სტუდია „უნივერსალი“ ექშენ-ფრანშიზა „ფორსაჟის“ მომდევნო ფილმისთვის რეჟისორის ძიებაშია. უკანასკნელი მე-7 სერიის რეჟისორი ჯეიმს ვანი საშინელებათა ჟანრის ფილმ „წყევლის“ გაგრძელებითაა დაკავებული, წინა სერიების დამდგმელი ჯასტინ ლინი კი კოსმოსური ფანტასტიკა „სტარ ტრეკის“ მე-3 სერიის გადაღების პროცესშია.
შემქმნელებისთვის „ფორსაჟი“ ღირებული და მნიშვნელოვანი პროდუქცია გახდა. შეგახსენებთ, რომ თავზეხელაღებულ მრბოლელთა შესახებ შექმნილი სერიების უკანასკნელმა ფილმმა 1, 511, 726, 205 დოლარის მოგება ნახა. ამ მაჩვენებლით კი Furious 7 ყველა დროის შემოსავლიან ფილმთა სიაში მე-5 ადგილზე იმყოფება („ავატარის“, „ტიტანიკის“, „იურული პერიოდის სამყაროსა“ და „შურისმაძიებლების“ შემდეგ).
ახალი სერიის სცენარის ავტორი კვლავ ქრის მორგანი იქნება. თავად ფრანშიზის ერთ-ერთი მთავარი მსახიობი ვინ დიზელი კი პროდიუსერის ამპლუასაც მოირგებს. როგორც ინსაიდერები ვარაუდობენ, დიზელი შესაძლოა მე-8 სერიაში რეჟისორის სავარძელშიც ვიხილოთ, რადგან იგი როგორც ერთ-ერთი პროდიუსერი, არ ზრუნავს ახალი რეჟისორის პოვნაზე და მიმდინარე პროცესებზე დუმილს ამჯობინებს.
„ფორსაჟის“ მე-8 სერიის პრემიერა 2017 წლის აპრილშია დანიშნული.