალი მაგალითია, დაე მივემსგავსოდ, რადგან თვით ილიას თქმით: „ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.“ 1625 11-ს მოსწონს
|