დღეს ფსიქოლოგიაში ერთ-ერთ მთავარ ტრენდად ითვლება ცალ-ცალკე ძილი. ფსიქოლოგების უმეტესობა ამტკიცებს, რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად მეუღლეებს ცალ-ცალკე უნდა ეძინოთ.
როგორ ეძინათ აქამდე?
უნდა აღინიშნოს, რომ ერთად ძილი მეუღლეებმა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს. ჯერ კიდევ ვიქტორიანულ ეპოქაში ცოლ-ქმრის ერთ საწოლში ძილი მიუღებელი იყო როგორც დიდგვაროვანთა წრეში, ასევე გლეხებშიც. აზიაში კი სახლები ხშირად იყოფოდა (და დღესაც ხშირად იყოფა) კაცისა და ქალის ნაწილებად. ძველ რომში საერთო სარეცელი მხოლოდ სასიყვარულო კავშირის დროს გამოიყენებოდა, დაძინებით კი სხვადასხვა ადგილებზე იძინებდნენ.
ერთობლივი ძილის ტრადიცია ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის განვითარების შედეგად გაჩნდა - როცა ხალხი საცხოვრებლად ქალაქს მოაწყდა. ქალაქურ ბინებში, როგორც წესი, ნაკლები ადგილია და ხშირად ვერ ხერხდება ცოლ-ქმრისთვის სხვადასხვა ოთახისა ან სხვადასხვა საწოლის დადგმა. ტრადიციის ჩამოყალიბებაში სოციალურმა ფაქტრმაც ითამაშა თავისი როლი - ХХ საუკუნეში ჩამოყალიბებულმა ერთობლივი ძილის ტრადიციამ შედეგად მოიტანა სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ თუ მეუღლეებს ცალ-ცალკე სძინავთ, ესე იგი მათ შორის "რაღაც ისე ვერ არის". საინტერესოა, მართლა ასეა თუ არა?
რატომ დაისვა ეს საკითხი?
მეუღლეების ერთობლივი ძილის უარყოფით მხარეებზე პირველად 2009 წელს დაიწყეს საუბარი. სწორედ ამ წელს, ბრიტანეთში გამართულ სამეცნიერო ფესტივალზე, რომელიც პოპულარობით მეცნიერების "ოსკარსაც" შეიძლება შევადაროთ, ძილის მკვლევარის, ნილ სტენლის მიერ გაკეთებული იქნა მოხსენება, რომლის მთავარი თეზისი მდგომარეობდა იმაში, რომ ვინმესთან ერთად ძილი კარგია მხოლოდ სექსუალური კავშირის დროს, ყველა სხვა შემთხვევაში ერთად ძილი პათოლოგიაა.
თავად მეცნიერმა აღიარა, რომ უკვე მრავალი წელია მას და მის მეუღლეს სხვადასხვა საწოლში სძინავთ და ყველას უსურვებს იგივეს.
"ძილი - ეგოისტური ქმედებაა. არ არის საჭირო ეს ვიღაცასთან ერთად აკეთო" - დაასკვნა სტენლიმ. "განა უკეთესი არაა სასურველ ქალთან ღამით ფეხის წვერებზე მიიპარო ხოლმე, ვიდრე მთელი ღამე მის გვერდით ხვრინავდე და ფეხებს ურტყამდე?" - შეეკითხა სტენლი იქ მყოფ მეცნიერებს. და მეცნიერებიც ჩაფიქრდნენ...
არგუმენტები ცალ-ცალკე ძილის სასარგებლოდ
სოციოლოგიის პროფესორის, პოლ როზენბლატის აზრით, საძინებელი ხშირად იქცევა "დაძაბულობის კერად", სადაც ცოლ-ქმარს შორის გამუდმებით იკვეთება კამათი და ჩხუბი, ხოლო ერთობლივი ძილი არც ისე უწყინარი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მასზე ჩვეულებრივ ფიქრობენ.
