"თქვენს მეუღლესთან ერთად 2-ჯერ მაქვს პლანი მოწეული" - "შოკური თერაპია" პარლამენტში
პარლამენტის წევრი, გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა თავისი იუმორნარევი, მაგრამ მწვავე საკითხების ირგვლივ დაწერილი სტატუსებით. ამჯერად იგი ფეისბუქის პირად გვერდზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხის განხილვას ეხმაურება და კომიტეტის სხდომაზე თავს გადახდენილ ამბავს ყვება:
"დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხი განიხილებოდა.
ბევრი აბსურდული არგუმენტი და დემაგოგია მოვისმინეთ.
ერთ-ერთი წამყვანი ავტორი ქ-ნი ნანა ყეინიშვილიც იყო.
მორიგი დემაგოგიის შესაწყვეტად, ერთგვარი შოკური თერაპია გამოვიყენე და ქალბატონ ყეინიშვილს, იმ დროს როდესაც მიხსნიდა - რა ცუდია, თუ ჩემი შვილი მარიხუანას მოწევს, ხუმრობით და გამოსაფხიზებლად მივახალე: თქვენს მეუღლესთან ერთად 2-ჯერ მაქვს პლანი მოწეულითქო.
(2-ჯერ იმიტომ რომ განმეორებითი მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულს იწვევს და სწორედ მაგ ნორმის შეცვლას ვცდილობთ აღნიშნული კანონპროექტით)
სიტყვებმა სწრაფი ეფექტი გამოიღო, დემაგოგია უსწრაფესად შეწყდა და ყველამ გავიცინეთ.
ახლა მეორე, თუ ვინმემ დაიჯერა, რომ მე ურუზმაგ ქარქუსოვთან ერთად პლანი მართლა მაქვს მოწეული და თან ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე ვსაუბრობ; თუ ვინმემ ამ სახალისო ამბავზე "სერიოზული მსჯელობა" გამართა და მორიგ შანსად განიხილავს ჩემზე რამე ცუდი თქვას, სადმე ახლოს სარკე იპოვოს და საკუთარ თავს კარგად დააკვირდეს, შემთხვევით დატროლილის გამომეტყველება ხომ არ აქვს?" - წერს გოგა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გოგა ხაჩიძის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მარიხუანის განმეორებით მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი აღარ იქნება, მხარი არ დაუჭირა.
გოგა ხაჩიძის ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საუბარი იყო სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლის დეკრიმინალიზაციაზე. კერძოდ, ხაჩიძის კანონპრექტით, ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, მცირე რაოდენობით, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც.