x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137966
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511725
ვიკინგი

ვიკინგები — სკანდინავიელი, ნორმანი მეზღვაური მეომრების დასახელება, რომლებიც VIII — XI საუკუნეებში თავს ესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებს.
imageვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის
ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიის და გრენლანდიის პირველი მოსახლეები, ზოგი ცნობებით ისინი ასევე იყვნენ კანადის და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები.

ვიკინგები — დამპყრობლები და კოლონიზატორები
ეს ახ. წ. 793 წლის ივნისში მოხდა.
ნორთამბერლენდის სანაპიროსთან (ინგლისი) მდებარე პატარა კუნძულ
ლინდისფარნზე, რომელსაც აგრეთვე ჰოლი-აილენდი ეწოდება, ბერები მშვიდად
აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მოხერხებული
დაბალი გემები სწრაფად მოაპობდნენ ტალღებს და მათ კუნძულს უახლოვდებოდნენ.
გემები შეუმჩნევლად მოადგნენ ნაპირს; ხმლებითა და ცულებით შეიარაღებული
მრისხანე გამომეტყველების წვერიანი მამაკაცები გემიდან გადმოხტნენ და
მონასტრისკენ გაიქცნენ. ისინი თავს დაესხნენ შეშინებულ ბერებს და მათი
ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. თავდამსხმელებმა მონასტრიდან ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი
ქვები და სხვა განძი გაიტაცეს. შემდეგ კვლავ ჩრდილოეთის ზღვისკენ აიღეს
გეზი და გაუჩინარდნენ.image


ეს მძარცველები ვიკინგები იყვნენ.
ისინი თავიანთი შეუბრალებელი თავდასხმებით, რომელთა შემდეგაც მალე
ტოვებდნენ მოქმედების არეს, ევროპაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში
მოექცნენ. სწორედ ამ მოვლენებით აღინიშნება ვიკინგების ეპოქის დასაწყისი.
მალე ვიკინგებმა ისეთი თავზარი დასცეს ხალხს, რომ მთელ ინგლისში არაერთხელ
გაისმოდა ლოცვა: „ო, უფალო, გვიხსენი გამძვინვარებული ნორმანებისგან“*.

ვინ იყვნენ ვიკინგები? რატომ
გამოჩნდნენ ასე მოულოდნელად კაცობრიობის ისტორიაში? რატომ იყვნენ ისინი
მხოლოდ სამი საუკუნის განმავლობაში ცნობილნი და შემდეგ, როგორც ჩანს,
გაუჩინარდნენ?

ფერმერები და მძარცველები

ვიკინგების წინაპრები გერმანელი ტომები
იყვნენ, რომლებმაც ვიკინგების ეპოქამდე 2 000 წლით ადრე დაიწყეს
ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში —
სკანდინავიაში — გადასახლება. თავიანთი წინაპრების მსგავსად, ვიკინგები
ფერმერები იყვნენ, თვით ისინიც კი, რომლებიც თავდასხმებში მონაწილეობდნენ.
სკანდინავიის უფრო ცივ მხარეებში ისინი უმეტესად ნადირობით, თევზაობითა და
ვეშაპის რეწვით ირჩენდნენ თავს. ვიკინგი ვაჭრები უფრო დიდ დასახლებებში
ცხოვრობდნენ და იქიდან თავიანთი გამძლე გემებით ევროპის სავაჭრო გზებს
სერავდნენ. მაშ, როგორ მოხდა, რომ ერთი შეხედვით ასეთმა უწყინარმა ხალხმა
სულ რაღაც ერთ თაობაში „გაითქვა სახელი“ ცუდი საქმეებით?

ამის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება მოსახლეობის სიჭარბე ყოფილიყო, მაგრამ
ბევრი ისტორიკოსის აზრით, ამის თქმა მხოლოდ დასავლეთ ნორვეგიაზე
შეიძლებოდა, სადაც სახნავი მიწების უკმარისობა იყო. ერთ წიგნში ნათქვამია:
„ვიკინგების პირველი თაობებიდან უმეტესობა სიმდიდრის მოპოვებისკენ
ისწრაფვოდა და არა მიწის დასაკუთრებისკენ (The Oxford Illustrated History
of the Vikings)“. ეს განსაკუთრებით მეფეებსა და ბელადებს ეხებოდა,
რომლებსაც თავიანთი სიძლიერის შესანარჩუნებლად დიდძალი შემოსავალი
სჭირდებოდათ. სხვა ვიკინგები შეიძლება იმ მიზნით ტოვებდნენ სკანდინავიას,
რომ თავი აერიდებინათ საგვარეულო შუღლისა და ადგილობრივი ომებისთვის.