ასე მაგალითად, მეუღლეები კამათობენ და ჩხუბობენ იმის გამო, შეიძლება თუ არა საწოლში შინაური ცხოველის ჩაწვენა, ან კიდევ იმის გამო, რომ რომელიმე მათგანი საწოლში ეწევა, ხვრინავს, ტელევიზორს უყურებს, კითხულობს, საბანს თავისკენ ექაჩება, მობილურს არ თიშავს და ა.შ. პროფესორის აზრით, ამ პრობლემების გადაჭრა ძალიან მარტივია - საჭიროა უბრალოდ სხვადასხვა ოთახებში დაძინება. "მაგრამ ადამიანებს თავში ჩაბეჭდილი ქვთ სტერეოტიპი, - ამბობს როზენბლატი, - რადგან ითვლება, რომ მეუღლეების ერთ საწოლში წოლა ბუნებრივია!".
მეუღლეთა ერთად ძილის მოწინააღმდეგეებს საკმაოდ მრავალრიცხოვანი არგუმენტები აქვთ. პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ხვრინვა. როცა პარტნიორის ხვრინვის გამო მეუღლე გამოძინებას ვერ ახერხებს, იგი მთელი დღე განერვიულებული და გაღიზიანებულია. ამას კი შედეგად ურთიერთობების დაძაბვა შეიძლება მოჰყვეს და, საბოლოოდ ჯამში განქორწინებითაც კი დასრულდეს. ამას გარდა, ხვრინვა ლიბიდოსაც აქვეითებს.
ცალ-ცალკე ძილი მეუღლეებსა საშუალებას აძლევს უკეთ გამოიძინონ, განაახლონ და გაამრავალფეროვნონ სექსუალური ურთიერთობაც. ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად ბევრი წყვილი აღიარებს, რომ მას შემდეგ, რაც ცალ-ცალკე ძილი დაიწყეს, სექსი მათთვის უფრო საინტერესო გახდა.
ცუდი ძილი მიზეზია არა მხოლოდ ცუდი განწყობისა და სასიცოცხლო აქტივობის დაქვეითების, არამედ ჰორმონალური დისბალანსის, ღამით მაცივართან ხშირი სტუმრობისა და წონაში მატების. ცალ-ცალკე ძილს ამ ტენდენციის შეცვლა შეუძლია.
დაბოლოს, ბევრ ადამიანს, უბრალოდ სჭირდება პირადი სივრცე, ხოლო როცა ღამით მათ გამუდმებით ავიწროებენ, ართმევენ საბანს, აჩოჩებენ საწოლის კიდეში - ეს ყველაფერი არც თუ ისე სახარბილეოდ აისახება ზოგად მდგომარეობაზე.
არგუმენტები ცალ-ცალკე ძილის წინააღმდეგ
და მაინც, თუ ცალ-ცალკე ძილი ასეთი კარგია, მაშინ რატომ ძინავს ცოლ-ქმრების უმრავლესობას დღემდე ერთად?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ცალ-ცალკე ძილის მომხრე მხოლოდ ფსიქოლოგთა ერთი ნაწილია. თუმცა ერთობლივი ძილის სასარგებლო არგუმენტებიც ასევე საკმაოდ ბევრია.
ერთობლივი ძილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ერთმანეთის მიმართ სიყვარულის, სითბოსი და სინაზის. თუნდაც ქართული ანდაზია გავიხსენოთ: მოყვარული ცოლ–ქმარი თოხის ტარზეც დაეტევაო.
გარდა ამისა, სხვადასხვა ოთახში ძილი შეიძლება სახიფათოც იყოს, განსაკუთრებით ხანშიშესული ცოლ-ქმრისთვის. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ავად გახდეს და გვერდით არავინ ეყოლება წყლისა თუ წამლის მისაწოდებლად, ან სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად.
ბოლოს, არსებობს სასიშროება იმისა, რომ ცოლ-ქმარს შორის ძილის დროს ტერიტორიული დისტანცია ადრე თუ გვიან მიიყვანს იმ აზრამდე, რომ პარტნიორის გარეშე არა მხოლოდ ძილი შეიძლება, არამედ ცხოვრებაც.