”ეს ის ქვეყანაა, სადაც შენმა ჩამოსვლამ გადაფარა მტრის შემოსვლა საოკუპაციო ზოლში!.. არ ჩამოხვიდე!”
ნოე სულაბერიძე არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლიონელ მესის "ფეისბუქზე" ღია წერილით მიმართავს.
"ღია წერილი ლეო მესის:
პროლოგი: ზუსტად ვიცი ეს წერილი შენამდე როგორც მოვა, თან პარალელურ რეჟიმში ჩასაფრებული ცინიკოსები როგორ აიგდებენ ჩემს მცდელობას შენამდე ხმის მღაღადებლისა უდაბნოსა შინა მოწვდენის... მაგრამ მაინც... )
ისე იცი ალბათ შენ საქართველო, როგოც მე ვიცი არგენტინის იმ პროვინციის ტრადიციები და კულტურა, სადაც შენ დაიბადე, თუმცა ჩემს ჯერ არ გაჩენილ ჭაღარას თუ ენდობი, მაინც ჯობია წინასწარ გაერკვე, სადაც ჩამოსვლას გეგმავ. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც შენს სანახავად გამოწვეული თბილისელი, ბათუმელი, თუ გარდაბნელი მაყურებლის აჟიოტაჟით el-clasico-საც კი მოუხსნა Jack Pot-ი. (გაიხსენე აბა ერთხელ მაინც თუ გახსოვს ბილეთის მოლოდინში გაშლილი მოშიმშილეთა კარვები) ეს ის ქვეყანაა, სადაც შენ აეროპორტიდან აეროპორტამდე ზევსად იგრძნობ თავს. (ამ შემთხვევაში ძალიან გაგიმართლა აქ რომ არ დაიბადე, ტალანტები აქ არ უყვართ, ჩანასახშივე სპობენ და შენი კარიერაც სადღაც ხაშურში დასრულდებოდა). ეს ის ქვეყანაა, სადაც დედაქალაქის საკრებულოს წევრების მოღვაწეობის პიკი შენი რამდენიმე ათეული მეტრიდან დანახვაა. ეს ის ქვეყანაა, სადაც როგორც ჩე გევარას,
ფიდელ კასტროს თავიანთი მიმდევრები აღმერთებენ, ისეა ბარსელონაც, თუმცა საკმარისია ნაკრების ფორმით ბრაზილიას შეხვდე, აღარავის ახსოვხარ (აქ ერთ ჩინოვნიკს თავის სურათიანად სიამოვნებით დავთაგავდი, მომენტალურად ისტრიკაში რომ არ ვარდებოდეს). და რაც მთავარია: ეს ის ქვეყანაა, სადაც შენმა ჩამოსვლამ გადაფარა მტრის შემოსვლა საოკუპაციო ზოლში. (ცხენოსნები, ქვეითები, მეზარბაზნეები და არტილერია-ყველამ ბილეთების რიგში დგომა არჩია).
განცდილ სიამოვნებას, ხშირად გულისტკენაც მოსდევს, რაც აქ დაუწერელი კანონია. ამიტომ: ზედმეტი თავისტკივილის ასარიდებლად ისღა დამრჩენია გირჩიო: არ ჩამოხვიდე! არ ჩამოხვიდე! არ ჩამოხვიდე!", - წერს სულაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის მატჩი 11 აგვისტოს, თბილისში, ”დინამო არენაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს ესპანური გუნდები, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ”ბარსელონა” და ევროპა ლიგის გამარჯვებული ”სევილია” დაუპირისპირდებიან.