შოუბიზნესი "კოტე თოლორდავა კაიფში არ გაპარულა"-განო მელითაურმა საგანგებო კონფერენცია გამართა, რომელზეც მეუღლის გარდაცვალების დეტალებზე ისაუბრა 2015, 22 ივლისი, 20:04 2015 წლის 11 აპრილს კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. მსახიობი მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოტემ დაძაბულ სამუშაო გრაფიკს ვეღარ გაუძლო. მეგობრების მტკიცებით, მსახიობს დაძაბული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, რამდენიმეგან მუშაობდა, რათა ბინის კრედიტი გადაეხადა. თუმცა, არსებობდა მეორე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც მსახიობი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა. მსახიობს მართლაც ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან, თუმცა ამ მძიმე სენს სძლია. კოტე თოლორდავა საკუთარ წარსულზე საუბარს არასდროს ერიდებოდა. "მე ვარ კოტე თოლორდავა და მე ვარ ნარკომანი. არ არსებობს ყოფილი ნარკომანი, ადამიანი, რომელიც იყო ნარკომანი ყოველთვის დიდი საშიშროების წინაშე დგას, მიუხედავად იმისა დაამარცხა თუ არა მან ეს სენი. ის ყოველთვის დგას საშიშროების წინაშე, რომ ფეხი დაუცდეს, გაიმეოროს ეს ყველაფერი და ასე შემდეგ... ჩვენ არ ვართ არც უგულოები, არც არაადამიანები, საშინელი ხალხი ვართ, რა თქმა უნდა და საშინელი შეცდომა დავუშვით. ამით ჩვენს თავებს და ჩვენს ოჯახებს მივაყენეთ ზიანი. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, როდესაც მან მე გამიცნო, მე წამალზე მიბმული ადამიანი ვიყავი და მისი დიდი სიყვარულით, გვერდში დგომით ვებრძვი ამ სენს"-განაცხადა კოტემ ღონისძიებაზე "მწერლები შეწყვეტილი ბიო-გრაფიის წინააღმდეგ". კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან სამ თვეზე ცოტა მეტი გავიდა. გარდაცვლილი მსახიობის მეუღლემ, განო მელითაურმა საგანგებო პრენსკონფერენცია მოაწყო, როლელზეც ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა. "ჩემი ოჯახისთვის და, პირველ რიგში, ჩემი შვილებისთვის, უმნიშვნელოვანესია ის, რომ თითოეულმა თქვენგანმა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მედიატორები ჩვენსა და საზოგადოებას შორის, სიმართლე და რეალობა იცოდეთ, რაც აუცილებლად უნდა გაიგოს თოთოეულმა ადამიანმა. კოტე თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" და ის ინფარქტით გარდაიცვალა"-განაცხადა განომ. სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის დროს გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული შინაგანი ორგანოების, სისხლის და შარდის ნიმუშებში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა. კოტე თოლორდავას სამი შვილი დარჩა. 14 წლის ბუკა, პირველი ქორწინებიდან მსახიობ მარიამ ჯოლოგუასგან ჰყავს, განოსთან 6 წლის ტასო და 3 წლის თარაში. განო მესამე შვილს ელოდება. როდესაც კოტემ ეს ყველაფერი გაიგო სიხარული ხალხს ტელეეკრანიდან გაუზიარა. "არ შემიძლია დავმალო ჩემი განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობის მიზეზი. ჩემი მეუღლე არის ორსულად და მე ძალიან ბედნიერი ვარ." 207 2-ს მოსწონს 1-ს არა
|