image
სხვა ფაქტორი შეიძლება ის ყოფილიყო,
რომ მდიდარი ვიკინგი მამაკაცისთვის ჩვეულებრივი იყო, ჰყოლოდა ერთზე მეტი
ცოლი, რის გამოც მათ ბევრი შვილი ჰყავდათ. მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ
უფროსი ვაჟი იღებდა ოჯახის მემკვიდრეობას, მისი უმცროსი ძმები კი თავად
ზრუნავდნენ საკუთარ თავზე. ერთი წიგნის თანახმად, ვაჟები, რომლებიც
მემკვიდრეობის გარეშე რჩებოდნენ, „თავგამოდებული და საშიში მეომრების დიდ
რაზმებს აყალიბებდნენ; ისინი ვალდებული იყვნენ, რადაც უნდა დასჯდომოდათ,
მიეღწიათ დასახული მიზნისთვის — იქნებოდა ეს დაპყრობები საკუთარ ქვეყანაში
თუ მეკობრეობა უცხო ქვეყანაში“ (The Birth of Europe).

ვიკინგებს ჰქონდათ შესაფერისი
გადასაადგილებელი საშუალება — ვიკინგების გალერა (სამხედრო ხომალდი), რათა
ფარულად მოეწყოთ თავიანთი თავდასხმები და გაუჩინარებულიყვნენ.
ისტორიკოსების შეფასებით, ეს გემი ადრეულ შუა საუკუნეებში ერთ-ერთი
შესანიშნავი ტექნოლოგიური მიღწევა იყო. ვიკინგები ამ მცირე წყალწყვის
მოხერხებული, ნიჩბებიანი და აფრებიანი, გემების წყალობით თავიანთ ეპოქაში
მათ მიერ დალაშქრული ტერიტორიის ყველა ზღვის, ტბისა და მდინარის
ბატონ-პატრონები გახდნენ.

ვიკინგების ექსპანსია

ზოგი ისტორიკოსის თქმით, ვიკინგების
ეპოქა მერვე საუკუნის შუა პერიოდში, ლინდისფარნზე მათ მიერ მოწყობილ
თავდასხმამდე, დაიწყო. როგორც უნდა ყოფილიყო, ლინდისფარნზე მოწყობილი
თავდასხმის შედეგად ვიკინგები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
ინგლისიდან მათ ირლანდიისკენ აიღეს გეზი და ამ შემთხვევაშიც მიზანში განძით
სავსე მონასტრები ჰქონდათ ამოღებული. ვიკინგები თავიანთი ნაძარცვითა და
მონებით სავსე გემებით გამოსაზამთრებლად შინ ბრუნდებოდნენ. მაგრამ ახ. წ.
840 წელს მათ მიატოვეს თავიანთი ტრადიცია და ნაძარცვ ტერიტორიებზე
იზამთრებდნენ. ფაქტობრივად, ირლანდიის ქალაქი, დუბლინი, ვიკინგების
სამფლობელოებით იყო გარშემორტყმული. ახ. წ. 850 წელს მათ ინგლისშიც დაიწყეს
გამოზამთრება; პირველად მდინარე ტემზას შესართავთან, კუნძულ ტანეტზე,
მონახეს სადგომი.

მალე დანიელი და ნორვეგიელი
ვიკინგები ბრიტანეთის კუნძულებს მიადგნენ უკვე არა როგორც მძარცველთა
ბანდები, არამედ როგორც ჯარი, რომელსაც სამხედრო ფლოტი უმაგრებდა ზურგს. ამ
ხომალდებიდან ზოგი, შესაძლოა, 30 მეტრი სიგრძის იყო და 100 მეომარს
იტევდა. მომდევნო წლებში ვიკინგები ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისს
დაეპატრონნენ; ეს ის ტერიტორიაა, რომელიც დენლოს სახელწოდებით გახდა
ცნობილი, რადგან იქ დანიური კულტურა და კანონები უპირატესობდა. ხოლო
ინგლისის სამხრეთ ნაწილში, უესექსში, საქსონი მეფე, ალფრედ დიდი, და მისი
მემკვიდრეები გასაქანს არ აძლევდნენ ვიკინგებს. მაგრამ 1016 წელს
აშინგტონთან დიდი ბრძოლისა და მოგვიანებით უესექსის მეფის, ედმუნდის,
სიკვდილის შემდეგ, ვიკინგების ბელადი კნუდი, რომელიც თავს ქრისტიანად
აცხადებდა, ინგლისის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ღრმად შეჭრა

