საქართველო გლდანის პატიმრის დღიური 3-4 ივნისი 2011 წელი, კარანტინის სასაკლაო 2015, 28 სექტემბერი, 14:08
03.06.2011
ჯანჯღარმა გამაღვიძა, თავზე გაცრეცილი ტიპი მადგას, ადე ძმაო ხალხს, საერთოდ არ სძინებია, სხვა დააწვინე, შენ ორი საათი მაინც გეძინაო. უკვე კარგად გათენებულა, ჩამოვედი საწოლიდან და ონკანთან პირის დასაბანად რიგში ჩავდექი. საჭმელი მოვიდა, პური ავიღე, ბიჭებმა მითხრეს თუ შეგიძლია, რამდენიმე კაცის ნაჭამი ჯამიდან ჭამო, მიირთვი აქ მხოლოდ 10 ჯამიაო, 10 ჯამი და 30 კაცი.იმ დღისით პურის მეტი არაფერი მიჭამია, არავის ვეკონტაქტები, მერაბის გარდა, რაც არ უნდა იყოს თელაველია. ერთმა ტიპმა მითხრა, "ბრატ, თუ რამე დაგიშავეს დაწერე ქყრდებისგან დაშვებულია"-ო გამეცინა, არასოდეს მაინტერესებდა შავი სამყარო და მათი კანონები, პატიოსანი ცხოვრებით ვცდილობდი მეცხოვრა. უბნის ინსპექტორთანაც კი არ მქონია შეხება. პატიმრები კარანტინის დაშლაზე, ანუ კამერებში გადანაწილებაზე შიშნარევად საუბრობენ. ჩვეულებრივ ტონში დაველაპარაკე თავიდან მერაბს და გამაფრთხილეს უნდა იჩურჩულო თორემ დაგვლეწავენო. 4 დღის დაუბანელი ვარ თითქოს ჭიანჭველები დამდიან ტანზე, წვერი გამეზარდა, ისედაც გაშვებული მქონდა კბილის ტკივილის გამო. დრო და დრო კამერის კარებზე გასაღების კაკუნი და ზედამხედველის გინება ისმის ჩვენი მისამართით, ამით გვახსენებს რომ ჩუმად უნდა ვიყოთ, ლაპარაკის უფლებაც არ გვაქვს. დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მალე საწოლი განთავისუფლდება და თვალს მოვატყუებ რამოდენიმე საათიტ ალბათ ხვალ კი კამერაში დავიძინებ და ეს მიხარია, ვიცი იქ უკეთესი პირობებია, თუმცა ისევ მიკვირს, კარანტინის დაშლის ხსენებაზე, რატომ ჩანს პატიმრების თვალებში ამოუცნობი შიში. ვნახოთ ხვალ გავიგებ ამას პირადად. 04.06.2011 კარანტინის სასაკლაო დღეს კარანტინის დაშლაა, საღამოს უკვე კამერაში ვიქნები. სანამ არ დღამდება არ დაგვშლიანო, თქვა ერთმა და სახეზე შიში გამოესახა, დღე ისე მიილა არავის დავლაპარაკებივარ, მხოლოდ ვისმენ. გამიგია სადაც მიხვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროვო და ვცდილობ აქაური ქუდის შესახებ გავიგო რამე. ასე შვიდი საათი იქნებოდა, კარები გაიღო და კამერაში მაღალი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, კულტურულად მოგვიკითხა და ძალიან გამიკვირდა. ჩვენთვის ხომ გინების და შეურაცხყოფის მეტი არაფერი ემეტებათ ზედამხედველებს. შევატყე პატარა კაცი არ უნდა იყოს, მალე დაგშლიან და დაისვენებთო გვითხრა და გავიდა. ერთმა პატიმარმა თქვა ლადიკო წესიერი კაციაო, მეორემ არ დაახვალია ამათში ყველაზე წესიერის დედაო და ისევ ჩურჩულზე გადავიდნენ. კარგად დაბნელდა და კარებების ჩხაკაჩხუკი ატყდა. მესმის ჩვენს წინა კამერიდან როგორ იძახებენ გვარების მიხედვით პატიმრებს. ასე ოც ოცი კაცი მიჰყავთ ალბათ. ჩვენი კამერის კარი გაიღო და დაიწყეს გვარების ამოკითხვა, პატიმრებმა მითხრეს გვარს, რომ ამოიკითხავენ და მიხვალ კონტროლიორთან, სახელი მამის სახელი უთხარიო. მივედი, ვუთხარი, რაღაც ქაღალდი მომცეს სადაც ჩემი მუხლი და დანაშაული სწერია, და დანარჩენებთან ერთად დიდ დერეფანში გაგვიყვანეს. "ხელები უკან და დროზე იარეთ თქვენი პატრონი მო....