ეს ქეთია, ჩემი გერი.. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდითო...არც კი გაწითლებულა"
ჟურნალი "თბილისელები" მკითხველის წერილებს აქვეყნებს, 65 წლის მამაკაცი საკუთარ ახლობლის შესახებ წერს, რომელმაც საკუთარ გერზე იქორწინა:
"მეგონა, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდებოდა, ან რომანებში, ან სადღაც სხვა ქვეყანაში, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთი უზნეობის ჩამდენი ქართველი კაცი იქნებოდა! უფრო სწორად, ეს უზნეობა კი არა, ზნედაცემულობა უფროა.
დღეს ისეთი ცხოვრება გვაქვს, ისე გადაგვარდა ხალხი, წესიერება და პატიოსნება თუ გაგიკვირდება, თორემ, უწესობა და ცუდი საქციელი ვიღას უკვირს. ამ ყოვლად უგემოვნო და ამორალური სერიალებით ხომ, ლამის არის, პირდაპირ უბიძგებენ ახალგაზრდებს ამორალობისკენ და, თან, აქტიურად ხდება ამ სიბინძურის წახალისება. სიბინძურეა, აბა რა არის, როცა ქალი ჯერ ერთი ძმის ცოლია, მერე კი მეორე ძმა უყვარდება, იმას მიჰყვება ცოლად, ორივესგან აჩვენს შვილებს და ბოლოს ყველა ერთად მეგობრულად ცხოვრობს და ასე შემდეგ.
მოკლედ, აქამდე ეს ყველაფერი, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ ფილმებისა და რომანების თემა მეგონა, ან სადმე სხვაგან, შორეულ ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან, მიუხედავად უამრავი ნაკლისა, ქართველი კაცისთვის (და არა მარტო კაცისთვის) ყოველთვის არსებობდა რაღაც გადაულახავი ზღვარი თუ ზღუდე მორალის, კაცობის თვალსაზრისით, მაგრამ, ერთადერთი, იმით შეიძლება დავიმშვიდოთ თავი, რომ ასეთი შემთხვევები საქართაველოში ძალიან იშვიათია (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით). ალბათ, ერთი სული გაქვთ, გაიგოთ, რა შემთხვევაა ასეთი, ჭკუიდან რომ გადამიყვანა ამ ხნის კაცი. მოგახსენებთ, ბატონო.
ერთი ახლობელი მყავდა, ქალაქში ცნობილი ბიჭი იყო თვითონაც, მისი ოჯახიც. არა და არ მოჰყავდა ცოლი. 28 წლის იყო, როგორც იქნა, ქალი რომ შეუყვარდა, მაგრამ, განათხოვარი იყო და 8 წლის გოგონა ჰყავდა. არ გაგიჟებულა ოჯახი, მაგრამ მიიღეს რძლად შვილიანი ქალი. ბიჭმა ცოლის სიყვარულით გერი ოფიციალურად იშვილა, თავისი გვარი მისცა და საუკუთარი შვილივით გაზარდა.
ისე მოხდა, რომ იმ ჩემს ახლობელს 15-20 წელი აღარ შევხვედრივარ. ამას წინათ რუსთაველზე მივდიოდი ჩემს პატარა შვილიშვილთან ერთად და უცებ ვიღაცამ დამიძახა – ვახტანგ, როგორ ხარო. მივიხედე და ის ჩემი ნაცნობი არ შემრჩა ხელში? მშვენივრად გამოიყურებოდა. გვერდით ხელკავით მოჰყვებოდა ძალიან ახალგაზრდა, ლამაზი ქალი. გადავეხვიეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ და ის ქალი გამაცნო – ჩემი მეუღლეაო. მე ცოტა დავიბენი, რადგან, როგორც მახსოვდა, მისი მეუღლე ისეთი ახალგაზრდა არ უნდა ყოფილიყო. გაოცება რომ შემატყო, სიცილით მითხრა (არც კი გაწითლებულა): ეს ქეთია, ჩემი გერი. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდითო.
მე პასუხი აღარ გამიცია – ზურგი შევაქციე და წამოვედი." წერს 65 წლის ვახტანგი.