ახ. წ. 779 წელს დანიელმა ვიკინგებმა
თავდასხმები დაიწყეს იმ პერიოდში ფრისლანდიად წოდებულ ტერიტორიაზე,
ევროპის სანაპირო რეგიონზე, რომელიც დაახლოებით დანიიდან ნიდერლანდებამდე
არის გადაჭიმული. იქიდან ისინი აუყვნენ მდინარე ლუარასა და სენას და
ევროპის ცენტრალურ ნაწილში ქალაქები და სოფლები გაძარცვეს. ახ. წ. 845 წელს
მათ პარიზიც კი გაძარცვეს. ფრანკების მეფემ, კარლოს მელოტმა, მათ
დაახლოებით 7 000 გირვანქა ვერცხლი გადაუხადა, ქალაქიდან რომ გასულიყვნენ.
მაგრამ ისინი მაინც დაბრუნდნენ და პარიზის მოშორებით მდებარე ტრუაზე,
ვერდენსა და ტულზეც კი მოაწყვეს თავდასხმები.

ვიკინგებმა ესპანეთისა და
პორტუგალიისკენაც აიღეს გეზი, სადაც მათი პირველი ცნობილი თავდასხმა ახ. წ.
844 წელს მოხდა. მათ რამდენიმე პატარა ქალაქი დაარბიეს და დროებით
სევილიაც კი დაიკავეს. „მაგრამ, როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, არაბმა
დამცველებმა ისეთი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ ვიკინგებმა მყისვე უკან
დაიხიეს და მათი შეიარაღებული რაზმი თითქმის განადგურდა“ (Cultural Atlas
of the Viking World). მიუხედავად ამისა, ისინი ახ. წ. 859 წელს — ამჯერად
62 ხომალდისგან შემდგარი ფლოტით — დაბრუნდნენ. ესპანეთის აოხრების შემდეგ
მათ ჩრდილოეთ აფრიკაში მოაწყვეს თავდასხმა და თუმცა მათი გემები უკვე სავსე
იყო ნაძარცვ-ნაგლეჯით, იტალიისკენ აიღეს გეზი და პიზა და ლინა (ყოფილი
ლუნა) გაძარცვეს.

ვიკინგები შვედეთის ტერიტორიიდან
აღმოსავლეთისკენ გაემართნენ, გადაკვეთეს ბალტიის ზღვა და აღმოსავლეთ
ევროპის ზოგ დიდ სანაოსნო მაგისტრალში შეიჭრნენ — მდინარეების: ვოლხოვის,
ლოვატის, დნეპრისა და ვოლგის ჩათვლით. აქედან მათ, საბოლოოდ, შავ ზღვასა და
ბიზანტიის იმპერიის მდიდარ მიწებს მიაღწიეს. ზოგმა ვიკინგმა ვაჭარმა
მდინარე ვოლგისა და კასპიის ზღვის გავლით ბაღდადამდეც კი მიაღწია.
საბოლოოდ, შვედი ბელადები მდინარე დნეპრისა და ვოლგის სლავური მიწების
მმართველები გახდნენ. დამპყრობლებს ეწოდებოდათ „რუს“-ები; ზოგის აზრით, ამ
სახელწოდებიდან წარმოიშვა სიტყვა „რუსეთი“ — „რუს“-ების მიწა.

ისლანდია, გრენლანდია და ნიუფაუნდლენდი

ნორვეგიელმა ვიკინგებმა ბევრი
შორეული კუნძული ამოიღეს მიზანში. მაგალითად, VIII საუკუნეში მათ დაიპყრეს
ორკნისა და შეტლანდის კუნძულები, ხოლო IX საუკუნეში ფარერისა და ჰებრიდის
კუნძულები და აღმოსავლეთ ირლანდია. ვიკინგებმა ისლანდიაც კი კოლონიად
აქციეს. მათ იქ ალთინგის პარლამენტი დააფუძნეს. დღემდე ისლანდიის
ადმინისტრაციული საბჭო, ალთინგი, დასავლეთის უძველესი საპარლამენტო
ორგანოა.

ახ. წ. 985 წელს ვიკინგმა ეირიკ
რაუდმა კოლონია დააფუძნა გრენლანდიაში. ამავე წელს, მოგვიანებით,
სკანდინავიელი ბიარნი ჰერიოლფსონი ისლანდიიდან გაემგზავრა, რათა თავის
მშობლებთან ერთად ყოფილიყო გრენლანდიაში. მაგრამ ქარმა მის გემს
მიმართულება შეუცვალა და ის ასცდა გრენლანდიას. „ბიარნი, ალბათ, პირველი
სკანდინავიელი იყო, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკა იხილა“, — ნათქვამია ერთ
პუბლიკაციაში (Cultural Atlas of the Viking World).