ნ " გვეძახდა კონტროლიორი, სისხლი მასხავდა გინება არავისთვის მიპატიებია ცხოვრებაში. პირით კედლისკენ დაგვაყენეს. მარცხენა მხრიდან გინების ბაგაბუგის და არაადამიანური ღრიალის ხმა მესმის, კარგი იყო რომ იპარავდი? ეძახის ზედამხედველი და გამეტებით ურტყავს პატიმარს რეზინის ხელკეტს. მერე რამოდენიმე კაცი წიხლებით დგებიან ზედ ამას მხოლოდ ვგრძნობ, მესმის. თვალი გავაპარე ისე რომ არ დამინახოს თანამშრომელმა დავინახე როგორ დაასხეს წყალი უგონოდ მყოფ გასისხლიანებულ პატიმარს, და ოთახში შეიტანეს.ყველა რიგრიგობით დგას რიგში, პატიმრები აუტანელ ცემას ელოდებიან, თანამშრომლები კი დაგეშილი პიტბულებივით არიან, სისხლი სწყურიათ. ჩემი ჯერიც მოვიდა. ცოცანიძე ერეკლე მერაბის ძე მუხლი შე ყ..ო 210 -ის მეორე ნაწილი შეაჯვი ფუქსში ამ სიტყვებს ზურგიდან წიხლი მოჰყვა. სუნთქვა შემეკრა, მეტი არ დაურტყიათ და გამიკვირდა შევედი ფუქსში, თვალებით დათოს ვეძებ, დავინახე, მივედი, არც დავითა უცემიათ. ცოდვის რიგი ასე ორი საათი მიდიოდა, ორი საათი ურტყავდნენ და არ იღლებოდნენ. ორი საათი ვერ გაძღნენ ადამიანის სიხლით და წამებით, რა დედებმა შობეს არ ვიცი. ორი საათის მერე მწკრივში დავაყენეს და 20 20 კაცი გაგვიყვანეს ადმინისტრაციის კორპუსიდან. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, ფილტვები გაბიდნული მაქვს, ასე 50-60 მეტრის გავლის შემდეგ კორპუსში შევედით, დერეფანში გაგვაჩერეს. ვიღაც ყვირის, გვარს რომ ამოვიკითხავ იმ კარებთან მიხვალთ რომელსაც ჩემს მიერ დასახელებული ციფრი ეწერება. ცოტა ხანში ჩემი გვარი და ციფრი 125 დაიძახეს. მივედი, კარებთან დავდექი. მალე ამოკითხვა დასრულდა. კამერის კარები გააღეს. შევედი. სრული სიბნელე, კონტროლიორმა სივრცეს დაუძახა, პირი გააპარსინეთ და დროზე დაწექითო. სიბნელეს მივეჩვიე, დავინახე ლანდები მივედი ყველას ხელი ჩამოვართვი და სახელი ვუთხარი. გათიშული მაქვს გონება, თორემ სახელი ერთხელ რომ ვთქვი ხომ ყველამ გაიგო. სიგარეტი გენდომებაო მითხრა ლანდმა. სიამოვნებისგან გამაკანკალა. მეორემ უთხრა, ჯერ ვაჭამოთ რამეო. არა სიგარეტი მომეცით ვუთხარი მე. მომიკიდეს პირველი ღერი ორ ნაფაზში მოვსპე და მეორე მოვითხოვე, კიდევ მომაწოდეს ახლა უკვე დინჯად მოვწიე. საწოლზე ვზივარ. რბილ საწოლზე ჯდომა თუ ასეთი ბედნიერება იქნებოდა როდისმე ვერ წარმომედგინა. კარანტინში ხომ არც ლეიბები იყო და რც პლედები, პირდაპირ რკინებზე ვწვებოდით. "აგერ ძმაო, შენი კარადა, პირსახოცი, ნასკი, ტრუსი, საპონი, ბრიტვა, და ტანის ღრუბელი, ესეც შენი პაიკა სიგარეტი. ახლა თუ გინდა ფეხები დაიბანე და საჭმელი ჭამე" - მითხრა ერთმა, მამუკა რომ ჰქვია. არ მშია, ვუთხარი მე და ფეხების დაბანას შევუდექი. ერთადერთი კითხვა დამისვეს იმ საღამოს, რაზე დაგიჭირესო, საბუთებზე ვარ ვუთხარი. კიდევ ერთი ღერი მოვწიე და მითითებულ საწოლზე ავძვერი, სხვა დანარჩენი უკვე დაკავებულია. ეგ ლოგინი ცოტა ძველია მაგრამ ასეა თავიდან ვინც მოდის მანდ უწევს რაღაც დროით წოლა. მითხრა ლანდმა რომელიც სხვებთან შედარებით ასაკიანი ჩანდა ხმაზეც და სილუეტზეც. ხვალ აბანოა, დილით ადრე უნდა გაიპარსო ჩვენ გაგაღვიძებთ. მერე ოფიცერი შეგამოწმებს, თუ გაპარსული არ იქნები პრობლემები გექნებაო მითხრეს. ბიჭებს ყველაფრისთვის მადლობა ვუთხარი, და კედლისკენ გადავბრუნდი. მკვდარივით გავითიშე. 500 1-ს მოსწონს
|