ბიარნის მიერ მოწოდებული ცნობის
საფუძველზე, სავარაუდოა, რომ ახ. წ. 1000 წლის შემდგომ პერიოდში ლეიფ
ერიკსონმა, ეირიკ რაუდის ვაჟმა, გრენლანდიიდან დასავლეთის მიმართულებით
ბაფინის მიწამდე გაცურა და შემდეგ ლაბრადორის სანაპიროს დაუყვა. მან
ვინლანდის კონცხისკენ აიღო გეზი, რომელსაც ეს სახელი იმ მხარეში არსებული
„ღვინის კენკრის“ გამო დაარქვა*. ლეიფმა გრენლანდიაში დაბრუნებამდე იქ გამოიზამთრა.
მომდევნო წელს მისმა ძმამ, ტორვალდმა, ექსპედიცია მოაწყო ვინლანდში, მაგრამ
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეტაკებისას მოკლეს. მიუხედავად ამისა,
რამდენიმე წლის შემდეგ 60-დან 160-მდე ვიკინგი დასახლდა ვინლანდში, მაგრამ
ადგილობრივი მცხოვრებლების მტრული დამოკიდებულების გამო ისინი მხოლოდ
დაახლოებით სამი წელი დარჩნენ იქ და უკან აღარასოდეს დაბრუნებულან. თითქმის
500-მა წელმა განვლო, სანამ ინგლისის სამსახურში მყოფი იტალიელი
ზღვაოსანი, ჯონ კაბოტი ჩრდილოეთ ამერიკას ინგლისის კოლონიად აქცევდა.

ვიკინგების ეპოქის დასასრული

ვიკინგებს თავიანთი ეპოქის
დასასრულისთვის რამდენიმე ახალი სახელმწიფო ჰქონდათ შექმნილი, სადაც
სკანდინავიელთა დინასტიები მმართველობდნენ. მაგრამ იქ ისინი დიდი ხნით არ
დარჩენილან უცხოელებად. ბევრი ვიკინგი, საბოლოოდ, შეეთვისა თავიანთ მიერ
აღმოჩენილ ახალ კულტურებს და თვით რელიგიასაც. მაგალითად, ვიკინგების
ბელადმა, როლონმა, რომელმაც ნორმანიად („ნორმანების მიწა“) წოდებული
საფრანგეთის სანაპიროს ტერიტორიის ნაწილი დაიპყრო, კათოლიციზმი მიიღო.
ერთ-ერთი მისი შთამომავალი, უილიამი, ნორმანდიის ჰერცოგი იყო. 1066 წელს
ჰასტინგზის ბრძოლის შემდეგ, რომელიც ნორმანების შთამომავლებსა და ინგლისელ
ვიკინგებს შორის მოხდა, გამარჯვებული ჰერცოგი ვილჰელმი ინგლისის მეფედ
აკურთხეს.

ვილჰელმმა დაუყოვნებლივ შეაჩერა
სკანდინავიელთა გავლენა ინგლისში და ახალ ფეოდალურ ეპოქას ჩაუყარა
საფუძველი, რომელიც დაფუძნებული იყო საფრანგეთის შუასაუკუნოვანი
მმართველობის, მიწათმფლობელობისა და მეურნეობის თავისებურ სისტემაზე.
მაშასადამე, «თუ ერთი კონკრეტული თარიღით უნდა აღვნიშნოთ ვიკინგების ეპოქის
დასასრული, — ნათქვამია ელზი როსდალის წიგნში „ვიკინგები“, — მაშინ ეს
1066 წელი იქნება». ამავე დროს, მე-11 საუკუნეში სკანდინავიაში ვიკინგების
სამეფოებმა საფუძველი ჩაუყარა ცალკეულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

ვიკინგების სამსაუკუნოვანი ისტორია
უამრავი საინტერესო მოვლენით იყო სავსე. მაგრამ ვიკინგები მხოლოდ ბარბაროსი
თავდამსხმელები არ ყოფილან, რომლებიც მხოლოდ ხმლებითა და ნაჯახებით იყვნენ
შეიარაღებული. ისინი აგრეთვე შორეული მიწების კოლონიებად ქცევისას
შემგუებლობას ავლენდნენ და მათ ადგილობრივ კულტურასაც კი ითავისებდნენ.
როგორც ფერმერები, ისინი სამუდამოდ სახლდებოდნენ ამ ადგილებში და როგორც
მმართველები, უცხო ქვეყნების სამეფო ტახტებსაც კი იკავებდნენ. დიახ,
ვიკინგები მხოლოდ გამოცდილი მეზღვაურები და მებრძოლები კი არ აღმოჩნდნენ,
არამედ — ფერმერებიც და პოლიტიკოსებიც.

[სქოლიოები]

სკანდინავიის
ფარგლებს გარეთ ვიკინგებს წარმართებს, დანიელებს, ნორმანებს ან
ნორვეგიელებს უწოდებდნენ. ვინაიდან თანამედროვე ისტორიკოსების უმეტესობა
სახელწოდება „ვიკინგს“ ვიკინგების ეპოქის ყველა სკანდინავიელთან
დაკავშირებით იყენებს, ჩვენც ამ სახელწოდებას გამოვიყენებთ ამ სტატიაში.
ზუსტად არ არის ცნობილი, საიდან წარმოიშვა ეს სახელწოდება.


კუნძულ
ნიუფაუნდლენდის ჩრდილოეთ კიდეზე მდებარე ლანს-ო-მედოუსის დასახლებაში
60-იანი წლების დასაწყისში მოპოვებული არქეოლოგიური ნივთმტკიცების
საფუძველზე ბალახმოდებული მიწით დაფარული სკანდინავიური შენობები იქნა
აღდგენილი. მოპოვებული ნივთმტკიცება იმაზე მიანიშნებს, რომ ათასი წლით ადრე
აქ ვიკინგები იმყოფებოდნენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს დასახლება შეიძლება
ლეგენდარული ქვეყნის, ვინლანდის, ნაწილი ყოფილიყო (იხილეთ 1999 წლის
8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“. [რუს.]).


[ჩარჩო 29 გვერდზე]

ვიკინგების რელიგია

ვიკინგები თაყვანს სცემდნენ უამრავ
მითურ ღვთაებას, მათ შორის: ოდინს, თორს, ფრაირს, ფრაიასა და ჰელს. ოდინი,
რომელიც სიბრძნისა და ომის ღვთაება იყო, პანთეონის მთავარ ღვთაებას
წარმოადგენდა. მას ჰყავდა მეუღლე, ფრიგი. თორი გოლიათების შემმუსვრელი და
ქარებისა და წვიმის მბრძანებელი იყო, ფრაირი კი — მშვიდობისა და
ნაყოფიერების ავხორცი ღვთაება. მისი და ფრაია სიყვარულისა და ნაყოფიერების
ქალღმერთი გახლდათ, ხოლო ჰელი — ქვესკნელის ქალღმერთი.

სკანდინავიური მითოლოგია
ინგლისურსა და ზოგ სხვა ენაში კვირის ზოგიერთი დღის სახელწოდებას უდევს
საფუძვლად. მაგალითად, ზოგი დღის სახელი ტირის, ვოდანის, თორისა და ფრიგის
სახელწოდებებიდან მომდინარეობს.

სავარაუდოა, რომ ვიკინგების
ღმერთები, თავიანთი თაყვანისმცემლების მსგავსად, სიმდიდრეს ძარცვა-გლეჯით,
თაღლითობითა და უტიფრობით იხვეჭდნენ. ოდინი მათ, ვინც ბრძოლაში გმირულად
დაიღუპებოდა, დაჰპირდა, რომ ასგარდის (ღმერთთა სავანე) ზეციურ სამყოფელში,
ვალჰალას დიდებულ დარბაზში, მოხვდებოდნენ. იქ ისინი ინადიმებდნენ და
ბრძოლით თავიანთ გულის წადილს აისრულებდნენ. ვიკინგ დიდკაცებს ხშირად
გემთან ან გემის ფორმის ქვებთან ერთად მარხავდნენ. ამავე დროს, მათ
საჭმელს, იარაღს, ორნამენტებსა და დახოცილ საქონელს აყოლებდნენ საფლავში
და, შესაძლოა, მათთან ერთად მსხვერპლად შეწირულ მონებსაც კი მარხავდნენ.
დედოფლის მოახლეც მასთან ერთად უნდა დამარხულიყო.

რქებიან მუზარადს, რომელსაც
ვიკინგები ატარებდნენ, ხშირად ვიკინგების ეპოქამდე 1 000 წელზე მეტი ხნის
წინანდელ პერიოდს უკავშირებენ და, როგორც ჩანს, ის მხოლოდ ცერემონიალური
აღჭურვილობა იყო. საერთოდ, ვიკინგი მეომრები, სურვილისამებრ, ლითონისგან ან
ტყავისგან დამზადებულ უბრალო, კონუსის მოყვანილობის მუზარადებს
ატარებდნენ.

0
436
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0